GE

„ეს იყო რეპუტაციული ზიანი“ – რა გააკეთა საქართველომ EQAR-ში რეგისტრაციისა და ENQA-ს წევრის სტატუსის აღსადგენად

„ჩვენი უნივერსიტეტები შეძლებენ, უფრო მეტი წარმატებით შეიმუშაონ ერთობლივი გაცვლითი პროგრამები და უფრო მეტი წარმატებით დაამყარონ საერთაშორისო ურთიერთობები როგორც უცხოურ უნივერსიტეტებთან, ისე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან“, – ასე ეხმაურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი საქართველოსთვის EQAR-ში რეგისტრაციისა და ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის აღდგენას.

დღეს, 9 ნოემბერს, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრისას, ლაშა მარგიშვილი არ მალავს, რომ რეგისტრაციისა და წევრის სტატუსის შეჩერების შესახებ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრისა (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მიერ, ორი წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა ქართული უნივერსიტეტების საქმიანობა, არამედ საქართველოს განათლების სისტემის რეპუტაცია დააზიანა:

„ჩვენი უნივერსიტეტები, რა თქმა უნდა, აგრძელებდნენ საერთაშორისო თანამშრომლობას, მათ შორის სტუდენტებიც აგრძელებდნენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას… ჩემი მოსაზრებით, ეს იყო უბრალოდ რეპუტაციული ზიანი, რომელიც ჩვენს ცენტრს მიადგა პირველ რიგში და შემდეგ უკვე განათლების სისტემას“.

ENQA: სააგენტო არ შეესაბამება (და არა ნაწილობრივ შეესაბამება) სტანდარტს – რა წერილი მიიღო ქართულმა მხარემ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციისგან

საქართველოს მიერ  გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გაზიარებამდე, ლაშა მარგიშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რის გამოც, ENQA-მ და EQAR-მა აღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღეს. მისი თქმით, 13 კრიტერიუმიდან, რომლითაც ევროპული ასოციაცია განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს აფასებს, 8-ში სრული შესაბამისობა დადგინდა, დანარჩენ 5-ში კი ქვეყანას შესასრულებლად რეკომენდაციები მიეცა, საიდანაც როგორც EQE-ს ხელმძღვანელი ამბობს, ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო:

„პირველი – ოპერაციული, ორგანიზაციული და ფინანსური თვალსაზრისით ცენტრის დამოუკიდებლობას ეხებოდა… მეორე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების საქმიანობას – რამდენად იყო მათი საქმიანობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული, იყო თუ არა გამჭვირვალე, იყო თუ არა დასაბუთებული თითოეული გადაწყვეტილება. დანარჩენი სტანდარტები ეხებოდა პროცესების მართვას, უფრო კონკრეტულად, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს, რომლებიც უნივერსიტეტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს უკავშირდება. რამდენად არის ეს პროცესი თანმიმდევრული, ობიექტური, სამართლიანი. შემდეგი სტანდარტი ეხებოდა ექსპერტების საქმიანობას. რამდენად ხდება მათი შერჩევა სწორი კრიტერიუმების საფუძველზე, რამდენად კვალიფიციურები არიან ეს ადამიანები“, – აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, იმისთვის, რომ EQAR-ში რეგისტრაციისა და ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის აღდგენა მომხდარიყო, „სტანდარტების სრულად დაკმაყოფილების მიღწევის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“.

„კანონმდებლობაში – „ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და ასევე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებშიც არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. ამ ცვლილებებმა უზრუნველყო, რომ დაკარგული სტატუსი აღგვედგინა.

ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება ყველა დაინტერესებული მხარისგან. აქ არიან სკოლების, უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტი, დამსაქმებელი. მნიშვნელოვნად გაიზარდა საკოორდინაციო საბჭოს როლი. მაგალითად, საკოორდინაციო საბჭო გახდა დირექტორის ამრჩევი ორგანო. ასევე, პირდაპირ კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ დირექტორის არჩევა უნდა მოხდეს ხუთი წლის ვადით. მნიშვნელოვნად გაიზარდა საბჭოების საქმიანობის დამოუკიდებლობის ხარისხი, ვინაიდან შეიქმნა ეთიკის კოდექსი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების და უფრო დეტალურად მოწესრიგდა, თუ რაზე დაფუძნებით უნდა იმუშაონ საბჭოებმა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი და ჩვენი ცენტრის საქმიანობის დიდი ნაწილის ხარჯების დაფარვა ჩვენი საკუთარი ბიუჯეტიდან ხდება“, – განაცხადა ლაშა მარგიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღუდგა. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ კი ასევე ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „განხილვაში მყოფი სააგენტოების“ სიიდან ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა.

ამავე თემაზე:

რაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა ENQA-ის და EQAR-ის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე

განათლების ხარისხის ცენტრის პასუხი ENQA და EQAR-ის წევრობის შესაძლო დაკარგვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური