კორონავირუსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკა სკოლებში – კიდევ ერთი სკოლა დაიხურა
2020 წლის 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი უშუალოდ საკლასო ოთახებში 1577 სკოლაში დაიწყო, თუმცა ასეთი სკოლების რიცხვი ყოველდღიურად მცირდება. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, სკოლების ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, ათეულობით მოსწავლე და მასწავლებელი კი თვითიზოლაციაშია.
ინფიცირების ბოლო ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ შრომაში გამოვლინდა სადაც, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა დაიხურა და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. COVID-19 დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ამ ფაქტის გამო, 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
მერის წარმომადგენელი შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონსტანტინე ხომერიკი აცხადებს, რომ 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ტესტი უკვე ჩაუტარდა და პასუხები 72 საათში უნდა გახდეს ცნობილი.
ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა ასევე, სენაკში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც კორონავირუსი პედაგოგსა და ორ მოსწავლეს დაუდგინდა, აღნიშნული სკოლის ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება, 150 ადამიანის ტესტის პასუხი რამდენიმე საათში უნდა გახდეს ცნობილი.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, თუმცა ამ შემთხვევაში მოზარდს კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე თანატოლთან ჰქონდა, რომლებიც იზოლაციაში არიან და ფაქტს სკოლის დახურვა არ მოჰყოლია.
საჯარო სკოლები დაიხურა და დისტანციურ სწავლაზე გადავიდა ასევე მაღალმთიან აჭარაშიც, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელს დაუდასტურდა.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, სკოლების რიცხვი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდება ყოველდღიურად იზრდება. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტესტირებას და იზოლაციაში გადაყვანის საკითხებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წყვეტს. ამ ფონზე, დისტანციურ რეჟიმში მყოფი 700-მდე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სწავლის განახლებას საკლასო ოთახებში ელოდებიან.
სწავლის დაწყების დღეებში ინფექციონისტები საუბრობდნენ, რომ პირველ ოქტომბერს სკოლების გახსნა ბევრად იქნებოდა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და ასევე იმ სკოლებში არსებულ სიტუაციაზე, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ამ ეტაპზე თუ რამდენი სკოლა გადავიდა ტრადიციულიდან დისტანციურ სწავლებაზე და რამდენი მოსწავლეა იზოლაციაში, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან მონაცემები ყოველდღე იცვლება.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება