78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს – „ჩართე“ განათლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის
ინტერნეტი და კომპიუტერი უკვე არა ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებელი საჭიროება რომაა, ეს, კორონავირუსმა, საქართველოშიც კარგად წარმოაჩინა. მეტიც, აჩვენა ისიც, რომ მათ გარეშე შესაძლებელია ადამიანი სამყაროს მოწყდეს, მოსწავლე კი მისი ფუნდამენტური უფლების – განათლების გარეშე დარჩეს.
სწორედ მოსწავლეების ამ აუცილებელი საჭიროებით უზრუნველყოფას ემსახურება საქველმოქმედო პლატფორმა „ჩართე“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტი და ლეპტოპი დაუფინანსოს. პროექტში, რომელიც 2017 წლიდან არსებობს, 1700-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობის წყალობით უკვე 700-მდე მოსწავლეა ჩართული.
მიიღეთ მონაწილეობა სკოლის მოსწავლეების ინტერნეტის დაფინანსებაში
ინტერნეტის გადასახადი, უფროსკლასელებს, სკოლის დასრულებამდე და დასრულებიდან კიდევ ერთი წლის განმავლობაში უფინანსდებათ.
პანდემიის პერიოდში „ჩართეს“ საქმიანობამ კიდევ მეტი ყურადღება მიიქცია და მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და კომპიუტერის მიწოდება კიდევ უფრო საჩქარო და აქტუალური გახდა. სწორედ ამიტომ, „ჩართეს“ გუნდმა, მოსწავლეების ჩართვა საქართველოს რეგიონებში, ფაქტობრივად, გაათმაგებული ძალებით გააგრძელა.
პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჯიბლაძე ამბობს, რომ საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს (აქედან დაახლოებით 20,000 უფროსკლასელს) ინტერნეტი არ აქვს. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა ხელმოკლეობის გამო ინტერნეტის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს. ეს უთანასწორობა კი დღეს განსაკუთრებით მწვავეა, რადგან პანდემიის გამო სკოლები დახურულია და მოსწავლეების ნაწილი დისტანციურად სწავლას ვერ ახერხებს.
გიორგი ჯიბლაძე: „ჩართეს“ განხორციელებამდე ხანის აკადემიის პროექტით ვიყავით დაკავებულები. 700-ზე მეტ სკოლაში ვართ ნამყოფი და ამ პროცესში ცალსახად გამოიკვეთა, რომ არიან მოსწავლეები, რომელთაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ – არ აქვთ კომპიუტერი და ვერ იხდიან ინტერნეტის გადასახადს. აქედან წამოვიდა „ჩართეს“ იდეა.
თავდაპირველად დიდ დროს ვერ ვუთმობდით. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი გავაქტიურდით და დაფინანსებისთვის მეტ დონორთან მივედით. მერე კი ყველაფერი ბუნებრივად მოხდა – პროექტმა შედეგის დადება დაიწყო, გამოჩნდნენ ბავშვები, რომლებიც იღებდნენ კომპიუტერსა და ინტერნეტს, იზრდებოდა ამ ბავშვების რაოდენობა, ვაქვეყნებდით მათზე ფოტო და ვიდეომასალას, გაჩნდა წარმატების ისტორიები, კიდევ უფრო მეტი დონორი გამოჩნდა. ამას კი ჩართული მოსწავლეების რაოდენობის ზრდა მოჰყვა. ჩვენ წარმატებას სწორედ მათი რაოდენობის ზრდით ვზომავთ.
-რა შეიცვალა 2020 წლის თებერვლიდან? ანუ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან?
-ტემპი საგრძნობლად შეიცვალა. საქართველოში ვირუსის შემოსვლიდან დღემდე 200 მოსწავლე ჩავრთეთ, ანუ ბენეფიციართა თითქმის მესამედი, რაც პროექტს აქამდე ჰყოლია. დონორთა რაოდენობაც, ყოველთვიურად, ისე იზრდება, როგორც არასდროს. ამის მიზეზია ის, რომ მათ პრობლემა დაინახეს და ეს პრობლემა ახლა უფრო მძაფრია. აქამდე, რაც არ უნდა დიდი სხვაობა ყოფილიყო რეგიონისა და ქალაქის სკოლებს შორის, ბავშვები სკოლაში მაინც დადიოდნენ და რაღაცას სწავლობდნენ. ახლა კი ნახევარი მილიონი მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა და ეს ხალხმაც დაინახა. შესაბამისად მათ შემოწირულების გაკეთება ბევრად უფრო აქტიურად და თამამად დაიწყეს.
-დაფინანსებაში რა წილი უკავია მსხვილი დონორების თანხებს და რა – მცირე შემომწირველებისას? რამდენად დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ იდეისათვის თუნდაც სულ მცირე თანხას რიცხავს?
-პლატფორმის იდეა სწორედ ისაა, რომ ბევრმა ადამიანმა, მცირე რაოდენობის თანხის გაღებით მიზნის მიღწევა შეძლოს. თუკი ბევრი ადამიანი გაიღებს თუნდაც ძალიან მცირე შემოწირულობას, დიდი თანხა გროვდება. ხალხის მხარდაჭერა საკმაოდ დიდია. ახლანდელი მონაცემი რომ გითხრათ, შემოწირულობის 50% მცირე შემომწირველებზე მოდის. ანუ, თითქმის უტოლდება ბიზნესების მსხვილ შემოწირულობებს.
-თქვენს ვებ–გვერდზე აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოში 78 ათას მოსწავლეს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. რაზე დაყრდნობით მიიღეთ ეს მონაცემი?
-დღეს, ქვეყანაში, სასკოლო ასაკის 96 ათასი მოზარდი ცხოვრობს ოჯახში, რომლის სოციალური სტატუსიც 70 ათას ქულაზე დაბალია. ამ დროისათვის ჩვენ დაახლოებით 700 ოჯახში სტუმრობის გამოცდილება გვაქვს. ვიზიტების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახების დაახლოებით 18 %-ში არის ან ინტერნეტი, ან კომპიუტერი, ან ორივე. შესაბამისად, გავაკეთეთ დაშვება, რომ ამ 96 ათას მოსწავლეში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახების სოციალური სტატუსი 70 ათას ქულაზე დაბალია, 18 %-ს ინტერნეტზე ხელი მიუწვდება. 700 ოჯახში მისვლით თუ გაირკვა, რომ 18 %-ს ინტერნეტი ჰქონდა, მივიჩნევთ, რომ საკმაოდ სწორი სტატისტიკა გვაქვს. ალტერნატიული დათვლითაც დაახლოებით ამ რიცხვზე გავდიოდით. ამიტომ, გამოდის, რომ 96 ათასიდან დაახლოებით 78 ათასს არ მიუწვდება ხელი კომპიუტერსა და ინტერნეტზე. მათ შორის კი, უფროსკლასელი, მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით, დაახლოებით 20 ათასამდეა.
-რომელი რეგიონები მოიცვა პროექტმა ამ ეტაპისთვის?
-თავდაპირველი პრიორიტეტი კონფლიქტისპირა სოფლები იყო – როგორც ქართლში, ისე სამეგრელოში. მერე უკვე სხვა რეგიონებშიც დავიწყეთ – გურია, კახეთი და ა.შ. რეგიონებს ეტაპობრივად მოვიცავთ. მაგალითად როცა ლანჩხუთში შევდივართ, ვმუშაობთ ლანჩხუთსა და მისი შემოგარენის სოფლებში. ანუ, რეგიონ-რეგიონ, ქალაქ-ქალაქ დავდივართ. ინდივიდუალურ შემთხვევებს ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ ერთ კაცთან ვერ ვატარებთ. საჭიროა იმ ადგილიდან სხვებისგანაც იყოს მომართვა.
პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე ვზრდით არეალსაც. რა ოდენობის შემოწირულობაც შემოვა, იმ ოდენობის სამუშაოს შევასრულებთ, ლიმიტი არ გვაქვს, ჩართვის პროცესი ძალიან სწრაფად შეგვიძლია უზრუნველვყოთ.
-როგორია ბენეფიციართა შერჩევის პროცესი?
-როდესაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში შევდივართ, ყველა სკოლას, ან რესურსცენტრს მივმართავთ. სკოლები ადმინისტრაციიდან პასუხისმგებელ პირს გამოყოფენ და გვაძლევენ უფროსკლასელების სიას, რომლების სოც. სტატუსიც 70 ათასი ქულის ქვემოთაა და რომლებზეც სკოლამ იცის, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვთ. გვაწვდიან სოციალური სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც. გვაქვს მოსწავლეების ტელეფონის ნომრები, ვატარებთ გასაუბრებას, შემდეგ უკვე ადგილზე ჩავდივართ და მათ საცხოვრებელ პირობებს ვეცნობით. საბოლოო ჯამში, ვიღებთ გადაწვეტილებას, გადავცემთ კომპიუტერებს და ვუფინანსებთ ინტერნეტს.
-სრულდება თუ არა პროცესი მოსწავლის შერჩევით, მისთვის კომპიუტერის გადაცემითა და ინტერნეტის გადასახადის დაფინანსებით? რა ხდება ამის შემდეგ? მოწმდება თუ არა გამოყენების მიზნობრიობა, ან მოსწავლის აქტიურობა?
-ჩართვის შემდეგ ტრენინგები გვაქვს მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ განათლებასა და ონლაინ განათლებაში. აგრეთვე, ყველა მოსწავლე გვყავს ჯგუფში, სადაც ვაზიარებთ საგანმანათლებლო, სასარგებლო ინფორმაციას. თუკი რომელიმე ორგანიზაციას აქვს რაიმე ინიციატივა, სადაც ჩვენს ბენეფიციარებს თავის საგანმანათლებლო მომსახურებას უფასოდ სთავაზობს, ამ ინფორმაციასაც, რა თქმა უნდა, ვაწვდით. ვატარებთ კონკურსებსაც. ანუ, მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს.
იმის გასაზომად თუ როგორ იყენებენ ამ კომპიუტერებს, წელიწადში ერთხელ შესავსებად კითხვარს ვუგზავნით. კითხვარი ირიბი კითხვებით იმგვარადაა შედგენილი, რომ ვიგებთ დაახლოებით როგორ შეიცვალა მათი ქცევა. ასევე, სკოლებიდან ნიშნების შესახებაც ვითხოვთ ინფორმაციას. თუმცა, ამას იმდენად დიდ ყურადღებას არ ვანიჭებთ, რადგან ინტერნეტის ეფექტი ბევრი სხვა რაღაცით შეიძლება გამოიხატოს. ამიტომ თვისობრივი გაზომვა გვირჩევნია.
-რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე მოსწავლე ინტერნეტსა და კომპიუტერს საგანმანათლებლო მიზნებისათვის არ იყენებს, ან თქვენს აქტივობებში არ ერთვება?
-კითხვარების შევსება, რომლებიც მათ ეგზავნებათ, სავალდებულოა. ეს მათ თავიდანვე იციან. დაახლოებით 98 % ავსებს კიდეც. ერთეული შემთხვევები იყო, როცა ბავშვი სხვაგან გადავიდა, ან აღარ დასჭირდა ლეპტოპი და დავიბრუნეთ. ლეპტოპები ფონდის ბალანსზეა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – ის, რომ სოციალურ სტატუსზე არ შეექმნათ პრობლემა, ან არ გაიყიდოს, დაგირავდეს, გაჩუქდეს და ა.შ. სკოლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ კი ინტერნეტის სააბონენტოს გადახდას ვაჩერებთ. თუმცა მათთან კონტაქტს არც ამის შემდეგ ვწყვეტთ. თუკი მოსწავლე დაიკარგა, პასუხს არ გვცემს და არ ჩანს, მაშინ უკვე ვზრუნავთ იმაზე, რომ ლეპტოპი წამოვიღოთ, თუმცა ასეთი შემთხვევა ბევრი არ გვაქვს.
-რამდენი ადამიანია დაკავებული პროექტში „ჩართე“? მათი საქმიანობა მოხალისეობრივია?
„ჩართეზე“ აქტიურად 4 ადამიანი მუშაობს. ასევე გვყავს მოხალისეები და ე.წ. „ფრილანსერები,“ რომლებიც გარკვეულ სამუშაოს უსასყიდლოდ გვიკეთებენ. დონორებს, შემოწირულობების გაკეთებისას, შეუძლიათ აარჩიონ მათ მიერ ჩარიცხული თანხა სრულად წავიდეს მოსწავლის ინტერნეტის დაფინანსებაში თუ გარკვეული პროცენტი ადმინისტრაციულ ხარჯებს დაეთმოს. სხვათაშორის, ხალხი გვაოცებს – მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ თანხის 100% მოსწავლეებისათვის გაიღონ, საშუალოდ 17%-ს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ანაწილებენ. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ პროექტმა უნდა იმუშაოს. ამ ადმინისტრაციულ ხარჯებში მოიაზრება არა მხოლოდ ხელფასები, არამედ ოჯახში მისვლისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო ხარჯები.
-სახელმწიფო უწყებებისგან თუ გაქვთ ფინანსური მხარდაჭერა?
-არა, ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო უწყებებისგან არ გვქონია.
-ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ თქვენ, გარკვეულწილად, აკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც, წესით, მთავრობა უნდა აკეთებდეს?
-აქ ეკონომიკის პრინციპებამდე მივდივართ – რამდენად უნდა ერთვებოდეს სახელმწიფო ამა თუ იმ საქმიანობაში. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მჯერა, რომ ძირითადი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მოწყობაში სახელმწიფო რაღაც დოზით უნდა ერთვებოდეს. ჩემთვის ეს გზების დაგების ანალოგია. ბევრი მოსაზრება არსებობს იმაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და რას კერძო სექტორი…
-შესაძლოა ამაში არ დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული და დაიხარჯოს ფული კერძო სექტორიდან, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია თუნდაც ორგანიზება, რასაც თქვენ აკეთებთ და რისი საჭიროებაც ამ პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა…
-კი ბატონო, გეთანხმებით. ახლახან მთავრობამ შექმნა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდი და დიდ თანხებს მოუყარეს თავი, კომპანიებისაგან მილიონები ჩაირიცხა. შეუძლიათ მსგავსი საქმისთვისაც შექმნან ანალოგიური ფონდი. თანხა ბევრად სწრაფად შეგროვდება და სწრაფადვე შეძლებენ ბავშვებისათვის კომპიუტერების გადაცემასაც და ინტერნეტ – ინფრასტრუქტურის მოწყობასაც.
მიიღეთ მონაწილეობა სკოლის მოსწავლეების ინტერნეტის დაფინანსებაში
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება