GE

„თუ მშობელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, იყენებს კერძო სკოლის მომსახურებას და არ იხდის გადასახადს, იქმნება ჩიხური სიტუაცია“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც კერძო სკოლებს დავალიანების მქონე მოსწავლეებისთვის სტატუსის შეწყვეტის პროცესს გაუადვილებს.

კანონპროექტის ავტორები განათლების კომიტეტის წევრები, დეპუტატები, შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი არიან. კერძო სკოლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” უნდა განხორციელდეს. ცვლილებების მიზეზად ინიციატორები კანონში არსებულ ხარვეზს ასახელებენ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, როცა მშობელი არ იხდის კერძო სკოლის მომსახურების საფასურს, სკოლას კი არ აქვს ბერკეტი, იქმნება ჩიხური სიტუაცია, რომელიც აზიანებს სასწავლო პროცესსაც.

„კერძო სკოლებში, როდესაც მშობლებს წარმოეშვებათ ფინანსური დავალიანება მომსახურებასთან დაკავშირებით, არ არსებობს რაიმე მექანიზმი, როდესაც სკოლა და მშობლები ამ ურთიერთობას ცივილიზებულად გაარკვევენ. კერძოდ, დავალიანების არსებობის მიუხედავად, გამომდინარე იქიდან, რომ საბაზო განათლება არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, არ გააჩნია სტატუსის შეჩერების ინსტიტუტი (მაგალითად, როგორც უნივერსიტეტს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების უფლება). იქმნება ჩიხური სიტუაცია, ვინაიდან სკოლას არ შეუძლია გარიცხოს მოსწავლე ან შეუწყვიტოს სტატუსი. თუ მშობელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, ერთი მხრივ, იყენებს მომსახურებას, რომელსაც კერძო სკოლა სთავაზობს და მეორე მხრივ, არ იხდის გადასახადს და არც სხვა სკოლაში გადაჰყავს, ის განცხადებით თუ არ მიმართავს მიმღებ სკოლას, გვაქვს დახურული წრე, რაც, თავის მხრივ, ახდენს გავლენას თავად სასწავლო პროცესზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.

კერძო სკოლა ვალდებული იქნება: მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე, აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ხოლო მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

ცვლილების განხილვის ამ ეტაპზე დეპუტატები კანონპროექტის ავტორებთან თავიანთ კითხვებსა და შენიშვნებს წარმოადგენენ, რის შემდეგაც კანონპროექტი უნდა დაიხვეწოს და ასე გავიდეს მეორე მოსმენაზე პარლამენტში.

„ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება“

კერძო სკოლებს დავალიანების მქონე მოსწავლეების გარიცხვის პროცესი გაუმარტივდებათ – რა ცვლილება იგეგმება კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური