GE

კსუ-ში სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“.

კონფერენციის მომხსენებლებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები მიესალმნენ.

კახაბერ კორძაია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი): უკვე ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ და მესამედ ვიკრიბებით წელს მასწავლებელთა კონფერენციაზე. ჩვენი კონფერენცია ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, უფრო მეტი გამოთქვამს სურვილს მოხსენებით გამოვიდეს და წელს ზოგიერთისთვის უარის თქმაც მოგვიწია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს წარმომადგენლებს, მინისტრის ორი მოადგილე გვესწრება ღონისძიების გახსნაზე. ქალბატონი ეკატერინე დგებუაძე, რომელიც კურირებს სკოლებს და ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი რომელიც კურირებს უნივერსიტეტებს, ფაქტობრივად, მთელი სპექტრი მოცულია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი რეფორმების ფონზე როგორია სკოლების წარმომადგენლების ხედვები და მოსაზრებები და სიამოვნებით მოვუსმენთ.

ეკატერინე დგებუაძე (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ ის, რომ ადამიანები ერთ სივრცეში იკრიბებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. დღესდღეობით მნიშვნელოვანი საკითხია ტექნოლოგიების გამოყენება, სამინისტრო აქტიურად მუშაობს რომ მოხდეს სკოლების ინტერნეტიზაცია და იქ გარკვეული რესურსების შეტანა განხორციელდეს, სხვადასხვა პროგრამაზეც მუშაობს სამინისტრო, რომელსაც ეტაპობრივად დანერგავს.

ნუნუ მიცკევიჩი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. საუნივერსიტეტო სივრცემ უმასპინძლა სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს, სადაც მათ ჰქონდათ საშუალება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ სწავლების ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები. უმაღლესი სკოლა სრულიად დგას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაზე. თითოეული ჩატარებული გაკვეთილი აისახება მოსწავლის ცნობიერებაში და გავლენას ახდენს მის მომავალ ცხოვრებაზე. სამეცნიერო სივრცეში დღეს სკოლას აქვს სხვადასხვა საშუალებები გააძლიეროს კვლევითი კომპონენტი, რასაც მხარს უჭერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი თავისი პროექტებით, სადაც კსუ ყოველწლიურად მონაწილეობს და კარგია თუ ეს პრაქტიკა გავრცელდება სხვა სკოლებზეც.

კონფერენციაზე საქართველოს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო  სკოლებიდან 70-მდე მომხსენებელი იმყოფებოდა, რომლებიც 5 სექციაში იყვნენ განაწილებულები, ესენი იყო:

  • დირექტორთა სექცია;
  • ჰუმანიტარული საგნების სექცია;
  • საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სექცია;
  • უცხო ენის, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის სექცია;
  • უსაფრთხო სკოლის სექცია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელ სესილი გოგიბერიძის განცხადებით, უნივერსიტეტი მზადაა, საინტერესო ინიციატივების შემთხვევაში კონკრეტულ სკოლებთან ითანამშრომლოს.

„ყოველთვის ძალიან საინტერესოა შეხვედრა პედაგოგებთან და სკოლების დირექტორებთან. მათი მოხსენებები ჩვენ ძალიან გვიმდიდრებს გამოცდილებას, მასში ასახულია რეალური და პრაქტიკული საკითხები, რასაც ეს ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებიან. წლევანდელი თემატიკა ძალიან საინტერესოა, მოგეხსენებათ როგორი აქტუალურია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ვფიქრობ, ბევრი სიურპრიზიც გვექნება. გასულ წელსაც ჩვენ რეგიონებიდან გვყავდა ისეთი დირექტორები, რომლებმაც არაჩვეულებრივი მოდელები წარმოადგინეს და შესანიშნავი შედეგები აქვთ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. ჩვენი ეს თანამშრომლობა სკოლებთან შეიძლება იყოს ერთობლივი პროექტების საწინდარი და საინტერესო თემები თუ გამოიკვეთა მზად ვართ, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა იმუშაონ სკოლების პედაგოგებთან ერთად“,- ამბობს სესილი გოგიბერიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური