GE

კესო ჩხიკვაძე – უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ესეების კონკურსის გამარჯვებული!

8 მაისს უნივერსიტეტ „ალტერბრიჯმა“ გამოაცხადა ესეების კონკურსი: “რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე?!”, რომელშიც ასობით სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 26 მაისს აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებული ჟიური გაეცნო მათ ნამუშევრებს და გამარჯვებულები გამოავლინა.

გთავაზობთ პირველ ადგილზე გასული მონაწილის ესეს:

კესო ჩხიკვაძე
“რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე?!”

რამდენიმე დღის წინ, არაფრის კეთებით დაღლილი ისევ სოციალური ქსელების სქროლვას რომ შევუდექი, 26 მაისთან დაკავშირებულ ესეების კონკურსს გადავაწყდი. დამაინტერესა და მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, გავიფიქრე, ამაზე მარტივი დასაწერი რა უნდა იყოს მეთქი და ლეპტოპი გავშალე. ერთი სიტყვაც ვერ ავკრიფე. კლავიატურას მივშტერებოდი და ვცდილობდი სიტყვებისთვის თავი მომეყარა, მაგრამ არ გამომდიოდა. არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა, წლების განმავლობაში დაზეპირებული პატრიოტული ლექსები, ისტორიაში ნასწავლი გაკვეთილები და ყოველწლიურად აღნიშნული 26 მაისი, ყველაფერი თვალის დახამხამებაში გაქრა გონებიდან. დავრჩით მხოლოდ მე და ვოდის ცარიელი ფურცელი. სამწუხაროდ არც ერთს წარმოდგენა არ გვქონდა რა უნდა დაგვეწერა ან რა იყო თავისუფლება. ლეპტოპი დავხურე და გარეთ გავედი, თავისუფლება ან რამე მასთან დაკავშირებული უნდა მეპოვნა. ახლა, თუ ელოდებით, რომ გარეთ ყოფნისას მართლა აღმოვაჩინე თავისუფლება და მის შესახებ შთამაგონებელ სიტყვას დავწერ, იმედები უნდა გაგიცრუოთ. წვიმდა, ქუჩაში არავინ იყო, რამდენიე ძაღლისა და ალაგ-ალაგ ქოლგებით მორბენალი ადამიანების გარდა. ჰოდა, ვერანაირი თავისუფლებაც ვერ ვიპოვე და არც ის ვიცი როგორ უნდა ვეძებო. 17 წლის თინეჯერი ვარ, რომელსაც ისტორია უყვარს, ბევრი წაუკითხავს 26 მაისზე, 9 აპრილზე, 25 თებერვალზე და მაშინვე გეტყვის რა მოხდა ამა თუ იმ დღეს, მაგრამ ამ ესეს სათაურმა და „თავისუფლების ძებნამ“ ისე დამაბნია, რომ ყველაფრის სურვილი დავკარგე. დიდხანს აღარც გამიხედავს ვორდის იმ ცარიელი ფაილისკენ, რომელიც ელოდა, რომ ზეპატრიოტული, თუმცა ჩემთვის გაუაზრებელი სიტყვებით ავავსებდი და მერე ამაყად გავგზავნიდი ჟიურისთან. ახლა, ალბათ, იმასაც ფიქრობთ, რომ, რადგან ესე მაინც გამოვგზავნე, ე.ი. ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი, მაგრამ არა. მაინც არ გამომივიდა. მივხვდი, რომ ზედმეტად ამბიციური იყო ასე უბრალოდ თავისუფლების ძიება, სულაც არ ყოფილა თავისუფლება მარტივი საპოვნელი, თუმცა მაინც ვეცდები ის აზრების უზარამაზარი ხვეულა, ვორდის ფაილის მიტოვების შემდეგ რომ გაიბა ჩემს თავში და უამრავ ნაწილად აიხლართა, გავშალო და მისგან რამე ღირებული მოვქსოვო. ან რატომ არ უნდა გამომივიდეს? ბოლოს და ბოლოს უკვე 30 წელია საქართველომ თავისუფლება აღიდგინა და მეც თაავისუფალ საქართველოში დაბადებული მოზარდი ვარ. დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობა ზემდეტად დიდი რამაა, ბევრს ნიშნავს და გადაჭრით იმაზე პასუხი თუ რა არის თავისფულება, შეუძლებელია. ისევე, როგორც, ნოდარ დუმბაძეს დავსესხები და, იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო. თუმცა, თუ სიტყვა დამოუკიდებლობას დეტალურად გავყვებით, ეს ნიშნავს ისეთ ცხოვრებას, როცა ქვეყანაში არ ხარ არავისზე და არაფერზე დამოკიდებული, თავისუფლად ცხოვრობ და იღებ გადაწყვეტილებებს. ბებიაჩემს რომ ჰკითხოთ, 40 მანეთად, რომ მოსკოვში გადაფრენა შეიძლებოდა, ეგ დიდი თავისუფლება იყო, აბა სხვა რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ. საკუთარი თავის ბატონ-პატრონობას, მის ფლობასა და შენს ქვეყანაში შენი თავის ბოლომდე გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფალ ქვეყანაში არ ეშინიათ იმის ჩვენება თუ ვინ არიან, რას ფიქრობენ, გრძნობენ ან აკეთებენ. თავისუფალ ქვეყანაში თავისუფლები არიან, მოქალაქეობრივ ვალდებულებებს იაზრებენ და ბოლომდე იცავენ მათ. ჩემთვის თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება ნიშნავს ცხოვრებას ქვეყანაში სადაც ნაკლები ცემენტი და მეტი ხიდია. სადაც ინგრევა კედლები და შენდება ხიდები. სადაც მე ვარ მე და შენ ხარ შენ. სადაც მე ვიქნები პასუხისმგებელი ჩემს საკუთარ თავზე. სადაც შემეძლება დავუშვა შეცდომები და თავადვე გამოვასწორო ისინი.

ერთი ფრაზაც მახსენდება, რომელიც სადღაც ამოვიკითხე. სავარაუდოდ, ჩემი რომელიმე თანატოლის პროფილის ფოტოს თავზე და მგონი ახლა მის გამოსაყენებლადაც შესაფერისი დროა. „იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის“. ეს ციტატა ჩემს ქვეყანას მოვარგე. ნათელი გახდა, რომ ციტატის პირველი ნაწილი გადალახულია. ჩემმა წინაპრებმა მოახერხეს და ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მოყოლებული იცავდნენ თავს სხვადასხვა წარმომავლობის მტრისგან, ბოლოს კი ჩრდილოელი მეზობლის კლანჭებსაც დააღწიეს თავი. ციტატის მეორე ნაწილი უკვე ჩემზეა დამოკიდებული. მე უნდა ვიყო ის, ვინც შეინარჩუნებს ამ თავისუფლებას, გაავრცელებს და თაობებს გადასცემს მას. რას ნიშნავს ვიყო დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე?! პირველ რიგში სიამაყეს, სიამაყეს იმის გამო, თუ რა გამოიარა ჩემმა ქვეყანამ ჩემთვის და მეორე რიგში პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ახლა ჩემს ქვეყანას ჩემი იმედი აქვს, მე უნდა ვაქციო ის დემოკრატიულ, განვითარებულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოდ.

კესო ჩხიკვაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური