GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პრემიის „თამარი“ გამარჯვებულები გამოავლინა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წელს პირველად ჩატარდა სამეცნიერო პრემია – „თამარი“.  ყოველწლიური სამეცნიერო პრემიის მიზანი კსუ-ში მოღვაწე მეცნიერების, მათი კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების სტიმულირებაა.

„პროექტის იდეა დაიბადა შვიდი თვის წინ. ზოგადად, ასეთ პროექტზე მუშაობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ჩვენ საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში მოგვიხდა იდეის სისრულეში მოყვანა. ჩვენი სურვილი იყო წაგვეხალისებინა  ადამიანები, რომლებიც ძალიან უჩუმრად აკეთებენ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა კვლევები და  მეცნიერება. მოგეხსენებათ,  საუნივერსიტეტო სივრცეში სამეცნიერო საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE -სთან საუბარში სესილი გოგიბერიძე -კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კონკურსში სულ 29 მეცნიერი მონაწილეობდა. მათგან კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც ფულადი პრემიები გადაეცათ. როგორც სესილი გოგიბერიძემ აღნიშნა, გამარჯვებულების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა ისეთ კვლევებს, რომელთა შესახებაც საერთაშორისო აუდიტორიამ იცის.

III პრემია წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისთვის მარიამ ჯიქიას გადაეცა. იგი 25 წლის იყო, როდესაც სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე მეექვსე წელია, რაც სამართლის მიმართულებით მოღვაწეობს.

„დღეს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის მსგავსი პროექტებით ხელშეწყობა მნიშვნელოვანი იმით არის, რომ მეცნიერებას ქვეყანაში არ ეთმობა იმდენი დრო და რესურსი, რაც უცხოეთში.

იმისთვის, რომ ახალგზარდები ამ სფეროში წავიდნენ და თავიანთი საქმიანობა მეცნიერებას დაუკავშირონ,  წახალისება სჭირდება. ჩემი შემთხვევა გამონაკლისი იყო, გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომელიც ჩართული იყო სამეცნიერო საქმიანობაში, ამიტომ მქონდა შეხება და მეც ამ გზას გავყევი.

მაგრამ თუ წახალისებები არ იქნა და არ მოხდა პროექტებისა და კვლევების  დაფინანსება, ძალიან რთული იქნება ამ სფეროში ახალგაზრდების მიზიდვა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეცნიერია, მათ შორის ჩვენი დოქტორანტები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში, თან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი შანსია მათ გააგრძელონ ეს საქმიანობა მას შემდეგ, რაც სადისერტაციოს დაიცავენ.“

II პრემია სოფო კასრაძეს გადაეცა, პროფესიით ექიმს, ნევროლოგს.

„ეს არის ჩემთვის პირველი პრემია. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი სტუდენტებისთვის. ეს მათთვის არის სამაგალითო, რომ შრომა შეიძლება დაფასდეს. შეიძლება ათჯერ არ დაფასდეს, მაგრამ როდესღაც მაინც დაფასდება. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამ უნივერსიტეტში რომ ვასწავლი.

ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე არ არის ორიენტირებული. დღეს მეცნიერებას ძალიან დიდი პრობლემები აქვს, მოუქნელია  დაფინანსების სისტემა.

ჩვენ გვწყინს ხოლმე, ხარისხზე საუბარი, გვწყინს გრანტის ვერ მიღება, მაგრამ როდესაც საერთაშორისო დონეზე გადის ჩვენი ნაშრომი, მერე ვხვდებით, ძალიან ბევრი ლაფსუსია დაშვებული. ჩვენ არა გვაქვს ისეთი ხარისხი, როგორსაც ითხოვენ საერთაშორისო ექსპერტები. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრის სწავლა გვიწევს ხოლმე. შრომის უნარი კი გვაქვს, მაგრამ გამოცდილება გვაკლია. ამიტომ, სასურველია, თუკი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ბევრად უფრო კვალიფიციური გახდეს ნაშრომი. მარტო ჩვენს ნაჭუჭში ჩაკეტვა არაფრით  არ შეიძლება, ყველაფერი უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული“.

I პრემიით კი მანანა მარიდაშვილი დაჯილდოვდა, მისი კვლევის თემა ჯანდაცვის მენეჯმენტი იყო. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ბედნიერია, რომ ჯილდოს საყვარელი საქმის კეთებაში იღებს.

„მეცნიერება დღევანდელ დღეს მხარდაჭერას საჭიროებს, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა მეცნიერებს ეხება, მაინცდამაინც პოპულარული არ არის მეცნიერებაში წასვლა. ნიჭიერი ახალგაზრდები ირჩევენ სხვა მიმართულებას. ეს პროექტი დიდი მოტივაცია იქნება ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვისთვის“,- ამბობს მანანა მარიდაშვილი EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას.

ცერემონიალის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის კანცლერმა-ვახტანგ წივწივაძემ მეცნიერთა ის სამეულიც დააჯილდოვა, რომლებიც I, II, III ადგილზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ჟიურის რჩეულ ექვს მონაწილეს შორის აღმოჩნდნენ. ესენი არიან – მაია მერლანი, ირმა მდინარაძე და კარენ მულკიჯანიანი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე თევზაძე, შოთა რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე; საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა.

„დღეს წილად მხვდა გამოვხატო  სამეცნიერო-კვლევითი პრემიის „თამარი“ მხარდაჭერა, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პირადად ჩემი სახელით. უმაღლესი განათლება და მეცნიერება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც, როდესაც უნივერსიტეტი აფუძნებს ასეთ პრემიას, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ორიენტირებულია განვითარებაზე. ეს მისასალმებელი და სამაგალითოა“, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე თევზაძემ.

უნივერსიტეტის რექტორ კახა კორძაიას თქმით, ოცი წლის განმავლობაში ქართველი მეცნიერები ძირითადად ენთუზიაზმზე მუშაობდნენ.

„ახლა, ნელ-ნელა იჭრება ფინანსური ფანჯრები, სადაც მეცნიერებმა შეიძლება მოტივაცია და სტიმული აიმაღლონ. პრემიას ჰქვია „თამარი“, ეს სახელი ასოცირდება საქართველოს ოქროს ხანასთან. თამარმა კარგად შეისწავლა ბიზანტიური განათლების სისტემა და რაღაც-რაღაც დეტალები გადმოიღო ქართულ სასწავლებლებში. სწორედ ამიტომ დავარქვით პრემიას თამარი“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური