რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
2026-2027 სასწავლო წლიდან, უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლა 1+1 პრინციპით დაიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) კურსდამთავრებულს სურს მხოლოდ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება, ის მეორე საფეხურზე ერთი წლის განმავლობაში ისწავლის. იმ შემთხვევაში კი, თუ სტუდენტს აქვს მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) დამთავრების გაცხადებული გადაწყვეტილება, მას მაგისტრატურაზე სწავლა ორი წელი (1+1) მოუწევს.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საზოგადოებისთვის შეთავაზებული სიახლის ფონზე, არაერთი საკითხი ბუნდოვანია, მათ შორის, სტუდენტებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოიქცნენ, თუკი ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულეს და დოქტორანტურაზე სწავლის სურვილი მოგვიანებით გაუჩნდათ – შეეძლებათ თუ არა მაგისტრატურის კიდევ ერთი წლის თავისუფლად დამატება?
აღნიშნულ კითხვაზე პასუხად გვაქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადება, რომელმაც საკითხი პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის წევრის, იმედა ნიკურაძის შეკითხვის პასუხად განმარტა.
როგორც ზვიად გაბისონიამ განაცხადა, მსჯელობენ, მაქსიმუმ რამხელა შეიძლება იყოს ერთწლიან და ორწლიან მაგისტრატურას შორის შუალედი, შემოიღონ ხანდაზმულობის ვადა თუ იყოს უვადო.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რამხელა შუალედის გაკეთება შეიძლება. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს კვლევა და დისკუსია – ზოგადად, შემოვიტანოთ თუ არა ხანდაზმულობის ვადა. აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, რადგან მაგისტრატურის პირველი წელი შეიცავს სწავლების კომპონენტებს, მისი განახლება რამდენად საჭირო იქნება სამომავლოდ. ცალსახად ვიხრებით იქით, რომ პირველი ერთი წლის გამეორება აღარ დასჭირდეთ და ჰქონდეთ საშუალება, მეორე წელი განახორციელონ მაშინ, როდესაც მათ სურთ, გარდა რაღაცა ტიპის დათქმებისა – ვგულისხმობ ხანდაზმულობის ნაწილს. რა პერიოდში შეიძლება შემობრუნდეს [მაგისტრანტი], დაამთავროს მაგისტრატურის მეორე წელი და შემდეგ სწავლა დოქტორანტურაზე გააგრძელოს. ან იყოს თუ არა უვადო. მაგალითად, დაამთავრა 2027 წელს და არა 2, არამედ 25 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაგისტრატურის მეორე წლის გავლა სურს. აქ შეიძლება გარკვეული ტიპის კორექტირება… ამ საკითხზე დამატებით შეგვიძლია დისკუსია. ყოველ შემთხვევაში, ერთ და ორ წელზე საუბარი საერთოდ არ არის, ნებისმიერი წყვეტა შეუძლიათ, რომ გააკეთონ“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.
რა ხდება მაშინ, როდესაც ერთწლიანი მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, პირი რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვეტს, რომ განათლება დოქტორანტურაზეც მიიღოს – იქნება თუ არა აუცილებელი, მაგისტრატურის მეორე წელზე სწავლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელახლა ჩაბარება? – ამ შეკითხვით ზვიად გაბისონიას EDU.ARIS.GE-მ მიმართა.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ განგვიმარტა, პირს, რომელსაც ერთწლიანი მაგისტრატურა აქვს დასრულებული და საფეხურის ცვლილება სურს, +1-წლიანი მაგისტრატურის გასავლელად, არა ერთიანი ეროვნული გამოცდების, არამედ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
„მთავარი ჩვენი იდეაა, რომ არ მოუწიოს საერთო ეროვნულ გამოცდებზე ხელახლა გასვლა. ანუ ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევს მას, ვინც მაგისტრატურის პირველ წელზე აბარებს. ერთწლიანი მაგისტრატურის გავლის შემდეგ, პირი უკვე არის მზად, ნებისმიერ დროს გააგრძელოს კვლევითი მაგისტრატურა – ანუ მაგისტრატურის +1 წელზე სწავლა. ერთდერთი საკითხია – სწავლის მოძველება, რა პერიოდი მივცეთ ან მთლიანად ხომ არ მოვხსნათ. ახლა ვსწავლობთ, როგორია ევროპული გამოცილდება, რომელიც სამწუხაროდ, არ არის ერთგვაროვანი. ამიტომ, ჩვენეული ტიპის გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. ვარიანტი პირველი: ხანდაზმულობის ვადა იყოს 3, 5, 7, 10 წელი – დაუსრულებელი რომ არ იყოს, თუმცა როდესაც მაგისტრანტს აღდგენა მოუწევს, მას ეროვნული გამოცდები არ უნდა შეეხოს, უნდა მოუწიოს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. აი, ამ ნაწილზე არის საფიქრალი, უნივერსიტეტის შიდა გამოცდა რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, შედგებოდეს მხოლოდ პროექტის წარდგენისგან თუ რაღაც ტიპის გადამოწმებისგან, მაგისტრატურის პირველ წელზე მიღებული ცოდნა რამდენად ექვემედებარება განახლებას. ამ საკითხებზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
by პროფესიული განათლების ამბები
-
გაიზარდა იმ პროფესიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადია
by ARIS.GE-განათლება
-
გახდება თუ არა რეზიდენტურა და დოქტორანტურა უფასო? – რა დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან განათლების სამინისტრომ
by ARIS.GE-განათლება