„მას, ჩავაბარე ეროვნულები“, „ხტუნვა-ხტუნვით გამოვედი“ – კმაყოფილი აბიტურიენტები ქუთაისიდან
ქუთაისის საგამოცდო ცენტრებთან ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება, ხან ეზოში, და ხანაც საგამოცდო სექტორებში იგრძნობა – გარეთ გულშემატკივრები დარდობენ, შიგნით კი აბიტურიენტები ცდილობენ საკუთარი ნასწავლის ტესტებში წარმოჩენას.
ქართულის გამოცდიდან გამოსულებში დღეს საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი და ბედნიერი აბიტურიენტები ჭარბობენ.
“ხტუნვა-ხტუნვით გამოვედი”, “მას, ჩავაბარე ეროვნულები”, “არ მჯერა, ისეთი მარტივი იყო”, – ეს ფრაზები EDU.ARIS.GE-მ ქუთაისის 41-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტებისგან მოისმინა, რომლებიც “ვეფხისტყაოსნის” დავალებამ გაახარა.
ფიქრობენ, რომ თუ დანარჩენ სესიებზეც ამ ტიპის თემები იქნება, წელს სტუდენტი ბევრი აბიტურიენტი გახდება.
მარი არჯევანიძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც ქართულის გამოცდიდან ბედნიერი გამოვიდა:
“ეკონომიკაზე ვაბარებ. ჩემი ვარიანტით ძალიან კმაყოფილი ვარ. “ვეფხისტყაოსანი” შემხვდა და ეს დავწერე. მეორე “ვა, სოფელო” იყო. გრამატიკის ნაწილი ჩემთვის უმარტივესი იყო. 1 წელია ვემზადები და მსგავსი საკითხები, რა თქმა უნდა, დამუშავებული მქონდა. ჩემი სექტორიდან ვინც გამოვიდა ყველამ კარგად დაწერა. მგონი, ყველამ ჩავაბარეთ. 2 საათი და 30 წუთი დამჭირდა. ვფიქრობ, კარგი დროა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში სალომე არჯევანიძე.
ქრისტინე გიორგაძეც დარწმუნებულია, რომ ტესტები ძალიან ადვილი იყო: “ძალიან ადვილი ტესტები მოვიდა. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე რომ დავხედე, გამიხარდა. კარგად მქონდა ნამეცადინები და უცებ დავწერე”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდა ისევ ორ სესიად ტარდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-მდე გამოსაცდელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით გამოცდაზე არავის დაუგვიანია. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ავტორი: ანა ჯიქია, EDU.ARIS.GE
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება