GE

COVID-19 ქობულეთში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაუდასტურდათ – სკოლა სწავლას დისტანციურად გააგრძელებს

ქობულეთის წმიდა კირიონ მეორის სახელობის სკოლა, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, მთლიანად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 370 მოსწავლე სწავლობს.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი სკოლის ორ პედაგოგს და ორ მოსწავლეს 10 მარტს დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„თავიდან ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა კორონავირუსი, რომელმაც სკოლის ადმინისტრაციას აცნობა და საქმის კურსში ჩააყენა. შემდეგ მეორე მასწავლებელსაც დაუდასტურდა. ასევე დაინფიცირდნენ 1-ლი და მე-7 კლასის მოსწავლეები, მათ არანაირი გართულებული სიმპტომები არ აქვთ. დღეს, სკოლის 50-პედაგოგს, პრევენციის მიზნით, კორონავირუსზე PCR და სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ“, – განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილე ვახო ქობულაძემ.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელ მადონა გოგიტიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებისთანავე  სკოლა სწავლების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

“კონტაქტირებულ პირების ნაწილი უკვე თვითიზოლაციაში გადავიდა. კიდევ მოხდება გადამოწმება და ამის მერე, თუ საბოლოოდ ყველაფერი წესრიგში იქნება, სკოლას მიეცემა შესაძლებლობა, სრულად დაუბრუნდეს დასწრებულ სწავლებას. ხვალიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვა მიმართავს სკოლას ოფიციალური სარეკომენდაციო წერილით და სკოლა იმოქმედებს ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად”, – განაცხადა მადონა გოგიტიძემ.

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს აცნობა, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი 22- მარტამდე გაგრძელდება.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური