GE

„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება

„მასწავლებლისგან მეტი პროფესიული პასუხისმგებლობის მოთხოვნა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად რეალური შესაძლებლობებიც აქვს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში რუსუდან გონაშვილი, საგნობრივი ტრენერი და ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, რომელსაც ახალი სქემის ფარგლებში პედაგოგის წინსვლისთვის აუცილებელი აქტივობის – ხედვის შექმნის ვალდებულებაზე ვესაუბრეთ.

სპეციალისტი თვლის, რომ რეფორმის წარმატება არ უნდა განისაზღვროს იმით, რამდენი დოკუმენტი შეიქმნა ან რამდენმა მასწავლებელმა შეძლო ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. მთავარი ისაა, გაძლიერდნენ თუ არა მასწავლებლები, გაუმჯობესდა თუ არა სასკოლო პრაქტიკა და მიიღეს თუ არა მოსწავლეებმა უკეთესი განათლება.

“ახალი სქემის იდეაში დადებითიც არის – მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია მხოლოდ სტატუსით კი არა, პრაქტიკული გამოცდილებითა და კოლეგების განვითარების ხელშეწყობითაც უნდა დასტურდებოდეს. თუმცა კეთილშობილური მიზანი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისი განხორციელების მექანიზმი სრულყოფილია.

თუ მასწავლებელმა საკუთარ სკოლაშიც უნდა შეასრულოს პროფესიული ფუნქცია და, წინსვლის შემთხვევაში, სხვა სკოლების კოლეგებსაც გაუწიოს ფასილიტაცია, ჩნდება ლოგიკური კითხვა: როდის, რა რესურსით და რა პირობებში უნდა შესრულდეს ეს ყველაფერი? ონლაინ შეხვედრა ამცირებს გადაადგილების საჭიროებას, მაგრამ არ აუქმებს სამუშაოს, მომზადებას, უკუკავშირსა და მტკიცებულებების შეგროვებას. ამას ემატება ძირითადი პედაგოგიური საქმიანობა, მოსწავლეთა პროექტები და პირადი დრო, რომელიც მასწავლებელსაც სჭირდება”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან რუსუდან გონაშვილი.

მენტორის თქმით, ფასილიტაცია არ ნიშნავს სხვის ნაცვლად მუშაობას – მისი მიზანი კოლეგების გაძლიერებაა. ამიტომ შედეგიც მხოლოდ შეხვედრებისა და ატვირთული დოკუმენტების რაოდენობით არ უნდა შეფასდეს. აუცილებელია იმის დანახვა, რა შეიცვალა რეალურად, რა პირობებში და რამდენად შეუწყო ხელი ამ ცვლილებას ფასილიტატორის საქმიანობამ.

ტრენერი აქცენტს აკეთებს ხედვის შემფასებელი კომისიის მიუკერძოებლობის საკითხზე და ასევე მიაჩნია, რომ სიახლის დანერგვის შემდეგ მასწავლებელთან ერთად, თავად სისტემამაც უნდა შეაფასოს საკუთარი თავი:

“არანაკლებ მნიშვნელოვანია კომისიის მიუკერძოებლობა, შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმები და კანდიდატებისთვის თანაბარი შესაძლებლობები. საპილოტე წელს მხოლოდ მასწავლებლების შეფასება არ კმარა – თავად სისტემამაც უნდა შეაფასოს საკუთარი ეფექტიანობა: დატვირთვა, მხარდაჭერა, ბიუროკრატიული მოთხოვნები და მიღწეული შედეგები.

პროფესიული წინსვლა დამატებითი ტვირთის დაკისრება კი არა, კომპეტენციის გამოვლენისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა უნდა იყოს. იმედია, ეს მრავალჯერ შეცვლილი სქემა ამჯერად მაინც მიაღწევს მიზანს და მასწავლებლებს კიდევ ერთხელ არ გაუცრუებს იმედს”.

ხედვის სამუშაო მაგალითი რუსუდან გონაშვილისგან:

ახალი სქემის მიხედვით, წინსვლის მსურველი მასწავლებლის ხედვა უნდა იყოს კონკრეტული, დასაბუთებული და სკოლის საჭიროებებზე მორგებული. მხოლოდ იმის დაწერა, რომ გსურს პროფესიული განვითარება, კოლეგების დახმარება ან სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, საკმარისი არ არის – კომისიამ უნდა დაინახოს, რა პრობლემას ხედავ, რას აპირებ, როგორ შეასრულებ არჩეულ ფუნქციას და რა შედეგს ელოდები.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 11 სექტემბრის №444 დადგენილებით გათვალისწინებული ახალი სქემის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხედვა უკავშირდებოდეს იმ კონკრეტულ ფუნქციას, რომლის შესრულებასაც მასწავლებელი ესწრაფვის. ხედვა არ უნდა აგვერიოს სამოქმედო გეგმაში, უკვე შესრულებული საქმიანობის ანგარიშსა თუ პროფესიული განვითარების ზოგად გეგმაში.

როგორ დავწეროთ ახალი სქემით გათვალისწინებული, მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა

მნიშვნელოვანია ერთი განსხვავება: ხედვა არ არის უბრალოდ სურვილების ჩამონათვალი. ეს არის პროფესიული პოზიცია, რომელიც აჩვენებს, როგორ წარმოგიდგენია სასურველი ფუნქციის შესრულება სკოლის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით.

ქვემოთ გიწერთ ხედვის ნიმუშს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, სწავლა-სწავლების მიმართულებით. ეს არის სამუშაო მაგალითი და არა სქემით დამტკიცებული სავალდებულო ფორმა. საბოლოო ტექსტი უნდა მოერგოს სკოლის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ ფუნქციას და რეალურ საჭიროებებს.

ხედვა-სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება მოსწავლეზე ორიენტირებული, კვლევაზე დაფუძნებული და პრაქტიკასთან დაკავშირებული სასწავლო პროცესის გზით ჩემი, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, პროფესიული ხედვა ეფუძნება რწმენას, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესება მხოლოდ სასწავლო მასალის სრულყოფილად მიწოდებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს მიღებული ცოდნის გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ვფიქრობ, სკოლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სწავლა-სწავლების პროცესში არსებული საჭიროებების გამოვლენა, მათზე რეაგირება და ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც მოსწავლეთა რეალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს უპასუხებს.
ჩემი ხედვით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა კითხვის გააზრების, ზეპირი და წერითი მეტყველების, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას. აღნიშნული უნარები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისთვის, არამედ მოსწავლის პიროვნული განვითარებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებული მონაწილეობისთვისაც.

ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სასწავლო პროცესის საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვა, მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება, განმავითარებელი შეფასების ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვა და მოსწავლეთა მიღწევების სისტემური გაანალიზება. აუცილებელია, მასწავლებელმა შეფასების შედეგები გამოიყენოს არა მხოლოდ მოსწავლის მიღწევის დასადგენად, არამედ სწავლების შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმადაც.

ჩემი პროფესიული ხედვის ერთ-ერთი პრიორიტეტია კოლეგებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. მიმაჩნია, რომ პროფესიული თანამშრომლობა განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როდესაც იგი ეფუძნება კონკრეტულ საგანმანათლებლო საჭიროებებს, პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზებასა და მიღებული შედეგების შეფასებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი დაგეგმვა, სასწავლო რესურსების გაზიარება და სწავლების ეფექტიანი მიდგომების ერთობლივი განხილვა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება, შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც მათ აქტიურ მონაწილეობას, დამოუკიდებელ აზროვნებასა და სწავლისადმი პასუხისმგებლობას შეუწყობს ხელს.

მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხედვის განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს სკოლის საჭიროებების ანალიზს, დასახული მიზნების თანმიმდევრულ განხორციელებასა და მიღებული შედეგების შეფასებას. მნიშვნელოვანია, განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობა განისაზღვროს არა მხოლოდ ჩატარებული აქტივობების რაოდენობით, არამედ იმ ცვლილებებითაც, რომლებიც აისახება მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე, სასწავლო პროცესში მათ ჩართულობასა და პროფესიულ თანამშრომლობაზე.

ჩემი მიზანია, საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული პასუხისმგებლობა მივმართო სკოლის საჭიროებებზე რეაგირებისკენ, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ისეთი პრაქტიკის განვითარებისკენ, რომელიც მოსწავლეთა პროგრესსა და სკოლის საერთო საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა.

ასევე იხილეთ:

რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური