კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესის ფაკულტეტზე შემუშავდა განახლებული კონცეფცია, რომელიც ეყრდნობა შემდეგ ძირითად საკითხებს: სწავლება / საგანმანათლებლო საქმიანობა, სტუდენტთა კარიერული განვითარება, კვლევითი საქმიანობა, სწავლების დამხმარე ღონისძიებები, სასწავლო პროგრამების/სწავლების ინტერნაციონალიზაცია.
პრეზენტაციაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ახალმა დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა ფაკულტეტის სამომავლო გეგმებსა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. 2022 წლიდან ბიზნესის ფაკულტეტი ეტაპრობრივად შეიმუშავებს და განახორციელებს კონკრეტულ პროექტებს ჰარვარდის ბიზნესის სკოლასთან, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებთან, ვორტონის ბიზნეს სკოლასთან და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლასთან სხვადასხვა დონეზე პარტნიორობით. ასევე, ფაკულტეტი წარმოადგენს პარტნიორობის კონკრეტულ პროგრამებსა და მიმართულებებს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: The Financial Times, Business Insider და Bloomberg.
ფაკულტეტი ასევე დაანონსებს სპეციალურ პროგრამებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საგანმანათლებლო თანამშრომლობით მაგისტრანტებისთვის, რომელიც იქნება სრულად ინოვაციური ქართულ ბაზარზე. ასევე, ბიზნესის ფაკულტეტი განახლებული კონცეფციის ფარგლებში წარმოადგენს სტუდენტური დასაქმების სრულიად ახალ სამდონიან მოდელს, რომელიც დაეყრდნობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი HR კომპანიის წარმატებულ და აპრობირებულ პრაქტიკას.
ამავდროულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე ცნობილ პარტნიორებთან თანამშრომლობით ამოქმედდება ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი, რომელიც აერთიანებს ხუთ ლაბორატორიას: ფინანსური განათლების ლაბი, ბიზნეს მედია ლაბი, დუალური განათლების ლაბი, მეწარმეობის და ინოვაციების ლაბი, მარკეტინგის ლაბი. თითოეული ლაბორატორია განახორციელებს პროექტებს მჭიდრო თანამშრომლობით ცნობილ და აღიარებულ ადგილობრივ და საერთაშრისო პარტნიორებთან.
ცნობისთვის, გიორგი აბაშიშვილი 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით. 2013 წელს მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში გაიარა ბიზნესის კვლევის მეთოდების სპეციალური კურსი, პარალელურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვების საბჭოს წევრი. 2014 წელს დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში, ხოლო 2015-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2018 წელს აირჩიეს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 2019-2020 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ხოლო 2020-2021 წლებში GIPA-ს კანცლერი და პროფესორი. პარალელურად, 2020-2021 წლებში იყო USAID-ის მიერ შექმნილი მთავრობის ეკონომიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი. 2019 წლის იანვრიდან დღემდე არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში.
- CIU-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი შედგა ესტონეთში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს პროფესორებმა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში შეხვედრა გამართეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი