GE

კერძო სკოლის ახალი უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ კანონში აისახა – დოკუმენტი

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განხილვებისა და კენჭისყრების შემდეგ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება უკვე აისახა. საკითხზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კერძო სკოლიდან სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტა და როგორი უნდა იყოს საჯარო სკოლაში გადასვლის პროცედურა, მსჯელობა დეპუტატებსა და კერძო სკოლების წარმომადგენლებს შორისაც მიმდინარეობდა.

ცვლილების შემდეგ კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის 33​ (2) მუხლი:

კერძო სკოლის უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ

1. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო სემესტრი.

2. კერძო სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის შეუფერხებელი მობილობის უზრუნველსაყოფად.

3. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობისთანავე წერილობით გააფრთხილოს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტოს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები.

4. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

6. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში).

7. კერძო სკოლის მიერ ამ მუხლის მე-3−მე-6 პუნქტების შეუსრულებლობა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველია.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისას მის მიერ სწავლის სხვა კერძო სკოლაში გაუგრძელებლობის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე უზრუნველყოფს მოსწავლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების საჯარო სკოლაში მიღების ხელმისაწვდომობას.“

ცვლილებას კანონში ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ბრძანება უკვე ძალაშია.

„თუ მშობელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, იყენებს კერძო სკოლის მომსახურებას და არ იხდის გადასახადს, იქმნება ჩიხური სიტუაცია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური