GE

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის 25 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

1 მარტიდან საბავშვო და კერძო ბაგა- ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. თუმცა იმთავითვე თბილისში 8 ბაღმა კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო ფუნქციონირება ვერ შეძლო.

დღეის მარტის მონაცემებით აღნიშნულ 8 ბაღს 17 დაემატა. შესაბამისად ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი 25 ბაღშია შეჩერებული.

„9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და პირველ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა“, – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს. თანამშრომელთა ტესტირება კი ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური