GE

მაგისტრობის მსურველთა ნაწილს ტესტის მათემატიკური ნაწილის შესრულება გაუჭირდა – ზაფხულის გამოცდები 2023 სრულდება

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მეორე დღის პირველი სესიის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო გამოცდის მეორე ნაწილის (ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა – ავტ.) ტესტირებაზე გასული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, რომ მათემატიკური ნაწილი წელს განსაკუთრებით რთული იყო და თუ ადამიანს აქამდე მჭიდრო შეხება არ ჰქონია, მოცემული დავალებების შესრულება გაუჭირდებოდა.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ფარგლებში, გამოსაცდელთა ტესტირება დღეს ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდა, გუშინ კი – უნარების სტილის ტესტში, წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში.

მაგისტრობის მსურველი, ანა აბჟანდაძე, რომელმაც წელს დაასრულა ბაკალავრის საფეხური და დღევანდელი გამოცდა 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჩააბარა, დავალებებს იხსენებს და არც უკმაყოფილებას მალავს:

“საკმარისობა, ბოლო ორი პირობის ამორჩევა, პროცენტები, მოცულობები, ფართობები, კოორდინატთა სათავების ნახაზებიც იყო, წინა წლებთან შედარებით, ეს ნამდვილად გამიჭირდა. ლოგიკურიც არ იყო მაინცდამაინც მარტივი. მე, პირადად, ლოგიკურ ნაწილში გამოვყოფდი შემდეგ სირთულეს – სავარაუდო პასუხებში ძალიან დამაბნეველი წინადადებებია, შეიძლება ორი პასუხი ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს და მათ შორის ამორჩევა კიდევ უფრო რთულდება”.

ანა, აგრეთვე, აღნიშნავს დროის სიმცირის ფაქტორს და ამბობს, რომ „მათემატიკური ნაწილი ჩვეულებრივ ადამიანებზე არ არის გათვლილი“.

“დიდ პრობლემას წარმოადგენს დრო. კი, საკმარისი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ნეგატიურად მოქმედებს და წნეხის ქვეშ გვამყოფებს იმის ცოდნა, რომ მხოლოდ 2 საათი და 25 წუთი გვაქვს. შესაბამისად, მეტი დრო რომ გვქონდეს, ალბათ, უკეთესად დავწერდით.
რომ შევაჯამო, რთული იყო, ვინაიდან მათემატიკის გამოცდა, რაოდენობრივი მსჯელობა ჩვეულებრივ ადამიანებზე არაა მორგებული. ეს არის მათთვის, ვინც აბიტურიენტობის დროს ეროვნულებზე მათემატიკა ჩააბარა. ლოგიკური ნაწილი მარტივი არ იყო, მაგრამ არ ყოფილა დაუძლეველი. ჯანდაცვის ბაკალავრი ვარ და მაგისტრატურის გაგრძელებაც ამ მიმართულებით მსურს”, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა ანა აბჟანდაძემ.

სამეცნიერო ხარისხის ამაღლება სურს ბესო ჩაჩანიძეს, რომელიც ეკონომიკის ბაკალავრია და, შესაბამისად, საკითხები მას არ გაურთულდა:

“მათემატიკა რთული იყო, ვინც მათემატიკა არ იცის, მისთვის განსაკუთრებულად რთულად დასაძლევი იქნებოდა. ძირითადად ფართობები და მოცულობები იყო. მე ეკონომიკის ბაკალავრი ვარ და მაგისტრატურაზეც ამავე მიმართულებით ვაბარებ, ისევ თსუ-ში. ლოგიკურს რაც შეეხება, ძალიან მარტივი იყო. რომ შევაჯამოთ, წინა წლების ტესტებთან, ვერბალური ბევრად მარტივი იყო, მათემატიკური კი უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო რთული. მაგისტრატურაზე ჩაბარების მთავარი მიზეზი მაინც აკადემიური ცოდნისა და სტატუსის ამაღლებაა”.

ფსიქოლოგიის ბაკალავრი, ლალი მელაძე, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, ლოგიკური ბევრად მარტივი იყო, ხოლო მათემატიკა კი პირიქით, რთული.

„გუშინდელი ანალიტიკური წერა მარტივი იყო და დღევანდელ მათემატიკაში განსხვავებული რაღაცები იყო, წინა წლებთან შედარებით. ლოგიკა პირადად ჩემთვის მარტივი იყო. თუ მათემატიკასთან არ აქვს ადამიანს შეხება, გაუჭირდებოდა გამოცდის დაწერა. მე, მაგალითად, ფსიქოლოგიის ბაკალავრი ვარ და ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე მინდა ჩაბარება. წინა წლების მათემატიკას კარგად ვწერდი და ლოგიკური მიჭირდა, ახლა პირიქით მოხდა. მათემატიკა გამიჭირდა და ლოგიკური ძალიან მარტივად დავწერე”.

ზაფხულის გამოცდები 2023 დღეს, 28 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მეორე ნაწილის მეორე სესიით დასრულდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური