GE

„გაკვეთილებს ონლაინ ელემენტები დაემატოს“ – როგორი შეიძლება იყოს განათლების სისტემა პანდემიის შემდეგ

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, მუდმივად მზარდი და ცვალებადი დანახარჯებისა და რეფორმების არაერთი ტალღის შემდეგ, საქართველოს სკოლების რიტმი და რუტინა მცირედით შეიცვალა. ამის შემდეგ გამოჩნდა Covid-19. სკოლები დაიხურა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პანდემიამ აიძულა მასწავლებლები, შეეცვალათ სწავლების მეთოდები. დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელმა გადასვლამ ახალი პრაქტიკა მოიტანა. შედეგად, მასწავლებლებმა აღმოაჩინეს ახალი უნარები და სტრატეგიები.

საუკუნეში ერთხელ, პანდემიის შედეგად წარმოშობილმა შეფერხებამ შეიძლება, მოგცეს სკოლებისა და უმაღლესი განათლების სისტემის სრული გადრაქმნის შესაძლებლობა.

სკოლა, გარდა კონკრეტულ დისციპლინებში განათლების მიღების შესაძლებლობისა, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების ადგილია. სოციალიზაციის შესაძლებლობა პანდემიამ მოშალა და როგორც რუსუდან მეგრელიშვილი, მე-6 საავტორო სკოლის პედაგოგი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, მოსწავლეები უფრო ჩაკეტილ და დასტრესილ ადამიანებად აქცია.

„სკოლაში დაბრუნება იყო სახლში დაბრუნება, მაგრამ მოსწავლეებს მოუხდათ უამრავი სტრესის გადატანა. გარდა იმისა, რომ სახლებში ჩაიკეტნენ და სოციალიზაციის ელემენტი გაქრა, ურთიერთობები მოიშალა, ბევრმა მათგანმა დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და ეს მათთვის პირველი უდიდესი სტრესი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ყველაფერმა გაართულა სკოლაში დაბრუნება და ბუნებრივია, არსებობს განათლების მხრივ დანაკარგები“, – გვეუბნება რუსუდან მეგრელიშვილი.

მასწავლებლის აზრს იზიარებს მოსწავლე ზუგდიდიდან, რომელიც ჰიბრიდული სწავლების წინააღმდეგია და გაკვეთილების საკლასო ოთახში დაბრუნების მომხრე. თუმცა, ნიკოლოზ ედიშერაშვილის სურვილია, გაკვეთილებს ონლაინ ელემენტები დაემატოს, თუნდაც დავალების გაგზავნის, უკუკავშირის თუ სასწავლო მასალების სახით.

პანდემიის შემდეგ დატოვებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას განათლების ექსპერტი, რევაზ აფხაზავაც, თუმცა ის მიიჩნევს, რომ რეალურად პანდემიამ უკვე არსებული პრობლემები ამოიტანა ზედაპირზე.

„როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული შეფასებებით, პრობლემა გვქონდა მაგალითად წაკითხულის გააზრებაში და სხვა ქვეყნებთან ჩამორჩენა იყო დიდი. შეფასებები აჩვენებდა, რომ შედეგები სოციალური ჯგუფების მიხედვით განსხვავებული იყო. პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სოციალურ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, უფსკრული სოციალურ ჯგუფებს შორის სწავლების ხარისხში გაიზარდა და დანაკარგი სასკოლო განათლების სისტემაში უზარმაზარია. თუმცა, დანაკარგები დათვლილი და შეფასებული ჯერ კიდევ არ არის“.

რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენი რესპონდენტების ამას სხვადასხვანაირად ხედავენ.
რუსუდან მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ტექნოლოგიების მეტად ინტეგრირება, რასაც თავად უკვე აკეთებს. სახელმძღვანელოების გარდა, სტატიების, ვიდეო მასალის, ფილმების გამოყენება, მოსწავლეებთან კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებებით, შეფასებების მიწერა, დავალების შეხსენება თუ სხვა, ერთი მხრივ აადვილებს და აჩქარებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას, მეორე მხრივ კი, ზოგავს იმ დროს, რაც გაკვეთილზე ინტერაქციისა და კომუნიკაციისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

როგორც ნიკოლოზ ედიშერაშვილი ამბობს, ამ მხრივ მის სკოლაში ტექნოლოგიები დანერგილია და რიგ საგნებში დავალებებს ელექტრონულად აგზავნიან, თუმცა, ეს საერთო წესი არაა და მასწავლებლებზეა დამოკიდებული.

მცირედით განსხვავებული აზრი აქვს საკითხზე რევაზ აფხაზავას, რომელიც სისტემურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საწყის ეტაპზე აუცილებელია ფუნდამენტური პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგ კი ადეკვატური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება ნებისმიერ მთავრობისა და მინისტრისთვის. აფხაზავა მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება აუცილებელია, თუმცა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათზე ყველა მოსწავლის თანაბარი წვდომა.

როგორც ცნობილია, ონლაინ სწავლების პროცესში მოსწავლეების 20%-ს არ ჰქონდა წვდომა გაჯეტებზე, რის გამოც ისინი პრაქტიკულად მოწყდნენ სასწავლო პროცესს და ამ მხრივ მხოლოდ რამდენიმე საზოგადოებრივი ინიციატივა გამოჩნდა მოსწავლეების დასახმარებლად.
თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაშიც კი, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ინსტრუმენტები რეალურად იქნება გამოყენებული. ყოველთვის ჩნდება კითხვა, რის გაკეთებას ირჩევენ მასწავლებლები მათ ხელთ არსებული ახალი ინსტრუმენტებით.

პრაქტიკულად იდენტურია ვითარება უმაღლესი განათლების საფეხურზე. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ იმოქმედა პანდემიამ მათზე, ვინც უმაღლეს განათლებას იღებს. სოციალური უთანასწორობის საფუძველზე წარმოშობილი არათანაბარი წვდომა ტექნოლგიებზე, საცხოვრებლისა და სურსათის კრიზისი არის რეალობა, რომელიც ვიცით, რომ გავლენას ახდენს სტუდენტურ პოპულაციაზე. როგორც სკოლის, ისე საუნივერსიტეტო დონეზე არ არის დათვლილი ის დანაკარგები, რაც პანდემიამ მოიტანა.

ჩვენმა კიდევ ერთმა რესპონდენტმა, სერგი გიგანმა, მაგისტრატურაზე 2020 წელს ჩააბარა და ამბობს, რომ „სასწავლო პროცესში გაცილებით ნაკლები იყო ლექციებზე დისკუსია და გართულებული იყო ჯგუფური სამუშაოების პროცესი. შეფასების ნაწილი არასამართლიანი იყო, კონტროლის მექანიზმი – სუსტი“.

სერგის თქმით, ლექტორებთან საკონსულტაციო ურთიერთობებიც გართულებული იყო. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ „პანდემიის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, აღდგეს მთლიანად offline სასწავლო პროცესი. აუდიტორიებში, უმაღლესი განათლების კონკურენტული უპირატესობა სწორედ აუდიტორული სწავლება, ინტერაქციის მაღალი მაჩვენებელი და საგანმანათლებლო კონფერენციებზე წვდომაა“.

თუმცა, არ შეიძლება პანდემიის მხოლოდ ნეგატიურ გამოცდილებაზე საუბარი. ციფრულ სწავლებაზე სწრაფმა გადასვლამ ინოვაციებისა და კრეატიულობის უამრავ შესაძლებლობას მისცა გზა. ეს არ არის შეფერხებისა და გაჭირვების გამოცდილების უარყოფა, მაგრამ მან მოიტანა პოზიტიური ცვლილებებიც. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მიღწევების ხარვეზების შემცირება მრავალი წლის განმავლობაში პრიორიტეტული უნდა იყოს.

ონლაინ წვდომის შესაძლებლობამ შეამცირა ბარიერები ზოგიერთი სტუდენტისთვის. იქნებიან ეს სხვა ქალაქში სასწავლებლად ჩასული სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თუ სხვა. ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლამ მათ მისცა მოქნილობა და საშუალება, ისწავლონ საკუთარი ტემპით, გადახედონ მასალებს და მოარგონ განათლება საკუთარი პასუხისმგებლობებს ან მოთხოვნებს.

განათლების ინდუსტრია მთელი ისტორიის მანძილზე პასუხობდა გამოწვევებს და ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებდა მათ პრაქტიკაში. ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ Covid-19-ის პანდემიის გამოცდილების წარსულ პრაქტიკებთან ინტეგრირება. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული და საპასუხისმგებლო ნაბიჯი უნივერსიტეტებისთვის.

შერეულ ან ჰიბრიდულ უმაღლეს განათლებას, რომელიც აერთიანებს ციფრულ ელემენტებს სწავლებაში, შეუძლია უკეთესი შედეგების მიღწევა და მეტი მოქნილობის უზრუნველყოფა. მას შეუძლია გააფართოვოს მონაწილეობა და დაარღვიოს ბარიერები სტუდენტებისთვის.

როდესაც ვიწყებთ პანდემიიდან გამოსვლას და ნაბიჯებს ვდგამთ პოსტ-კოვიდ მომავალისკენ, გვაქვს შესაძლებლობა, ვისარგებლოთ ამით და უმაღლესი განათლება გავხადოთ უფრო ეფექტური და ინკლუზიური, ვიდრე ოდესმე.

ასევე იხილეთ:

„დიპლომების განათლება კი არა, ცოდნის განათლება უნდა გვქონდეს“, – განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი სისტემაში არსებულ პრობლემებზე და 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე

მოამზადა თამარ კაკაბაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური