GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება – ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა უნიკალური შესაძლებლობებითა და უპრეცედენტო აღიარებით

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,  2020 წლის 10 აგვისტოს, განმეორებით,  7 წლიანი უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა. ესაა პროგრამა, რომლის განვითარების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი სიახლე დაინერგა. რთულია ერთ სტატიაში ჩაატიო ის მიღწევები, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონიათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2015 წელს, შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა ეწოდა და ის დღემდე, ასეთი სახელწოდებით, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ერთადერთია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი   იყო პირველი, რომელმაც ქვევრში ღვინის დაყენების ქართული, ტრადიციული ტექნოლოგიის სწავლება დაისახა მიზნად და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს დღემდე ახორციელებს. გარდა ამისა, სტუდენტები შეისწავლიან ღვინის დამზადების კლასიკურ და მსოფლიოში აპრობირებულ ინოვაციურ მეთოდებს.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი   მარინა გედევანიშვილი განმარტავს, 2015 წელს, საქართველოში მოქმედი  ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად,   უნივერსიტეტს შესაძლებლობა არ ჰქონდა კურსდამთავრებულისთვის კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიენიჭებინა. სწორედ უნივერსიტეტის მიერ გაწეული დიდი სამუშაოსა და ძალისხმევის შედეგად დღეს, საქართველოში მოქმედ  ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში გაჩნდა მევენახეობა-მეღვინეობის ახალი სწავლის სფერო, რამაც უნივერსიტეტს საშუალება მისცა კურსდამთავრებულს მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრის კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი მიანიჭოს, რაც ასევე პირველი იქნება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.   დღეისათვის აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია დარგის აღიარებული, საერთაშორისო გამოცდილების მქონე 14 პროფესორი და  მეცნიერი, ასევე 5 პრაქტიკოსი, მოწვეული ლექტორი.

მარინა გედევანიშვილი: 2015 წლიდან მოყოლებული პროგრამაში განახლდა 10 სავალდებულო სასწავლო კურსი და დაემატა 14 არჩევითი სასწავლო კურსი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უნივერსიტეტს საკმარისი აკადემიური რესურსი აქვს სამაგისტრო პროგრამის შეუფერხებლად და ეფექტურად განსახორციელებლად. 2015 წელსვე, ქართული მევენახეობა–მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის უნივერსიტეტშივე განხორცილების მიზნით შეიქმნა უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო ბაზა, რომელიც დღემდე ვითარდება და ფართოვდება. ეს არის ქართული ტრადიციების დაცვით აგებული, გამორჩეული არქიტექტურის მქონე მარანი „კოლხი“, რომელიც მოიცავს უძველესი ქართული ქვევრებით აღჭურვილ მარანს, საწნახელს, ვინოთეკას, მიკროვინიფიკაციისათვის გათვალისწინებულ თანამედროვე ტექნიკა-ინვენტარს. მარნის ტერიტორიაზე ჩაყრილია ქართლისა და კახეთის რეგიონებში შეძენილი, 62 ცალი 100- წლოვანი ქვევრი, ტევადობით 500-დან 2000 ლიტრამდე. გარდა ამისა, მარნის ტერიტორიის საცდელ ნაკვეთზე გაშენდა ვაზის უნიკალური   კოლექცია, რომელიც დღეისათვის ყურძნის 120-მდე ენდემურ ჯიშს მოიცავს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს  დააკვირდნენ ვაზის განვითარების ყველა ფაზას.

2015 წლიდან მოყოლებული, უნივერსიტში შეიქმნა და სათანადო დანადგარებითა და აპარატურით აღიჭურვა ვაზისა და ღვინის მიკრობიოლოგიის, ვაზის ბიოლოგიისა და მევენახეობის, ენოქიმიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, მიკროვინიფიკაციის საექსპერიმენტო ლაბორატორია, რომლებშიც მზადდება და ღვინოს ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა უტარდება.  სტუდენტთა განკარგულებაშია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით დაკომპლექტებული სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ სრულფასოვნად შეისწავლონ ღვინის ორგანოლეპტიკა. ისინი მუდმივად არიან ჩართულნი პრაქტიკულ მეცადინეობებსა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების პროცესში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უნივერსიტეტი სამაგისტრო ნაშრომების ექსპერიმენტალური და კვლევითი კომპონენტის შესასრულებლად საჭირო ნედლეულისა და მასალების შესყიდვასაც უზრუნველყოფს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ მიმართულებაზე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკას. რა შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ ამაზე?

წელს, კასპის რაიონის სოფელ ოკამში, 10 ჰექტრ მიწის ნაკვეთზე გაშენდა სარწყავი სისტემებით და ქარსაცავი ზოლით აღჭურვილი ვენახი.  პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმები აქვს გაფორმებული  სხვადასხვა კომპანიასა და კვლევით ცენტრებთან, რაც რეალურ სამუშაო გარემოში სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. ესენია: შპს ახალშენი 2005; შპს ღვინის ლაბორატორია; საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი; სს სარაჯიშვილი; ქინძმარაულის მარანი; მეღვინეობა ხარება დ მრავალი სხვა.

გარდა ამისა, სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა ინტერნაციონალიზაციის მიზნით უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმები აქვს  გაფორმებული ფლორენციის უნივერსიტეტთან, უდინის უნივერსიტეტთან, ERASMUS +    ლუბლიანას უნივერსიტეტთან; ბურგოსის უნივერსიტეტთან,  ლა რიოჰას უნივერსიტეტთან, ალკალას უნივერსიტეტთან,  კადის უნივერსიტეტთან; მოლდოვეთის აგრარულ უნივერსიტეტთან; ბულგარეთის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიასთან და ა.შ.

რაც შეეხება სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარ – ჩვევების განვითარების მიზნით ჩატარებულ   ღონისძიებსა  და აქტივობებს, ისინიც მრავლადაა: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა შექმნა მაგისტრანტი სტუდენტების მიერ დამზადებული ე.წ. „სტუდენტური ხაზი“-ის სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ღვინოები, რომლებიც 2018-2019 წლებში წარდგენილი იყო  მცირე მარნებში დამზადებული ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე იტალიასა და გერმანიაში;  2019 წელს – ესპანეთის „რადიკალური ღვინოების მე-8 ფესტივალზე“  უნივერსიტეტი მიწვეული იყო ოფიციალური სტატუსით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარანში „კოლხი“ მაგისტრატურის სტუდენტების მიერ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოებით გაიხსნა და დაიხურა ფესტივალი;  2019 წლის ოქტომბერში  ჩატარდა „ქართული ღვინის ფესტივალი“, რომლის გენერალური სპონსორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. აქაც წარდგენილი იყო მაგისტრანტ-სტუდენტების მიერ დამზადებული ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს ფესტივალის  სტუმრებსა და ექსპერტებს შორის; მაგისტრანტი სტუდენტების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ორჯერ ჩატარდა საავტორო პროექტი, საგანმანათლებლო კონკურსი – ,,ქართული ღვინის გზა“; მუდმივად ტარდება შეხვედრები, საჯარო ლექციები და მასტერ-კლასები დარგის აღიარებული პროფესიონალების მიერ და ა.შ.

 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უამრავი მიღწევა აქვს სამეცნიერო მიმართულებითაც. ჩვენმა რესპონდენტმა ჩამოგვითვალა ათობით პროექტი მაგისტრანტთა და პროფესორთა მონაწილეობით, რომელთაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს, მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციები, რომლებშიც ქართველ და უცხოელი სასწავლო და სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, არაერთი სასერტიფიკაციო ტრენინგ-კურსი და ა.შ.

მაგისტრობის მსურველებისთვის, რომელთაც სურთ განათლება მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიიღონ, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ის, რომ აღნიშნული პროგრამის არჩევის საშუალება მათ 5 სექტემბრამდე აქვთ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური