მანანა რატიანი: მასწავლებლებს არ ექნებათ საკმარისი დრო, გააზრებულად, დინჯად მოემზადონ შემდეგი ეტაპისთვის
განათლების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა რატიანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესულ ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად დოკუმენტის დაგვიანებით გამოქვეყნებისა, კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, თუმცა, მისი ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის გზამკვლევი უახლოეს დღეებში გაზიარდება.
EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში მასწავლებლის სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ამ დოკუმენტის ამოქმედებასთან ერთად, უნდა შეიცვალოს განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების პრინციპიც.
მანანა რატიანი: ზოგადი შეფასება არის შერეული, მიჭირს მკაფიო შეფასება მივცე. მოკლედ ასე ვიტყოდი, კარგია, რომ ბოლო-ბოლო ამდენ მითქმა-მოთქმას დაესვა წერტილი და დოკუმენტი გამოქვეყნდა. განსაკუთრებით მაღელვებდა გაურკვეველი ტრენინგები, რომელთა ორგანიზატორებს თავად არ ჰქონდათ წარმოდგენა, რაში უნდა გადაემზადებინათ მასწავლებლები, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ გაუშვეს შანსი ხელიდან. ეს ხდება მაშინ, როცა მასწავლებლებს, რომლებიც წინსვლის მოლოდინში არიან, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია.
– რას ხედავთ, გაუმარტივებს სქემის ეს ცვლილებები მასწავლებლებს პროფესიულ საქმიანობას თუ პირიქით? დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უფროს მასწავლებელს შეუძლია, მენტორი გახდეს პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების და პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში, რამდენად სწორია ეს მიდგომა?
– რა თქმა უნდა, არაინფორმირებულობას დაასრულებს, აქამდე წინსწრებით რასაც აკეთებდნენ, რომ ამ წელს წინსვლის შანსი ხელიდან არ გაეშვათ. მე თავად ვიცნობ მასწავლებლებს, რომლებმაც საქმიანობის დამამტკიცებელი მტკიცებულებებს მოუყარეს თავი. ბევრი რამ საჭირო არ აღმოჩნდება და ფუჭი შრომა იქნება, თუმცა დადებითიც შეგვიძლია დავინახოთ, სხვა შემთხვევაში ამის ორგანიზებას არ დაიწყებდნენ. ჩემი აზრით, ის რაც მოეთხოვებათ, არ არის მათი საქმიანობისგან მოწყვეტილი, არ სჭირდებათ ვიღაცის საჩვენებლად დამატებითი საქმიანობების განხორციელება.
რაც შეეხება უფროსის მიერ მენტორის სტატუსის მოპოვების გამარტივებას, უნარების გამოცდებზე დამატებით გასვლის გარეშე, ამის ლოგიკაა, რომ მათთვის ერთი ტესტია შეთავაზებული და აზრს კარგავს ორჯერ ტესტის ჩაბარება. თუკი ტესტი მხოლოდ მენტორისთვის სტანდარტით განსაზღვრულ კომპეტენციებს დაეფუძნებოდა, მაშინ გამოცდის ჩაბარება მოუწევდათ. ეს გადაწყვეტილება დამატებით სტრესს, ფორიაქს აარიდებს მასწავლებლებს.
– პორტფოლიოს დონეები რას მოიცავს დადგენილებაში არ წერია და მხოლოდ იმას გვიხსნიან, რომ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის პრეროგატივაა, ანუ აქამდე ასეთი განსაზღვრებები არ არსებობდა და ახლა უნდა დაწერონ? პედაგოგები იმასაც ჩივიან, რომ ისევ უნდა დაველოდოთ მასწავლებლის სახლის განმარტებას, რადგან ისევ უცნობია რა გვევალებაო…
– მოთხოვნები პირდაპირ უკავშირდება კომპეტენციებს, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ კომპეტენციების, რომელთა დასადასტურებლად პედაგოგები თავად წყვეტენ, რა იქნება ყველაზე მორგებული, ნათელი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან.
მასწავლებლების უკმაყოფილება გასაგებია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასე დაგვიანდა დოკუმენტის გამოქვეყნება, კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. ძალიან დიდი დრო წაიღო გადაწყვეტილებების მიმღებების პოზიციების შეჯერებამ, რაც, პირველ რიგში, მასწავლებლებზე აისახება უარყოფითად. მათ არ ექნებათ საკმარისი დრო, გააზრებულად, დინჯად მოემზადონ შემდეგი ეტაპისთვის.
მესმის, რომ წლის ბოლომდე დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ ფუჭი შრომის და დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, მე დაველოდებოდი მასწავლებლის სახლის განმარტებებს. ახლა მეტი სუბიექტური ინტერპრეტაცია წამოვა.
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გზამკვლევი უახლოეს დღეებში გაზიარდება.
– ჩვენი წინა კითხვა იმითაც არის გამოწვეული, რომ მთავარი მიღწევა, რაც რამდენიმე წლის წინ მასწავლებლის სახლმა სქემის ფარგლებში განახორციელა, ე.წ. ფურცლომანიის დასრულება იყო მასწავლებლებისთვის, არ ფიქრობთ, რომ პორტფოლიო ახალი ფურცლომანიის დაბრუნებაა?
– ეს მასწავლებელზეა დამოკიდებული, გაირთულებს თუ არა ცხოვრებას. თუკი ის ყურადღებით გაეცნობა პორტფოლიოს მოთხოვნებს და ოპტიმალურად განსაზღვრავს დოკუმენტების რაოდენობას, ბევრი დოკუმენტი არ ექნება მოსამზადებელი. მგონია, რომ ბევრი შეთავაზება ექნებათ, ასწავლონ, დაეხმარონ მათ დოკუმენტების მომზადებაში, ასეთი მასწავლებლები, რომლებიც საკუთარ თავს არ ენდობიან და გარეთ ეძებენ დახმარებას, მეტი რისკის ქვეშ არიან, გააკეთონ იმაზე მეტი, რაც მოეთხოვებათ.
– შეაფასეთ ის სიახლეები, რომელიც შეთავაზებულია არაქართულენოვანი სექტორისა და სპეციალური მასწავლებლებისთვის, ემხრობით მათთვისაც იმავე მიდგომას, რაც სხვა პრაქტიკოსებზე იყო, რომ სკოლიდან წასვლა მოუწევთ თუკი გაწერილ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ?
– არაქართულენოვან სკოლებთან მიდგომა ისევ აგვიანებს დროში. იმის გამო, რომ მათ არასაკმარისი მხარდაჭერა აქვთ, ყოველთვის დროში იწელება მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რაც უსამართლოა! რაც შეეხება ჩემს პოზიციას პრაქტიკოსების გასვლაზე, რადგან პროფესია რეგულირებადია, საჭიროა, რომ მასწავლებელს კომპეტენციები დადასტურებული ჰქონდეს. ბევრია ახალი კურსდამთავრებული, რომლებსაც გამოცდაც ჩაბარებული აქვს, კვალიფიკაციაც შესაფერისი, მაგრამ ვერ შედიან სკოლებში, საქმის მწარმოებლად, ან არარელევანტურ პოზიციებზე საქმდებიან. სახელმწიფომ ამ ახალ კადრებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან დიდი რისკია, რომ სხვა პროფესიაში გადაბარგდებიან. ამ ახალგაზრდებისთვის კიდევ გადაიდო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა, რაც არ არის სწორი.
– თქვენი შეფასებით, არის თუ არა ამ დოკუმენტში რაიმე ჩანაწერი, რაც პედაგოგების კრიტიკას უნდა იწვევდეს?
– მგონია, დოკუმენტში არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის არის უსამართლო მიდგომა. ასევე სწრაფად არის გამოსაქვეყნებელი გზამკვლევი, რომელიც პასუხგაუცემელ კითხვებს არ დატოვებს.
წარმატებას ვუსურვებ მასწავლებლებს, რომლებიც ელოდნენ ამ დოკუმენტს!
– და ბოლოს, თუ არ დაგვისვამს კითხვა საკითხზე, რაც ყურადღებას იმსახურებს, გთხოვთ, გაგვიზიარეთ…
– მგონია, ამ დოკუმენტის ამოქმედებასთან ერთად, უნდა შეიცვალოს განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების წესი, რადგან იქ რაც ხდება, ყოველგვარ ლოგიკას სცდება. ბევრი წარმდგენების არაკეთილსინდისიერებისკენ მიუთითებს.
ასევე იხილეთ:
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება