GE

„ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისას, არაქართულენოვან სკოლებში, კომუნიკაცია ცალკე საგნად უნდა გამოიყოს“

მისი ცხოვრება 30 სექტემბერს, ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის ჩვეულებრივ საღამოს შეიცვალა. მაშინ, როცა უამრავი სტუმრის თვალწინ, საზეიმო ვითარებაში, განათებული სცენიდან მისი სახელი და გვარი გამოაცხადეს და ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მიანიჭეს. სწორედ იმ წამიდან ცხადი გახდა, რომ მისი ცხოვრება აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო, აღარც მის მიერ შესრულებული საქმე, ჩატარებული გაკვეთილი თუ ნათქვამი სიტყვა იქნებოდა ჩვეულებრივი, რადგან საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი მის თითოეულ ნაბიჯს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

ჩვენ ახლა 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელზე, ჟანა ხაჩატურიანზე ვსაუბრობთ. ახალგაზრდა ქალზე, რომლის გაწეული შრომა, მოსწავლეებთან დახარჯული დრო, ჩადებული ენერგია, შესრულებული ფორმალური თუ არაფორმალური სამუშაო ჟიურიმ ასობით ღირსეულ პედაგოგს შორის გამოარჩია.

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ჟანა ხაჩატურიანი გახდა

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ფინალამდე არაერთი ეტაპი წარმატებით გაიარა, ჯერ ათ, შემდეგ კი ხუთ საუკეთესოს შორის მოხვდა, გამარჯვებას მაინც არ ელოდა – „ჯერ, შოკი, მერე სასწაული სიხარულისა და მადლიერების განცდა დამეუფლა და ბოლოს – უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა – გავიაზრე, რომ წინ კიდევ ბევრი რთული გზა მაქვს გასავლელი“, – გვიყვება ქალბატონი ჟანა.

შეყვარებულია საგანზე, რომელსაც ასწავლის და ფიქრობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია ყოფილიყო. მისთვის, სამოქალაქო განათლება არა მხოლოდ საგანია, არამედ ცხოვრების სკოლა. მით უმეტეს, მრავალფეროვან რეგიონში, სადაც, განსხვავების მიუხედავად, ერთმანეთს უსმენენ, პატივს სცემენ და თანაცხოვრობენ. სწორედ ამიტომ, მისი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს შეუქმნას გარემო, სადაც ისინი სწავლობენ არა მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს, არამედ ადამიანობას.

„ვცდილობ მოსწავლეებს გავუზიარო ღირებულებები, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებას აყალიბებს – თანასწორობა, თავისუფლება, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა და ემპათია. მათ ვასწავლი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ხმა და ამ ხმის გამოყენება უნდა ისწავლონ – გონივრულად, მშვიდად და სამართლიანად. მინდა მოსწავლეებმა ისწავლონ, რომ სამოქალაქო ცნობიერება იწყება საკუთარი კლასიდან – ერთმანეთის მოსმენით, თანადგომითა და საერთო წესების პატივისცემით. როცა მოსწავლემ იცის საკუთარი უფლებისა და სხვისი უფლების თანასწორად აღქმა, მაშინ იწყება ნამდვილი დემოკრატიული განათლება“, – საგნისადმი საკუთარ დამოკიდებულებას გვიზიარებს ქალბატონი ჟანა.

საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში და მის მიღმაც, ხშირად უწევს შეხება ისეთ პრობლემატურ და სენსიტიურ საკითხებთან, როგორიცაა ბულინგი, ჩაგვრა, ნაადრევი ქორწინება და ა.შ. ამბობს, რომ ეს საკითხები მისი ყოველდღიური რეალობის ნაწილია, როგორც მასწავლებლის, რომელიც მრავალფეროვან და გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობს. სენსიტიურ პრობლემებზე მუშაობას კი შესაბამისი გარემოს შექმნა სჭირდება, რათა მოსწავლემ ღიად საუბარი შეძლოს. შესაბამისად, მუშაობას მოსმენითა და უსაფრთხო გარემოს შექმნით იწყებს. ისეთით, სადაც მასწავლებელს პრობლემის იდენტიფიცირება და დროული დახმარების გაწევა შეუძლია.

პრობლემებთან საბრძოლველად, სასწავლო პროცესში, ხშირად იყენებს დისკუსიებსა და როლურ თამაშებს — ბავშვები თავად ეძებენ პასუხებს კითხვებზე: რა ზიანს აყენებს ჩაგვრა, რატომ არის თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა ასე მნიშვნელოვანი და ა.შ. განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ადრეული ქორწინების პრობლემატიკას და მას მტკივნეულ საკითხს უწოდებს. ამბობს, რომ ხშირად ახალგაზრდები ამ პრობლემის წინაშე დაბალი სამოქალაქო ცნობიერების გამო აღმოჩნდებიან ხოლმე. ამიტომ, ქეისებით, დისკუსიებით, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმების ჩვენებითა და განხილვით ცდილობს დააფიქროს ისინი გამომწვევ მიზეზებსა თუ შედეგებზე. უბიძგებს თავად გამოიტანონ დასკვნები და მოიფიქრონ რჩევები თანატოლებისთვის, რათა აღნიშნული პრობლემის მსხვერპლნი არ გახდნენ.

„მასწავლებელი მაშინ შეძლებს გახდეს ცვლილებების მომტანი, როცა გაიაზრებს, რომ სწავლების პროცესი, მხოლოდ თეორიული მასალის გადაცემა არაა. როცა აცნობიერებს, რომ ყველა გაკვეთილი, ბავშვებს ადამიანებად ყოფნას ასწავლის. სწორედ ამ დროს იწყება ბრძოლა ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – მიიჩნევს პედაგოგი.

შესამჩნევი გატაცებით საუბრობს ახალ თაობაზე და მათ განსაკუთრებულებს უწოდებს. ვერ მალავს აღფრთოვანებას მათი თავისუფლებით. ამბობს, რომ ისინი თამამად სვამენ კითხვებს და აფიქსირებენ საკუთარ აზრებს. შეუძლიათ რა ინფორმაციის სწრაფად მოძიება, მათი თითოეული გადაწყვეტილება თუ ნაბიჯი გაცნობიერებული და დამაჯერებელია, აზროვნება კი – გლობალური და თავისუფალი. მათთვის ბუნებრივია ისეთ თემებზე საუბარი, რაზეც წინა თაობები საუბარს გაურბიან, ან სიტყვებს სიფრთხილით არჩევენ. თუმცა, დასძენს იმასაც, რომ თავისუფლებას თან სდევს დიდი პასუხისმგებლობა — არჩევანის გაკეთების, ინფორმაციის გაფილტვრისა და სხვების პატივისცემისა.

„მომწონს მათი გულწრფელობა და ის, რომ უსამართლობას ადვილად არ ეგუებიან. შესაბამისად, ვფიქრობ რომ მასწავლებლის როლი გაზრდილია. მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება სწორად მივმართოთ ეს ახალი ენერგია – მათი სიმამაცე სიბრძნედ ვაქციოთ და თავისუფლება – პასუხისმგებლობად“, – დასძენს იგი.

ბევრს საუბრობს ქართულ განათლების სისტემაზე, რომელიც, მისი აზრით, ერთდროულად დიდი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას. ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე გარკვეული დაბრკოლებები შეიქმნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განათლების სისტემაზე პირდაპირ აისახება. მისთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ევროპული გზა ნიშნავს ღირებულებებზე დაფუძნებულ განვითარებას — კრიტიკული აზროვნების, დემოკრატიული კულტურის, თანასწორობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემას. მისგან ნებისმიერი დაშორება კი იმ ღირებულებებისგან დაშორებაა, რომლებზეც თანამედროვე სკოლა უნდა შენდებოდეს.

“სამწუხაროდ, ევროინტეგრაციასთან დაშორების შედეგად გამოწვეული ცუდი მაგალითები საკმაოდ მოგვეპოვება, მაგრამ მასწავლებლის ციხეში ყოფნა ყოვლად დაუშვებელია. მინდა, ჩემი პროფესიული სოლიდარობა გამოვუცხადო ნინო მასწავლებელს”, – აცხადებს 2025 წლის ჯილდოს გამარჯვებული.

არ ერიდება იმაზე საუბარსაც, რომ საგანმანათლებლო სივრცეში ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა. მთავარ გამოწვევად კი მასწავლებელთა კომპეტენციის საკითხს ასახელებს. ამბობს, რომ რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში პროფესიული კომპეტენციის მქონე მასწავლებელი ძალიან ცოტაა. მაგალითად, ასწავლიან სახელმწიფო ენას, რომელზეც თავად ვერ საუბრობენ. შესაბამისად, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული მატერიალური რესურსისა, „საქართველოს წიგნიერების დონის მაჩვენებელი კრიტიკას ვერ უძლებს“. ფიქრობს, სახელმწიფომ მასწავლებელს ისეთი მოტივაცია უნდა შეუქმნას, რომ საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი სკოლით დაინტერესდეს.

ხაზს უსვამს რეგიონებისა და დედაქალაქის სკოლებს შორის არსებულ არათანაბარ პირობებსაც. ამბობს, რომ რეგიონების სკოლების გამოწვევები დედაქალაქის სკოლების რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს განსხვავება კი თითქმის ყველაფერში ჩანს – ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, რესურსებითა და შესაძლებლობებით დამთავრებული.

მისი თქმით, რეგიონის სკოლებში მასწავლებელი ხშირად მარტო დგას მრავალფეროვანი სირთულეების წინაშე: ტექნოლოგიური ბაზის ნაკლებობა, წიგნებისა და მატერიალური რესურსების სიმცირე, მოუწესრიგებელი ინფრასტუქტურა, რასაც საგნის სპეციალისტების პრობლემაც ემატება. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, მისივე აზრით, რეგიონში მასწავლებელი უკეთ გრძნობს თემის სუნთქვას, იცნობს თითოეულ ოჯახს და ბავშვთან უფრო გულწრფელ, ადამიანურ კავშირს ამყარებს.

„დედაქალაქის სკოლებში მეტი შესაძლებლობაა — თანამედროვე ტექნიკა, კონკურსები, ტრენინგები და პარტნიორობა საერთაშორისო პროგრამებთან. მაგრამ ხშირად იქ ნაკლებია ის სიახლოვე, რაც პატარა თემის სკოლას ახასიათებს. მინდა ჩემს მოსწავლეებს დავაჯერო, რომ ბავშვის შესაძლებლობები მათი საცხოვრებელი ადგილით არ განისაზღვრება. ვცდილობ, მათ მივცე უნარები და ცოდნა, რათა ნებისმიერ კონკურენტუნარიან გარემოში კონკურენციის გაწევა შეძლონ. რეგიონის სკოლებში იზრდება გულწრფელი, მშრომელი და იმედით სავსე ჯანსაღი თაობა-სწორედ ეს აძლევს მათ განსაკუთრებულ ღირებულებას“ – ამბობს ქალბატონი ჟანა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025-ის მფლობელს ვესაუბრეთ იმ პრობლემაზეც, რომელიც მის რეგიონში – ახალქალაქში და ზოგადად, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ჯერ კიდევ მწვავედ დგას. საუბარია სახელმწიფო ენის ცოდნის დონეზე, რომელიც მოსახლეობაშიც და მათ შორის, პედაგოგებშიც კი კრიტიკულად დაბალია. ჟანა ხაჩატურიანი ადასტურებს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, სახელმწიფო ენის ცოდნა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამბობს, რომ არაქართულენოვან სკოლაში ბავშვები სწავლას მშობლიურ ენაზე იწყებენ, ხოლო ქართულს მხოლოდ საგნად სწავლობენ, რაც მათ ინტეგრაციას, როგორც განათლების, ისე საზოგადოების დონეზე, ართულებს.

პედაგოგი, რომელიც საკითხს არა შორიდან, არამედ სიღრმისეულად, ადგილზე მიღებული გამოცდილებით იცნობს, გვეუბნება, რომ პრობლემა მხოლოდ ენის დაუფლებაში კი არა, ენის გარემოს არქონაშიცაა — როცა ქართულენოვანი მედია, კულტურული სივრცე, ან ურთიერთობები ნაკლებად ხელმისაწვდომია, ენის შესწავლა ბევრად რთულდება.

სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროგრამები, მისი თქმით, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისს – ქმნიან შესაძლებლობებს, მაგრამ შედეგი ხშირად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და ეფექტიანად ხორციელდება პროგრამები კონკრეტულ სკოლებში, რამდენად მოტივირებული და მომზადებულია მასწავლებელი, რამდენად მოტივირებულია ადგილობრივი საზოგადოება და რამდენად იგრძნობა სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა.

„ჩემი სადისერტაციო ნაშრომი – „სახელთა ბრუნება ქართულასა და სომხურ ენებში“ , აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებსაც განიხილვას. უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ-სომხურში ლინგვისტური კვლევების რაოდენობა უცნაურად მცირეა. ამიტომაცაა, რომ სახელმწიფო ენის სწავლებისას, მაგალითების შეპირისპირებითი ანალიზი პრაქტიკოსი მასწავლებლის ინიციატივაზეა მინდობილი და არა ფუნდამენტურ კვლევათა მონაცემებზე. ჩვენს სკოლებს ენის სწავლება იმიტომ უძნელდებათ, რომ სისტემის სწავლება, თავისი განსაკუთრებული სირთულის გამო, დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, ხოლო ამ გრძელი გზით სიარულისას, საბოლოო შედეგი – კომუნიკაცია ძნელად მისაღწევი და დაგვიანებულია. მე, იმ თვალსაზრისს ვემხრობი, რომ კომუნიკაცია ცალკე საგნად უნდა გამოიყოს სკოლებში.
„მოკლედ, სახელმწიფო ენა დღესაც რეალურ გამოწვევად რჩება, თუმცა ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. პროგრამებს უნდა ჰქონდეთ გრძელვადიანი, ადამიანზე ორიენტირებული მიზნები, რომლებიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ენის ცოდნას, არამედ საერთო მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაძლიერებასაც“, – მიიჩნევს ჟანა ხაჩატურიანი.

რესპონდენტთან საუბარს სამომავლო გეგმებით ვასრულებთ, რომლის სიაც, ისევე როგორც შესაძლებლობები, 30 სექტემბრის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. გამარჯვებით მოპოვებული შესაძლებლობების გამოყენებას „ჩრდილში მდგარი“ სკოლების მხარდაჭერისთვის გეგმავს, სადაც განათლება ჯერ კიდევ არ არის თანაბარი შესაძლებლობების სივრცე. გეგმავს, გამოცდილება და აღიარება საკუთარ თემში სამოქალაქო და დემოკრატიულ პროცესებში მოსწავლეთა ჩართულობისთვის ბრძოლას მოახმაროს, შექნას ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები, სადაც ტექნოლოგიები, ენები და სამოქალაქო განათლება ახალგაზრდებს ინტეგრირებულად მიეწოდებათ.

აპირებს გააძლიეროს მუშაობა მოსწავლეების პიროვნული და მოქალაქეობრივი განვითარების მიმართულებით. რათა ცოდნასთან ერთად, მათ ჰქონდეთ უნარი- იმოქმედონ, თავისუფლად გამოხატონ აზრი, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნული უნარები ქმნის აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეს. საბოლოო მიზანი მკაფიოა – ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია და მომავლი მათ ხელშია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური