„მაგისტრატურაზე უნარების გამოცდა რატომ უნდა ბარდებოდეს, არ მესმის“ – საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველი დღე
2020 წლის გამოცდები დღეიდან მაგისტრობის მსურველთა გამოცდით გაგრძელდა და 4 აგვისტოს დასრულდება. წელს მაგისტრობის მსურველთა გამოცდაზე 12 600 -მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. პირველ დღეს გამოცდაზე გასულებმა წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერის დავალება შეასრულეს.
ცნობილია, რომ წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები შეიცვალა და ჩაბარების მსურველებს A, B და B ტიპის ტესტის არჩევა აღარ უწევდათ. წინა წლებისგან განსხვავებით გამოცდაზე რეგისტრირებულები მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს აბარებენ, რამაც გამოცდების ცენტრის პოზიციით სრულად სრულად უნდა მოხსნას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებული პრობლემები.
როგორ აფასებენ მაგისტრობის მსურველები შესულ ცვლილებას, ტესტის სირთულესა და ასევე რატომ გადაწყვიტეს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებ, ამ კითხვებზე EDU.ARIS.GE-ს გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ესაუბრნენ.
მაგისტრობის მსურველ აპლიკანტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად მსგავსი ტიპის გამოცდა არ უნდა ტარდებოდეს და მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო, პროფესიული კუთხით შეფასება უფრო რელევანტური იქნებოდა. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთათვის მსგავის ტესტებით ჩაბარებაც მისაღებია, რაც ყველა აპლიკანტს სწავლის გაგრძელების თანაბარი შანსს აძლევს.
ალექსანდრე ხასია: ,,ვაპირებ, რომ მაგისტრატურა სამხატვროზე გავაგრძელო, ჩემს პროფესიაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტფოლიოა, რაც გამიკეთებია და შემიქმნია მანამდე, ვიდრე მაგისტრატურაზე გადავწყვეტდი სწავლის გაგრძელებას. ის, რომ ტესტში ვარიანტის არჩევა წელს არ შეგვეძლო, ჩემთვის მნიშვნელოვანი ცვლილება ნამდვილად არ არის, ეს ალბათ უფრო ჩარიცხვების მხრივ გაამარტივებს საკითხებს. რაც შეეხება თვითონ გამოცდას, საკმაოდ მარტივად მომეჩვენა, წაკითხულის გააზრებაში ერთი ტექსტი ძველ დროზე, მეფეებზე და თქმულებებზე იყო. თემებიდან ერთი იყო მოცემულობა, რომ ძველი კინოთეატრი დახურეს და მის მაგივრად კაფე გახსნეს, რამაც არ გაამართლა და გვეკითხებოდნენ რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. მეორე იყო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ინფორმაციის სწრაფად გავრცელების შესაძლებლობას იძლევა და მხატვრული ლიტერატურა ამის გამო ინტერესს აღარ იწვევსო – ამასთან დაკავშირებით იყო სამსჯელო. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, ჩემი აზრით აქაც მივიღებ საკმარის ცოდნას. აქ დასაქმების მხრივ უფრო ცუდი სიტუაციაა და ამ მხრივ შეიძლება უფორ მეტი უპირეტესობა ჰქონდეს მაგისტრატურის საზღვარგარეთ დამთავრებას”.
გამოცდის მონაწილე 175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: „სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ ვერ ვხვდები 4 წლის შემდეგაც უნარების ჩაბარება რატომ მიწევს მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად, როცა ეს შეიძლება უფრო მეტად აბიტურიენტების შესაფასებლად გამოდგეს, მათ კი მოუხსნეს. რატომ დატოვეს მაგისტრატურაზე არ ვიცი. ჩემი აზრით, ამას ჯობია ისეთი გამოცდა, რაც ჩვენს ცოდნას შეაფასებს პროფესიაში, მგონია რომ ასე გაცილებით მარტივად მოხდება პროფესიონალების და არაპროფესიონალების გამიჯვნა. ამიტომ ტესტს შეცვლიან, ერთი ვარიანტი იქნება თუ ბევრი, ეს საერთოდ არ მიცვლის მე სურათს. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდაზე მოსულ ტესტს, ვერ ვიტყვი რომ რთული იყო, წაკითხულის გააზრებიდან ჰომეროსის პოემა „ილიადა“ მახსოვს, თემები ასეთი იყო: ერთი კინოთეატრის მაგივრად კაფე გახსნეს და წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ უნდა გვემსჯელა ჩვენ აზრით, რამ განაპირობა ეს. ხოლო მეორე თემა იყო საკითხზე, რომ 21 საუკუნეში მხატვრული ლიტეტარურა ხალხის ინტერესს აღარ იწევევს, ბევრი ინფორმაციის ფლობის გამო და ასევე მის შესახებ უნდა გვემსჯელა. სიამოვნებით ვისწავლიდი საზღვარგარეთაც, მაგრამ ფინანსები ჯერ ამის საშუალებას არ მაძლევს, თუმცა მგონია, რომ საქართველოშიც შესაძლებელია კარგ პროგრამებზე სწავლა და წარმატების მიღწევა შენს პროფესიაში. ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ მაგისტრატურასაც რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელებ”.
ელენე უშვერიძე: ,,ის, რომ გამოცდაში ცვლილებაა და წელს ყველამ ერთი ვარიანტის ტესტი ვწერეთ, ჩემი აზრით კარგია, იმიტომ რომ ამით თანაბარ პირობებში ვართ ყველა. თუმცა ვფიქრობ, რომ სამაგისტროზე მსგავსი ტიპის გამოცდა საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს, ამას მერჩევნია თემა ამეღო და იმაზე მემუშავა, დამეცვა და ისე ჩამებარებინა შემდგე მაგისტრატურაზე. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების დონეზე რომ წყდებოდეს ეს საკითხი, უფრო მისაღები იქნებოდა. როცა 4 წელი ვსწავლობ უნივერსიტეტში, საერთოდ ვერ ვხვდები აზრს კიდევ უნარების მსგავს გამოცდას რატომ უნდა ვაბარებდე. სწავლის გაგრძლებას აქ ვაპირებ, ფსიქოლოოგიის განხრით ისევ, თუმცა უნივერსიტეტზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, აქაც არის კარგი სამაგისტრო პროგრამები, საზღვარგარეთ სწავლა კარგია, მაგრამ აქაც შეიძლება. რაც შეეხება თემებს, წაკითხულის გააზრებაში ერთი ტექსტი იყო პოემიდან „ილიადა“, მეორე იყო გადამფრენი ფრინველების მიგრაციაზე, მესამე სამწუხაროდ არ მახსოვს. თემებიდან ერთი იყო, რომ 21-ე საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელობას უკარგავს მხატვრულ ლიტერატურას თუ არა და მეორე თემა იყო კინოთეატრებზე, რომელთა მაგივრად ორ სხვადასხვა უბანში გახსნეს კაფე. ამ კაფეებიდან არც ერთმა არ გაამართლა და უნდა დაგვეწერა ჩვენი აზრით, რატომ მოხდა ასე. გამოცდა რთული ნამდვილად არ იყო, როცა მაგისტრატურაზე აბარებ, თუ ტექსტიდან შინაარსი ვერ გამოგაქვს და რაღაც საკითხზე მსჯელობა არ შეგიძლია, საერთოდ რატომ უნდა ჩააბარო?“.
რაც შეეხება თავად ტესტს, მაგისტრობის მსურველები ერთ, 4 ნაწილისგან შემდგარ ტესტს აბარებენ, რომელიც მოიცავს წაკითხულის გააზრებას, ანალიტიკურ წერას, ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობას. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები ისეთივე დარჩა, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება