GE

კომბოსტოსა და წეროებს ამოფარებული პასუხები – რას უყვება ნორვეგიელი მასწავლებელი EDU.ARIS.GE-ს და როგორია საქართველოს რეალობა სქესობრივი განათლების კუთხით

 „სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის თანხმობით ჩატარდება“ – ეს სიტყვები რამდენიმე თვის წინ, „ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსის“ ინიციატორმა დეპუტატმა პარლამენტში, კოდექსის წარდგენისას წარმოთქვა. 20 სექტემბერს დოკუმენტს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ასეც ხდება. ზოგი კომბოსტოში იპოვეს. ზოგი წერომ მოიყვანა. ზოგიც ბავშვების კითხვების არიდებას ჩხუბით ცდილობს და რთული სათქმელია, რომელი პასუხი უფრო დიდ ინტერესს უღვივებს მოზარდს, რა გზებით იწყებს ის ინტერესის დაკმაყოფილებას და საბოლოოდ, რა შედეგებამდე მიჰყავს არცოდნას.  ფაქტი ერთია  – უფროსებზე არაა დამოკიდებული გაუჩნდებათ თუ არა პატარებს შეკითხვები. დიდებმა მხოლოდ ის უნდა გადაწყვიტონ უპასუხებენ თუ არა მათ.  როგორც  EDU.ARIS.GE-მ პედაგოგებთან საუბრისას დაადგინა, ბავშვებმა შეკითხვებზე პასუხები ჩვენს სკოლაში არ უნდა ეძებონ, რადგან გამოკითხულ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ საკითხების გაკვეთილზე განხილვას გარყვნილებად მიიჩნევს და სქესობრივ ცხოვრებაზე არათუ ბავშვებთან საუბრისთვის არ არის მზად, ოფიციალურ კომენტარზე ჩვენთანაც უარს ამბობს. განსხვავებულია ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების პოზიცია. მათი თქმით, მოზარდის სქესობრივ განათლებაზე ფიქრი 4 წლიდან უნდა დავიწყოთ, ანუ მაშინ, როცა ბავშვი სვამს შეკითხვას, თუ როგორ გაჩნდა.

ბავშვთა ფსიქოლოგ მაია ცირამუასთვის მიუღებელია მითების შეთხზვა და ბავშვების მოტყუება, თითქოს ისინი კომბოსტოში იპოვეს. მიიჩნევს, რომ ადეკვატური პასუხები 4 წლის ასაკიდანვე უნდა მიიღონ, თუმცა ამაში სქესობრივი აქტების ახსნას არ გულისხმობს. შემდგომ ასაკში სკოლაში ამ ცოდნის მიღების შესაძლებლობას წინგადადგმულ ნაბიჯად მოიაზრებს:

„შესაძლოა ერთ ცალკე, კონკრეტულ საგნად არც იყოს პროგრამაში, თუმცა აუცილებელია ბავშვმა ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს სანდო, მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული წყაროებიდან. კომპეტენტური ადამიანისგან, ადამიანისგან, ვისაც ენდობა. თუ სკოლა გახდება სივრცე, სადაც მას ადამიანის სექსუალობაზე, პუბერტატის ასაკთან (სექსუალური განვითარების პერიოდი, პირობითად მიღებულია ასაკი 12-დან 16 წლამდე ავტ.) დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ, ემოციურ, ქცევით და სხეულებრივ ცვლილებებზე ესაუბრებიან, ცდილობენ გააქარწყლონ თანატოლებში დამკვიდრებული უამრავი მითი, რასაც ზოგჯერ ტოქსიკური, ხშირად საშიში და სარისკო ზემოქმედება აქვს მოზარდის ცხოვრებაზე. ცხადია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ცოდნის მიცემა შეიძლება ადრეული ბავშვობიდანაც დაიწყოს. მაგრამ ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს ასაკის შესაბამისად, ისე, რომ ბავშვის ტრავმირება არ მოხდეს. მაგალითად – 4 წლის ბავშვი კი შეიძლება სვამდეს შეკითხვას როგორ გავჩნდი? მაგრამ ეს უფრო ეგზისტენციალური კითხვაა, ის ამ ასაკში სამყაროს აქტიურად იმეცნებს და მისი შეკითხვის მიზანი სულაც არაა გაიგოს როგორ ხდება სქესობრივი აქტი. იგივე ინტერესით მან შეიძლება ასეთი კითხვაც დასვას- ადამიანი, სანამ გაჩნდება სად არის? ეს მართლაც შემეცნებითი კითხვებია. ამიტომ, თუ ჩნდება კითხვა როგორ გავჩნდი, არაა საჭირო ბავშვის მოტყუება, რომ ის კომბოსტოში იპოვეს! რატომ არ უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ის სიყვარულის ნაყოფია, ამისთვის შეიძლება მეტაფორებიც გამოიყენო. უამრავი შემეცნებითი მასალა არსებობს, რომელიც ადაპტირებულია და მორგებულია ბავშვის ასაკს. მათი ამოცანაა ბავშვმა ნელა-ნელა შეიტყოს საკუთარი სხეულის, ადამიანის სექსუალობის, რეპროდუქციული სისტემის შესახებ“, – განმარტავს ცირამუა.

საქართველოს კანონმდებლობით 16 წლის  ასაკში სქესობრივი ცხოვრება დაშვებულია, თუმცა ამ საკითხში მათი განათლება ყურადღების მიღმაა დარჩენილი. სექსოლოგი ზურაბ მარშანია მიიჩნევს, რომ ამ ასაკიდან საგაკვეთილო პროგრამაში საგნის სახით ჩასმა აუცილებელიც კია, თუმცა მანამდე ბავშვების ინტერესის დაკმაყოფილებაზე მშობლებმა უნდა იზრუნონ:

“საქართველოს კანონმდებლობით 16 წელი საქორწინო ასაკია. ასე რომ გაკვეთილების შემოღება 16 წლის მოზარდისთვის აუცილებელიც კია, რადგან ამ ასაკში უკვე დაუშვებელია მოზარდს ჰქონდეს რაიმე ტიპის ხარვეზები. ეს შემდგომ ცხოვრებაში ხელს შეუშლის. რაც შეეხება შეკითხვებს ადამიანის გაჩენასთან დაკავშირებით, რომლებიც ბავშვებს უკვე 4-5 წლიდან უჩნდებათ, მშობლებმა უნდა უპასუხონ. მშობლები ამისთვის სპეციალისტებმა, ექიმებმა, ფსიქოლოგებმა უნდა მოამზადონ ისე, რომ შვილისთვის მსგავსი საკითხების ახსნა შეძლონ“, – აღნიშნავს მარშანია.

EDU.ARIS.GE – სპეციალისტის პოზიციის კვალდაკვალ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა:

„სქესობრივი აღზრდის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებსაც მოიცავს: 1. ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულება და ფუნქციებს და 2. რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, – ამბობს უწყება.

ჩვენ დავინტერესდით როდის და რას ისწავლიან მოსწავლეები, რაზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

მარიამ ჩიქობავა: „სექტემბრის ბოლომდე მე-8 კლასის სახელმძღვანელოების კონკურსს გამოვაცხადებთ და შესაბამისად, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საკითხი შევა სახელმძღვანელოებში. ეტაპობრივად დაინერგება. ძველი სასწავლო გეგმაც ითვალისწინებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საკითხებს, თუმცა, ახალში – გაძლიერებულია ეს მიმართულება“, – ამბობს ის და გულისხმობს შემდეგ საკითხებს, რომელიც სამინისტრომ მოგვაწოდა:

ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, ინფორმაციას რეპროდუქციული სისტემის შესახებ მოსწავლეები იღებენ (ანუ მიიღებენ) მე-8 კლასში შემდეგი საკითხების სახით:

  1. ქალის რეპროდუქციული სისტემა;
  2. მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა;
  3. განაყოფიერება და ნაყოფის განვითარება;
  4. სასქესო ორგანოების ჰიგიენა.

II.საბაზო საფეხურის ბოლო (მე-9 ან მე-10 კლასი) კლასის ბიოლოგიის სტანდარტში ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, სხვა თემებთან ერთად, ჩანიშნულია თემა: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რომელიც გულისხმობს შემდეგი საკითხების შესწავლას:

1.ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები;

2.ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები;

3.ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები;

4.არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები;

5.რესპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა.

ჩვენს რეალობაში, სადაც სტერეოტიპები პირად ცხოვრებაში გვეჭრებიან, რთული წარმოსადგენია მშობელი, რომელიც ამ საკითხში დახმარებას სპეციალისტს სთხოვს, სამაგიეროდ ადვილი გამოსავალია ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში მოპოვება, თუმცა კიდევ ერთი პრობლემა ამ ტიპის ინფორმაციის არასანდოობაა.  ჟურნალისტმა ხატია ღოღობერიძემ სექსუალური განათლების ირგვლივ მასალების მომზადება და ტაბუირებულ თემებზე ხმამაღლა საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებაში არასწორი, მავნებელი ინფორმაციების სიჭარბე შენიშნა:

„სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე ჟურნალისტური მასალების მომზადება მას შემდეგ დავიწყე, რაც გავაცნობიერე, რომ ამ ტიპის ინფორმაციის არქონას ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ. მოსახლეობის ნაწილს აქვს სტერეოტიპული, არასწორი ინფორმაციები, რომლებიც უამრავ ადამიანს აზიანებს. საკითხები, რაზეც მე ვწერ უფრო დიდი ასაკის ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი. ვისაც შვილები და შვილიშვილები ჰყავთ მათაც უნდა გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება ბავშვებისთვის.

„მე მიმაჩნია, რომ სექსუალური განათლება აუცილებელია. ბავშვებს შესაბამის ასაკში უნდა მიეწოდებოდეთ შესაბამისი ინფორმაცია. ცხადია, არავინ საუბრობს 6 წლის ბავშვთან სექსის შესახებ ლაპარაკზე. ამ ტიპის ინფორმაციებს მიზანმიმართულად ავრცელებენ, რათა საზოგადოების ნაწილი უარყოფითად განაწყონ. ადამიანი უნდა იცნობდეს საკუთარ სხეულს. ადრეულ ასაკში ბავშვებს ასწავლიან პირად სივრცეს, უხსნიან სად ან როგორ არ შეიძლება შეეხოს სხვა ადამიანი. ეს მათ ძალადობისგან იცავს. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა საქართველოშიც ხშირია და ამ ტიპის ინფორმაციამ შეიძლება ისინი დაიცვას. სინამდვილეში, განვითარებულ ქვეყნებში ბავშვებს ასაკის შესაბამის ინფორმაციას აწვდიან“, – ამბობს ღოღობერიძე.

მის მიერ ნახსენებ განვითარებულ ქვეყნებს შორისაა ნორვეგია, სადაც სქესობრივი განათლების გაკვეთილები მე-4 კლასიდან იწყება, თუმცა როგორც  პედაგოგი იბრაჰიმ მურსალი აღწერს, ეს გაკვეთილები სულაც არაა იმდენად „სექსუალური“ რამდენადაც სახელწოდებაში ჩანს.  EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სქესობრივი გაკვეთილების მასწავლებელი იბრაჰიმ მურსალი ამბობს, რომ გაკვეთილების უპირველესი მიზანი საკუთარი თავისა თუ სხეულის შეცნობაა:

„სექსუალური განათლების მიცემა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. ვგულისხმობ სკოლამდელ ასაკს.  განათლება უნდა განვითარდეს ასაკის შესაბამისად. 10 წლის ბავშვები უკვე პორნოს უყურებენ, აქვთ უამრავი შეკითხვა და ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ჩვენ მათ ან ვუპასუხებთ ან არა. თუ ამას არ გავაკეთებთ, წავლენ და სხვაგან დაიწყებენ ინფორმაციის მოპოვებას, რაც მათ დააზიანებთ, რადგან ირგვლივ არასარწმუნო ინფორმაციის სიჭარბეა. მოზარდი კი ვერ ასხვავებს ტყუილსა და მართალს.

„სექსუალური განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე ავადმყოფობა და ორსულობა. ეს სინამდვილეში არის საგანი იმის შესახებ თუ ვინ ვართ ჩვენ, რა გვიყვარს და როგორ გვიყვარს. ეს საგანი მნიშვნელოვანია, რადგან სექსუალობა მნიშვნელოვანია, ესაა საგანი ჩვენ შესახებ. როგორ ჩამოყალიბდება მოზარდი სრულფასოვან, ჯანმრთელ ადამიანებად, თუ არ იცის, ვინ არის?  როცა პიროვნება გონებრივად და ფიზიკურად ყალიბდება, ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის, ამიტომაც მას საკუთარი თავის შეცნობაში უნდა დავეხმაროთ და აქ არაფერია უცხო, მაგრამ როცა ამას ვარქმევთ სექსუალურ განათლებას, გვგონია, რაღაც სხვაზე ვსაუბრობთ. სინამდვილეში, კარგი სექსუალური განათლება და კარგი პედაგოგი ნიშნავს, იმას, რომ მან იცის, როგორ მართოს გაკვეთილი. ეს საგანი არამხოლოდ შეკითხვებს პასუხობს და ინფორმაციის მიღების წყაროა, არამედ აუმჯობესებს ურთიერთობებს საკუთარ თავთან და სხვებთან.

გამომდინარე იქედან, რომ სექსუალობა თინეიჯერობის პერიოდში ყველაზე აქტუალური თემაა, საგნის მიმართაც ინტერესიც დიდია. ხშირად მოდიან შეკითხვებით და ეს ლოგიკურია. ბევრ მათგანს მიღებული ცოდნა პირადი პრობლემების მოგვარებასა თუ თავიდან არიდებაში ეხმარება“, – ამბობს მურსალი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური