მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებლებისთვის დანამატის გაზრდა იგეგმება
საქართველოს პარლამენტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონზე მუშაობს, რომლის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის დანამატის გაზრდა იგეგმება.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მასწავლებელზე დანამატის გაცემას საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით. აღნიშნულ შემთხვევაში, გათვალისწინებულნი არიან საჯარო სკოლის მასწავლებლები.
„მასწავლებლები მიეკუთვნებიან იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალი თაობების აღზრდას. განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. განათლება მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას არ ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. შესაბამისად, მასწავლებლებისათვის, უკეთესი პირობების შექმნა აამაღლებს მათ მოტივაციას ხელი შუწყონ მომავალი თაობების აღზრდას, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში და უფრო მეტი დრო დაუთმონ მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს ხშირად უწევთ რამდენიმე კილომეტრის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე, რაც დაკავშირებულია მათ მიერ ფინანსური რესურსის ხარჯვასთან. შესაბამისად, აღნიშნული წახალისების ღონისძიება აამაღლებს მასწავლებელთა მოტივაციას“, – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონის პროექტით გათვალისწინებულია მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით გაცემა, რომლის გაცემის წესი და პირობებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
„აღნიშნული შეღავათის არსებობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გამო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის რამდენიმე ერთეული, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად მიეცემა ვაუჩერი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხარჯის სრულყოფილად დაფარვა, მოსწავლეების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფა და მოსწავლის აღზრდისათვის მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის“, – წერია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტში.
კანონის პროექტის შესაბამისად, ინიციატივა გათვალისწინებულია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის სისტემაში შემავალი 16 ადმინისტრაციული ორგანოს, მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისათვის, რომლებიც, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტი ითვალისწინებს დანამატის გაცემას, შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგნელი წესისა და პირობების შესაბამისად.
„აღნიშნული შეღავათის დაწესება წარმოადგენს წახალისების ღონისძიებას იმ პირთათვის, რომლებიც იღებენ მონაწილეობას შესაბამის პროგრამებში (მაგ. ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად). პროგრამების ფარგლებში არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები რჩებიან მაღალმთიან დასახლებებში საცხოვრებლად, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთან, აღნიშნული წახალისება გაზრდის პროგრამაში მონაწილე პირთა მოტივაციას წავიდნენ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაოდ“, – ვკითხულობთ კანონპროექტში რომლის ავტორიც უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანია.
ცისანა არის© შერგილაშვილი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება