GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა

25 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა.

ღონისძიება აფხაზეთში ომის დასრულების 30 წელსა და ჟიული შარტავას დაბადების 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. დამსწრე საზოგადოებამ ერთად გაიხსენა საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრება და სახელმწიფო მოღვაწეობა. ღონისძიებას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.

რაც შეეხება დარბაზის ფუნქციას, როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძარიამ EDU.ARIS.GE-სთან განაცხადა, ახალი დარბაზი შესაძლებლობას მისცემს უნივერსიტეტის ათასობით სტუდენტს, რომ ეროვნული გმირის ცხოვრებას გაეცნოს.

„ჟიული შარტავას განვლილი ცხოვრება ნამდვილად არის ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ ეროვნული გმირები. შეუძლებელი იყო ჩვენ არ დაგვეფასებინა ეს მოღვაწეობა. ახალ დარბაზში, რომელიც დღეიდან ატარებს ჟიული შარტავას სახელს ჩვენს 5 000-ზე მეტ სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა გაიგოს უფრო მეტი ეროვნული გმირისა და გმირების შთამაგონებელი ცხოვრების შესახებ“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

მისი თქმით, დარბაზს სტუდენტები ისეთი დიალოგების, დისკუსიისა და სხვადასხვა ფორმატის ღონისძიების გამართვისთვის გამოიყენებენ, რომელიც უშუალოდ აფხაზეთის თემატიკას შეეხება:

„ჩვენ გასულ წლებშიც უამრავი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული აფხაზეთის თემატიკაზე. ვატარებთ აფხაზეთის კვირეულს. დარბაზში, რომელიც დღეს გაიხსნა სტუდენტებიც გამართავენ დისკუსიებს, დებატებს, ისაუბრებენ თანატოლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ამ დარბაზში უშუალოდ აფხაზეთის თემატიკაზე დაგეგმილი გარკვეული ტიპის ღონისძიებები ჩატარდება და ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის აფხაზეთის თემით სტუდენტთა დაინტერესებას“.

EDU.ARIS.GE-სთან მსგავსი ტიპის აკადემიური აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიმა და ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსგავსი სივრცის პოლიტიკურ დატვირთვაზე.

“მსგავსი ტიპის სივრცის არსებობას უნივერსიტეტში აქვს უმნიშვნელოვანესი მისია. როდესაც სახელმწიფოს არჩეული აქვს მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკა აფხაზეთთან შერიგებისა და ურთიერთობების აღდგენის გზაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იდეალები, რომელსაც შეეწირნენ ადამიანები, პირადად ჩემი თაობის წარმომადგენლები, დაცული იყოს ბოლომდე. მხოლოდ მშვიდობიანი, აკადემიური გზით”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური