GE

კსუ–ში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა 400-მდე სტუდენტმა მიიღო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია  გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 380-მა მომხსენებელმა მიიღო.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, კონფერენციის მიზანია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სტუდენტთა სამეცნიერო კავშირების ფორმირება, ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება; ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება; სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელშეწყობა; უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის კახაბერ კორძაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ცხოვრებაში ნებისმიერი ტიპის კონფერენციების და ზოგადად კონფერენციების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საამაყოა ის, რომ აღნიშული კონფერენცია ტრადიციად იქცა და წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.

„კონფერენციის მიზანი ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვაა. ხედვათ რომ წელს საკმაოდ ფართო მასშტაბი მოიცვა კონფერენციამ და საკმაოდ ბევრი გამომსვლელი გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი გვქონდა, წელს ძალიან მკაცრად შეგვეფასებინა ნაშრომები, მაგრამ ვერ შევძელით იმდენად მაღალი დონის ნაშრომები იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

სამეცნიერო კონფერენციაში სტუდენტთა უპრეცედენტო რაოდენობასა და კონფერენციაში უცხოელი სტუდენტების მონაწილეობაზე უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და საორგანიზაციო კომიტეტის თაჯდომარე ნინო მინდიაშვილმა ისაუბრა.

„წელს განაცხადების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, 400-ზე მეტი განაცხადი იყო და ჟიურიმ რამდენიმე ეტაპად იმუშავა, რომ კონფერენციის მონაწილეები შეერჩია. დღევანდელ კონფერენციაში თითქმის 380 მომხსენებელი მონაწილეობს, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. მუშაობს 8 ძირითადი და 16 ქვესექცია. ყველა სექციას ხელმძღვანელობენ სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს, რაც მათ სამომავლო საქმიანობაზე აისახება.

ვფიქრობ, ასეთი ინტერესი ჩვენი კონფერენციის მიმართ განაპირობა საორგანიზაციო კომიტეტის და პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივმა მუშაობამ. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს კონფერენციაში დოქტორანტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს. გარდა ამისა, ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობს სამი უცხოელი სტუდენტი, ორი საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში და ერთი სამედიცინო მიმართულებით“, – განაცხადა ნინო მინდიაშვილმა.

კონფერენციაში ჩართული იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ჰამიდ მოსტაფავიც, რომელმაც საერთაშორისო კონფერენციების მნიშვნელობაზე და ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრი მონაწილე გვყავს. ასეთი კონფერენციები და კულტურული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს მომავალ ურთიერთობას საქართველოსა და ირანს შორის. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ვესწრები ამ ღონისძიებას. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები მტკიცე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ჰამიდ მოსტაფავიმ.

თავის მხრივ, კონფერენციის მნიშვნელობაზე მასში მონაწილე სტუდენტებმაც ისაუბრეს. მათი თქმით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია ხელს უწყობს მათ განვითარებას და ცოდნის გაღმავებას.

კავკასიის საერთაშიორისო უნივერსიტეტის სოციალურმეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გიორგი მორგოშია: „დღევანდელი დღე ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უპირველესად იმიტომ, რომ ამ კუთხით ახალბედა არ ვარ და სამეცნიერო კონფერენციაში უკვე მესამედ ვმონაწილეობ. დღევანდელი ჩემი თემა საერთაშორისო ურთიერთობების სექციაზე გამაქვს – „ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური გამოწვევა“. კონფერენცია არის დიდი სტიმულის მომცემი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ სტუდენტი არ არის და ახლა უნდა გახდნენ; მათ უნდა გაიცნონ ის შესაძლებლობები, რასაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ახალი ტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრატურის მე-2 კურის სტუდენტმა სალომე კობიაშვილი: „ეს არ არის ჩემი პირველი კონფერენცია, უკვე მესამედ ვმონაწილეობ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი თემა – „მრავალფეროვნების გაშუქება ქართულ მედიასივრცეში საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითზე“ სტუდენტებს დაეხმარება. სამეცნიერო კუთხე სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მით უფრო, რომ მე მაგისტრანტი ვარ, ეს ძალიან მეხმარება ჩემს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობაში. კონფერენციებში მონაწილეობის მიღება აღრმავებს ცოდნას და უნარებს“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური