GE

მადნატურის სამსახურში მიღების ასაკად 21 წლის განსაზღვრა დაბალ ანაზღურებას უკავშირდება

თუ თქვენ 21 წლის ხართ, უფრო მარტივად დათანხმდებით 400 –ლარიან ხელფასზე მუშაობას სკოლაში, მანდატურის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე. სწორედ ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება იმ არგუმენტების მოსმენისას, რომელიც დღეს პარლამენტში მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას ითქვა.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც მანდატურის ინსტიტუტის დახვეწასა და მისთვის დამატებითი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საკომიტეტო განხილვისას მანდატურის ასაკობრივ ცენზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მანდატურის თანამდებობაზე ყოფნა 21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შეეძლებათ.

როგორც სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თავდაპირველი ვარიანტი იყო 27 წელი, შემდგომ 25. თუმცა საბოლოოდ სკოლებში მანდატურის შესვლის ასაკად 21 წლი განისაზღვრა, აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარ არგუმენტად კი მანდატურის დღევანდელი ანაზღაურების ოდენობა წარმოადგენს.

„ვიფიქრეთ, ასევე კადრების მოზიდვის პრობლემაზე, ვინაიდან დღეის მდგომარეობით, მანდატურის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს. ამ თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლებოდა კადრების მოზიდვის პრობლემა შეგვქმნოდა. ამიტომ ჩამოვყალიბდით 21 წლის ასაკზე, თუმცა ეს ერთგვარად დავაბალანსეთ იმით, რომ უმაღლეს განათლებაზე მითითებით ჩვენ ფაქტობრივად მივაღწევთ იმას რომ 21 წლის ასაკს მიღწეული პირი ყოველთვის არ დასაქმდება მანდატურის თანამდებობაზე.

„ვინაიდან უმაღლესი განათლებაც აუცილებელი მოთხოვნაა და შესაძლოა, საუბარი იყოს 23-24 წლის ასაკის ადამიანზე. ანუ განათლების ცენზისა და ასაკობრივი ცენზის კომბინირებით, პრაქტიკაში ჩვენ იმას მივაღწევთ, რომ 21 წელზე მეტი ასაკის მანდატურები დავნიშნოთ თანამდებობაზე“,- განაცხდა მეზვრიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300  მანდატური, ამასთან, კანონპროექტის თანახმად, 2018 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატურის დამატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან იგეგმება 200 მანდატურის დამატება 100 საჯარო სკოლაში. განახლებული კურსით მომზადება შეეხება როგორც უკვე გადამზადებულ ისე ახალ მანდატურებსაც.

ამავე თემაზე:

რატომ არ იზრდება სკოლის მანდატურის ხელფასი გაზრდილი უფლება-მოვალეობების ფონზე?!

„განათლების სამინისტროს არც შნო და არც უნარი არ გააჩნია, რომ სკოლაში წესრიგი დაამყაროს“

მანდატურის სამსახურის ფუნქციების დახვეწა 2018-2019 წლებში 10,6 მილიონი ლარი დაჯდება

რა შემთხვევებში გამოიყენებს მანდატური ფიზიკურ ძალას სკოლაში – რა წერია

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური