კერძო სკოლების გასაჭირი – გართულებული სწავლება, შემცირებული ფინანსები და სააშკარაოზე გამოტანილი ხარვეზები
კორონავირუსის გამო გაურკვეველი დროით გამოცხადებულმა იძულებითმა იზოლაციამ, ქვეყნის გაჩერებამ და ყველა დაწესებულების დახურვამ საჯაროზე მეტად კერძო სკოლები დააზარალა. სკოლები, რომლებიც სრულიად ახალ, უცნობ რეალობაში აღმოჩნდნენ, იძულებულები გახდნენ მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად მოკლე დროში სწავლების ალტერნატიული და მათთვისაც უცნობი ხერხები შეეთავაზებინათ. შედეგად ყველას ერთად – მოსწავლესა თუ მასწავლებელს მოუწია გარკვევა ონლაინ სწავლების ანა-ბანაში.
საჯარო სკოლებზე სწრაფად გონზე მოსვლა კერძო სკოლებს მოუწიათ, რადგან მათგან მშობლები იმაზე ბევრად მეტს ითხოვენ, ვიდრე საჯარო სკოლებისგან. როდესაც ოჯახი ბავშვის განათლებაში ფულს იხდის, მას აქვს კიდეც მოლოდინი (და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მოლოდინი სამართლიანია), რომ მის შვილს იმაზე მეტს შესთავაზებენ, ვიდრე „უფასო სკოლები“ სთავაზობენ თავიანთ მოსწავლეებს.
ზოგის მოლოდინები გამართლდა, ზოგის – ვერა. ზოგი მაქსიმალური გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და აღიარებს, რომ სწავლების ხარისხმა იკლო, მაგრამ აქვე იმასაც დასძენს, რომ დროებით ეს მისაღებია. არიან ისეთებიც, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ სკოლას, რომელსაც ის საკმაოდ მსუყე თანხებს ურიცხავენ, უნდა გააჩნდეს გეგმა მსგავსი კრიზისული სიტუაციებისათვის და გამოსავალზე ფიქრს პოსტფაქტუმ არ იწყებდეს. ხოლო სასწავლო პროცესი მოვალეობის მოხდას არ უნდა ჰგავდეს.
ეს არაა ერთადერთი გამოწვევა, რომელიც კორონავირუსმა კერძო სკოლებს წინაშე დასახა. მათ სერიოზულ ფინანსურ სირთულეებთანაც უწევთ გამკლავება. მშობელთა ნაწილი თანხის გადახდას უმუშევრად დარჩენის გამო ვეღარ ახერხებს და ადმინისტრაციებს მოლოდინი აქვთ, რომ შემდეგ თვეებში ასეთი ოჯახების რაოდენობა ბევრად გაიზრდება. სკოლების ხელმძღვანელები ჩვენთან საუბარში პირდაპირ ამბობენ, რომ სექტემბრამდე მიღწევა ბევრ სკოლას გაუჭირდება. ხოლო თუ სწავლა სექტემბერშიც ვერ აღდგა, მათი უმეტესობა დაიხურება. პირდაპირ აცხადებენ, რომ ახლა ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლაში სახელმწიფოს დახმარებას საჭიროებენ.
სკოლის მთავარ სამ სირთულეზე საუბრობს „ნიჭიერთა სკოლა – აკადემიის“ დირექტორი ლევან ტიკაძე. პირველი პრობლემა, მისი თქმით, ინტერნეტ კავშირია, მეორე – ფინანსური სირთულეები, მესამე კი სწავლების ხარისხი, რომელიც არაა ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ სიტუაციაში. სკოლაში, რომელშიც დაახლოებით 300 ბავშვი სწავლობს ამბობენ, რომ მოსწავლეების დიდი უმეტესობა დისტანციური სწავლების პროცესში სრულფასოვნადაა ჩართული. დირექტორის თქმით, ინტერნეტის, ან ქსელში ჩართული მოწყობილობის არქონის გამო პრობლემა დაახლოებით 10-15 ბავშვს ექმნება.
რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ მეორე სირთულეს – განათლების ხარისხს, ლევან ტიკაძე ამბობს, რომ ბავშვები ვერ იღებენ იმ ხარისხის განათლებას, რასაც ჩვეულებრივ დროს, სკოლაში სიარულით იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაკვეთილები თითქმის იგივე პრინციპით ტარდება, აღნიშნავს, რომ სკოლაში ყოველდღიურად ჩატარებულ 6-7 გაკვეთილს ვერ შეცვლის. თუმცა, მისივე თქმით, მშობლებს სწავლების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.
სკოლის უმთავრეს გამოწვევად მაინც ფინანსური სირთულეები რჩება. როგორც დირექტორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მოსწავლეების ნაწილს გადასახადის გადახდა უჭირს.
„ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს. ახლა მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებულები, რომ ელემენტარული პირობები დაიკმაყოფილონ. მათი ფინანსური მდგომარეობა გადასახადებზეც აისახება – თანხის შემოტანამ იკლო. გარდა იმისა, რომ ჩარიცხვები შემცირდა, მშობლები თხოვნითაც მოგვმართავენ. ახლაც, თქვენ რომ მირეკავდით და უცხო ნომერი დავინახე, ვიფიქრე, რომ ისევ მშობელი მირეკავდა იგივე პრობლემით. ანუ, მომართვიანობა ძალიან ხშირია. მშობლებთან ახლო კონტაქტი გვაქვს. ამ ეტაპზე, რაც სკოლას შეუძლია, აკეთებს. ვცდილობთ მათ მაქსიმალური შეღავათი გავუკეთოთ. აქ უკვე ინდივიდუალურ მიდგომებზე არაა საუბარი, ბუნებრივია, საუბარი ყველა მშობელზეა“, – აცხადებს ლევან ტიკაძე.
მისივე თქმით, ამჟამად იდეებს ამუშავებენ და ახლო მომავალში გადაწყდება თუ რა სახის შეღავათზე იქნება საუბარი. ჩვენს კითხვაზე, განიხილება თუ არა გადასახადის შემცირება, იგი ჯერჯერობით ვერ გვპასუხობს. დირექტორი ჩვენთან საუბარში იმასაც ადასტურებს, რომ ზოგიერთმა მშობელმა, უსახსრობის გამო, შვილი საჯარო სკოლაშიც გადაიყვანა. თუმცა, დასძენს, რომ ასეთი შემთხვევები ერთეული იყო.
მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, რომელიც სკოლას შეექმნა, დირექტორი ამბობს, რომ მათ მოახერხეს და მარტის ხელფასი ყველა თანამშრომელზე გასცეს. რაც შეეხება მომავალს და იმას, თუ რამდენ ხანს გაუძლებენ კერძო სკოლები იმ ფინანსურ სირთულეებს, რომლებიც შეექმნათ და რომლებიც, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს, დირექტორი მიიჩნევს, რომ თუ უახლოეს თვეებში სიტუაცია არ შეიცვალა, ყველაფერი უფრო გართულდება. ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილებები სიტუაციის შესაბამისი იქნება. „ვერ გეტყვით, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ“ – ასე გვპასუხობს იგი იმ კითხვაზეც, დგას თუ არა რისკის ქვეშ სასწავლო წლის დახურვა.
„ფინანსური პრობლემა, რა თქმა უნდა, არის“, – ეს უკვე „ახალი ქართული სკოლის“ დირექტორის, მადონა ლანჩავას სიტყვებია, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ რამდენიმე მშობელმა მას უკვე აცნობა ოჯახის ფინანსური კრიზისის შესახებ. მათ შორის იყო ისეთი ოჯახიც, სადაც სამსახური ორივე მშობელმა ერთ დღეს დაკარგა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ასეთი ოჯახების შვილები საგაკვეთილო პროცესში ჩვეულებრივად არიან ჩართულები და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მშობლებს გადახდა აღარ შეუძლიათ, სასწავლო პროცესს არ ეთიშებიან.
გადასახადი, სკოლაში, ჯერჯერობით არ შემცირებულა, როგორც ქალბატონი მადონა განმარტავს, მათ ისედაც მინიმალური გადასახადი აქვთ დაწესებული და კიდევ უფრო დაკლება შეუძლებელია. მას უჭირს გააკეთოს პროგნოზი იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეძლებს სკოლა თავის გატანას.
რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ამ ვითარებაში და მის მხარდაჭერას, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ასეთ რთულ დროს სახელმწიფოს გაუჭირდება კერძო სკოლებს იგივე ვაუჩერული დაფინანსება გამოუყოს, რაც საჯარო სკოლებს აქვთ. ფიქრობს, რომ ამის მოთხოვნა არარეალისტურია.
„რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგ თვეებში მშობლებს გადახდა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. იმ დროისათვის, ვფიქრობ სამინისტროს და რესურს ცენტრს მივწერო წერილი და ვთხოვო, რომ თუ სახელმწიფო შეძლებს, სკოლას დამატებითი ვაუჩერი დარიურიცხოს და მასწავლებლის ხელფასებზე დაგვეხმაროს. ვიცი, რომ როგორც ყველას, ახლა სახელმწიფოსაც უჭირს, ამიტომ ჯერჯერობით ვცდილობ, პრობლემებს ჩვენივე ძალებით მოვერიოთ. თუ შევძელი და გადავავადე, მაშინ არავის შევაწუხებ. მაინც კერძო სექტორი ვართ და საკუთარ თავზე ზრუნვას მიჩვეულები ვართ. თანამშრომლები გვერდში გვიდგანან, მიუხედავად ამ სიტუაციისა, მთელი გუნდი ძალიან კოლექტიურად ვმუშაობთ და გაძლების იმედი მაქვს. აპრილის ხელფასები ჯერ არ გაგვიცია, მაგრამ ვაპირებთ. ვნახოთ, როგორიც იქნება რეალობა, ისე ვიმოქმედებთ. მოგეხსენებათ, არაპროგნოზირებად სიტუაციაში ვართ“, – აცხადებს მადონა ლანჩავა.
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებას, მისი თქმით, მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც წარმატებით ართმევენ თავს და მასზე გადასვლა სკოლისთვის არცთუ მტკივნეული იყო, რადგან სოციალურ ქსელებს, საკომუნიკაციოდ, მანამდეც აქტიურად იყენებდნენ, ქალბატონი მადონა ამბობს, რომ „ნამდვილ გაკვეთილს ვერაფერი შეედრება“.
„მშობლებისაგან უკმაყოფილება ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, ერთი კარგი რამ მოხდა – მშობლები ძირითადად არ არიან ჩართულნი შვილების სასწავლო პროცესში. უმეტესობა ყოველდღიურად იმასაც ვერ აქცევს ყურადღებას თუ რას სწავლობს მისი შვილი. ახლა კი მშობლებმა დაინახეს თუ რას აკეთებს სკოლა, მასწავლებლები, როგორი კომუნიკაცია აქვს მის შვილთან და ა.შ.“, – აღნიშნავს იგი.
იმას, რომ მშობლები ახლა უკეთ ხედავენ თუ რას სთავაზობენ მათ შვილებს სკოლები, რომელთაც საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს უხდიან, ჩვენი შემდეგი რესპონდენტიც ადასტურებს. თუმცა, სამწუხაროდ, მას დადებითი შთაბეჭდილება არ შექმნია. ალექსანდრე სამი შვილის მამაა და სამივე ბავშვი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე საკმაოდ პრესტიჟულ კერძო სკოლაში დადის. სპეციალობიდან და სამუშაო სფეროდან გამომდინარე, ჩვენმა რესპონდენტმა კარგად იცის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, პროგრამები, აპლიკაციები, რომლებიც ასეთ დროს სკოლებს შეუძლიათ ხარისხიანი განათლებისათვის გამოიყენონ. თუმცა ამბობს, რომ მისი შვილების სკოლაში, ამ ყველაფრის ასათვისებლად და გამოსაყენებლად თავს უბრალოდ არ იწუხებენ. როგორც ის გვიყვება, დისტანციურ სწავლებას დღეში მხოლოდ 2 საათი ეთმობა და ამაში იგივე თანხას იხდის, რასაც მანამდე.
„ეს განათლება არ არის. ეს უფრო დაცინვაა. არანაირი გეგმა არ არსებობს. სხვადასხვა აპლიკაციაში მუშაობენ და ეს აპლიკაციები ნაყიდიც კი არ აქვთ. შესაბამისად, შეზღუდვებითა და ხარვეზით მუშაობს. არ აქვთ არანაირი კონტროლი. ახლა ადმინისტრაციისათვის ხომ ძალიან ადვილია, რომ საგაკვეთილო პროცესი გააკონტროლონ. არა, არც აინტერესებთ. სამაგიეროდ აქტიურად მომდის შეტყობინებები გადასახადის გადახდის თაობაზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გადავიხადოთ, რადგან მასწავლებლებს ხელფასები უნდა დაურიგონ. მესმის, მაგრამ მასწავლებელი ერთია და ჩემი ბავშვი – მეორე.
„რასაც ვუყურებ, სასტიკად არ მომწონს. ჩემი შვილები ინგლისურზეც დადიან ერთ-ერთ ცენტრში, ისინიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ამ პროცესსაც ვადევნებ თვალს და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. თითქმის არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ ახლა ბავშვი უბრალოდ სახლშია. მიდგომები იგივეა. სკოლა კი სასტიკად არ მომწონს. ფულს, აბსოლუტურად, ტყუილად ვუხდი. გაკვეთილების დროს ყაყანის მეტი არაფერი მესმის. ნახევარი გაკვეთილი ჭიდაობაში გადის, რომ ვიღაცამ მიკროფონი გათიშოს, ვიღაცამ ჩართოს და ა.შ. ალბათ, იღებენ იმის 20%-ს რასაც უნდა იღებდნენ. დანარჩენი 80% კატასტროფაა. არადა ყველაფერის დალაგება შესაძლებელია. მესმის, რომ ახალი რეალობაა, მაგრამ კლასების გაყოფა მაინც ხომ შეუძლიათ რათა მთელმა კლასმა დრო არ დაკარგოს? არანაირი ახალი ხილი არაა ეს. მთელი მსოფლიო აკეთებს, უამრავი პროგრამა არსებობს, მეთოდიკა და ყველაფრი, მაგრამ მიდგომა სჭირდება. გაკვეთილების ჩატარება მხოლოდ zoom-ის გადმოწერა არ არის. თუ არ იციან, კომპანიებიც არსებობენ, რომელთაც დახმარება შეუძლიათ. ვერც იმას ვამჩვნევ, რომ დროთა განმავლობაში დაიხვეწნენ. საქმე ისაა, რომ უბრალოდ არ უნდათ დახვეწა. მათი მიზანი მხოლოდ შემოსავლის მიღებაა და არა ის, რომ ჩემმა შვილებმა ნორმალური განათლება მიიღონ. ანუ, დასაწყისშივე პრობლემაა. თუ ადამიანს არ უნდა რამის გაკეთება, რამდენნაირი რესურსიც არ უნდა მისცე, მაინც არაფერი გამოვა. ვისაც უნდა, ის უფრო შეზღუდულ დროსა და რესურსებშიც კი უკეთ გააკეთებს“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
იგი აპრილის გადასახადის გადახდას აღარ აპირებს და ბავშვების საჯარო სკოლაში გადაყვანას გეგმავს. ამბობს, რომ ურჩევნია გამოთავისუფლებული თანხები რეპეტიტორებთან დახარჯოს.
დისტანციური სწავლების ხარვეზებზე, სკოლის მოუმზადებლობასა და ამაოდ გადახდილ თანხებზე საუბრობს კიდევ ერთი საკმაოდ ცნობილი კერძო სკოლის მოსწავლის მშობელიც, რომელიც ამბობს, რომ ონლაინ სწავლება ჩვეულებრივ სასწავლო პროცესს უბრალოდ ვერც კი შეედრება. აცნობიერებს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია და სწორედ ამიტომ ფულის გადახდას აგრძელებს, თუმცა ამბობს, რომ მიღებული სარგებელი ამ თანხად არ ღირს (სკოლას და ქალბატონის ვინაობას, მისი თხოვნით არ ვასახელებთ).
„ჩვენი სკოლის შემთხვევაში, ონლაინ სწავლებას მთელი რიგი პრობლემები ახლავს, პროგრამა, რომელშიც ბავშვებს გაკვეთილი უტარდებათ, უმეტესწილად გადატვირთულია და ბავშვებს შესვლა უჭირთ. როცა საგაკვეთილო პროცესი იწყება ოთახიდან ძირითადად ერთი და იგივე ფრაზები მესმის: “მას, პროგრამა არ მიშვებს “, „მას, გაჭედა”, რაც ბოლოს მთავრდება შეძახილით “აუუუ გამომაგდო”. ეს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში ხელს უშლის პირველ რიგში მასწავლებელს და შემდეგ მოსწავლეს. გარდა ამისა, ისეთი მნიშვნელოვანი საგნები, როგორებიცაა ქართული, ბუნება, მე და საზოგადოება – საერთოდ არ უტარდებათ. როგორც გაირკვა, მასწავლებელს არ ჰყოფნის კომპეტენცია ტექნოლოგიებთან სამუშაოდ და არ იცის როგორ უნდა წარმართოს გაკვეთილი კომპიუტერის მეშვეობით. მშობლებმა უკმაყოფილებით მივმართეთ სკოლის ადმინისტრაციას, თუმცა პასუხიმგებლობას არავინ იღებს და მხოლოდ სანუგეშო სიტყვებით შემოიფარგლებიან, რომ შემდეგ წელს კლასს ისეთ ძლიერ მასწავლებელს ჩააბარებენ, ყველა გაცდენილი საათი აუნაზღაურდებათ.
„ამ ყველაფრის ფონზე, სკოლა თანხასთან დაკავშირებით მინიმალურ შეღავათს გვიკეთებს, რაც სამწუხაროა და ვფიქრობ – უსამართლოც. კერძო სკოლები, თავიანთ საქმიანობას, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ, შესაბამისად, გადამზადებული პედაგოგები უნდა ჰყავდეთ, რომლებიც მსგავს ვითარებაში საგაკვეთილო პროცესს მეტნაკლებად სრულფასოვნად წარმართავენ. არსებულ რეალობაში კი ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ნყველაფერი ნამდვილად არ ღირს იმ თანხად, რომელიც მე ყოველთვიურად უნდა გადავიხადო“, – აცხადებს ქალბატონი.
განსხვავებულ აზრს აფიქსირებს ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთი მშობელი, რომლის შვილიც თბილისის „მწვანე სკოლის“ მეორე კლასელია. იგი, წინა რესპონდენტების მსგავსად, სახელისა და გვარის ხსენებისაგან თავს იკავებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეთოდები და მასალა, რომელთაც პედაგოგები იყენებენ, მისი შვილის კლასისთვის სრულიად საკმარისია მათ მოლოდინსაც კი გადააჭარბეს. თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ მაღალი კლასების ბავშვებისათვის ეს უკვე აღარაა მისაღები და მისი შვილი მაღალ კლასში რომ იყოს, სწავლების ხარისხით უკმაყოფილო იქნებოდა.
რაც შეეხება გადასახადს, მისი თქმით, ამ პერიოდისათვის ადმინისტრაციამ 25%-იანი შეღავათი დააწესა, რაც, მისი აზრით, მცირეა და შემცირება მეტადაც შეეძლოთ. ფიქრობს, რომ კერძო სკოლებს ვინმე უნდა აკონტროლებდეთ, რათა ასეთ კრიზისულ დროს გადასახადის დაკლება აიძულოთ.
„ამ ეტაპზე ჩემი მეუღლე და 3 ოჯახის წევრი უმუშევარია. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ჯერჯერობით ხარჯის გაწევას გადადებული თანხით ვცდილობთ. ვინაიდან სწავლის დასრულებამდე 3 თვეა დარჩენილი, გავიჭირვებთ. თუმცა ეს რომ წლის დასაწყისში მომხდარიყო, ვერც გადავიხდიდი და მიუღებელიც იქნებოდა. კერძო სკოლაში რომ ვატარებთ, არ ნიშნავს ბევრი ფული გვაქვს. კაპიკს კაპიკზე ვდებთ, რომ ბავშვს ნორმალურ გარემოში ვასწავლოთ. ხანგრძლივად გადახდას ვერანაირად ვერ შევძლებ. ფინანსების გამოც და იმის გამოც, რომ დისტანციური სწავლება ცოტა ხნითაა მისაღები“, – დასძენს იგი.
EDU.ARIS.GE იმაზე მეტ მშობელს ესაუბრა, ვიდრე სტატიაშია წარმოდგენილი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კერძო სკოლებმა, დიდებმა თუ მცირეებმა, ამ ყველაფრიდან სასარგებლო გაკვეთილი უნდა ისწავლონ – კრიზისული სიტუაციებისთვის გეგმა შეიმუშაონ და კადრები სათანადოდ გადაამზადონ.
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება