GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ალკალას უნივერსიტეტის „ინსტიტუციური აღიარების ჯილდო“ გადაეცა

2024 წლის 21 მარტს ალკალას უნივერსიტეტში ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ალკალას უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში სამეწარმეო ღირებულებების პოპულარიზაციისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ინსტიტუციური აღიარების ჯილდო“ გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიას საპატიო მიწვევით ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნატო ჩიქოვანი, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო და მიესალმა დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ალკალას უნივერსიტეტთან უკვე 10 წელია თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ორ უნივერსიტეტს შორის, როგორც ორმხრივი ხელშეკრულების, ისე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი პროექტები და სამეცნიერო თანამშრომლობა.

2024 წლის თებერვალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა ჩართული იყო როგორც თანამონაწილე ორგანიზაცია, ხოლო აღნიშნული სკოლის დირექტორი, პროფ. ფერნანდო კრესენტე და ალკალას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. მარია სარაბია პლენარული მოხსენებით გამოვიდნენ კონფერენციის საზეიმო გახსნაზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავაც აგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ესპანეთის უნივერსიტეტებთან სხვადასხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური