მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი ნათია მანია EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირადად მას არ ესმის, „რატომ უნდა დაავალდებულო ქვეყნის ყველა მოსწავლე, ჩაიცვას მაინცდამაინც ის ტანსაცმელი, რომელიც მთავრობას მოსწონს“.
პედაგოგი სასკოლო ფორმებზე გაცილებით პრიორიტეტულ, სამ სასკოლო პრობლემას გვისახელებს, რომელიც განათლების სისტემას დღეს უდგას.
EDU.ARIS.GE: ნათია, როგორ უყურებთ თქვენ დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების სავალდებულო სახით შემოღებას და რას შეცვლის ეს სიახლე მოსწავლის, სკოლისა და ზოგადად, სასწავლო პროცესისთვის?
ნათია მანია: რა თქმა უნდა, ეს ფორმების ტარების ვალდებულება არაა სიახლე, ფორმებს ჩვენს ქვეყანაშიც ატარებდნენ და სხვა ქვეყნებშიც და დღემდე ატარებენ ზოგან. თუმცა, სახელმწიფოს ყველა საჯარო სკოლაში ერთი და იგივე ფორმა რომ ჰქონდეთ და ყველგან სავალდებულო იყოს ტარება, საბჭოთა კავშირისა და ჩრდილოეთ კორეის გარდა სხვა ქვეყანა უცებ არც მახსენდება.
რა თქმა უნდა, სასკოლო ფორმა სასკოლო პროცესს ვერც შემატებს რამეს და ვერც დააკლებს (იმედია). არ გამიგია, რომ ფორმის შემოტანას სადმე რაიმე გავლენა ჰქონოდა აკადემიურ მოსწრებაზე. ან როგორ უნდა მოახდინოს ფორმამ გავლენა განათლებაზე? რა უნდა შეცვალოს? მე ეს არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ…
კონსერვატიული შეხედულების ადამიანები ამტკიცებენ, რომ ერთნაირი ფორმები მოსწავლეების სასწავლო პროცესზე კონცენტრირებას აძლიერებსო. მაგრამ მე, როგორც ყოფილი ფორმიანი მოსწავლე, ამას ვერ დავეთანხმები. ვერც იმას დავეთანხმები, რომ ფორმა სოციალურ უთანასწორობას სპობს. ეს სისულელეა – ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.
ვინ არის ღარიბი და ვინ – უფრო შეძლებული, ჩანს სხვა დეტალებშიც – ბავშვებს ყოველთვის ექნებათ სხვადასხვა ხარისხისა და ღირებულების ჩანთები, პენალები, კალმები და ფერადი ფანქრები, პალტო, ქურთუკი, ფეხსაცმელები და ასე შემდეგ.
შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, „სოციალური თანასწორობის“ მისაღწევად ყველა ვაიძულოთ, რომ ინკუბატორის წიწილებივით ზუსტად ერთნაირ პალტოებსა და ფეხსაცმელებში იარონ და ერთნაირი ჩანთები ატარონ? ეს ხომ შეუძლებელია! შესაბამისად შეუძლებელია ფორმების საშუალებით თვალსაჩინო სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაც.
ფორმის დანერგვის ნაცვლად სიღარიბის დაძლევაზე, სასკოლო კვებისა და ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის შესაბამის დახმარებაზე ეზრუნა სახელმწიფოს, ჯობდა. თუმცა, ეს უკანასკნელი ღონისძიებები ბევრ ფიქრს, დაგეგმვას, კარგ ორგანიზებასა და დიდ თანხებს მოითხოვს. ხოლო ფორმების შესახებ ბრძანების გაცემა – არანაირ რესურსს არ საჭიროებს.
– მშობლების დიდი უმრავლესობა ფორმების შემოღების მომხრეა და მოსწონს ეს სიახლე, როგორ ფიქრობთ, რის მაჩვენებელია ეს განწყობა? თქვენ რა მოგეწონებოდათ მშობლის გადასახედიდან?
– კი, მართალია, ქვეყანაში ბევრი მიესალმება ფორმების შემოღებას. ვფიქრობ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბევრს კრიტიკული აზროვნება არ ეხერხება და მზამზარეულად მოწოდებულ იდეებს ყლაპავს.
შესაძლოა, ეს ნოსტალგიური განწყობის ბრალიც იყოს — მშობლების, ბებია-ბაბუების საგრძნობი ნაწილი ფორმებშია გაზრდილი. ხალხს ბავშვობა, ახალგაზრდობა ენატრება და ბავშვობასთან ასოცირებულ ფორმის ფენომენსაც დადებითად აღიქვამს. ფორმების ტარება ასოცირდება მორჩილებასთან, კონსერვატიზმთან. ბავშვების დამორჩილება და ჩარჩოებში ჩასმაც უყვარს და უხარია ჩვენს კონსერვატიულ საზოგადოებას, რომელსაც ყველა უბედურება „ზედმეტი“ თავისუფლების ბრალი ჰგონია.
ჩვენს საზოგადოებას განსხვავებულობის, არასტანდარტულობის მიღება უჭირს. როცა ფორმები არაა, მაშინ სკოლაშიც უნდა შეეგუო ამ განსხვავებულობა-არასტანდარტულობას და არ უნდათ ეს. ურჩევნიათ, ყველა ერთნაირი იყოს. როგორც ჩანს, მრავალფეროვნებისა და სიფერადის ნაცვლად, ერთფეროვნება უხარებთ თვალსა და გულს.
მოხარული ვიქნებოდი, ფორმის მსგავსი უშედეგო და უაზრო საკითხების ნაცვლად, სახელმწიფო კვალიფიციური მასწავლებლების მომზადებასა და სასკოლო ინფრასტრუქტურაზე რომ ზრუნავდეს, ბულინგის აღმოფხვრაზე, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, სკოლაში უსაფრთხო და თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებაზე, მაგრამ რაც არაა, არაა…
– არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ თავად მოსწავლეებისგან, მაღალკლასელები არ ეთანხმებიან ფორმის ტარების ვალდებულებას, თუკი მათთვისაც შემოვა სავალდებულოდ. თავისუფალი ჩაცმულობა ან ფორმა ვალდებულება უნდა იყოს თუ არჩევანი, რომელსაც მოსწავლე თავად აკეთებს?
– ვფიქრობ, რომ თავისთავად მოხდება ასე – საბოლოო ჯამში ფორმის ტარება ამა თუ იმ მოსწავლის არჩევანი იქნება. ძნელად წარმომიდგენია მოვლენების სხვაგვარი განვითარება. რა უნდა იყოს მოსწავლის (ან მისი მშობლის) სასჯელი იმ შემთხვევაში, თუკი ფორმას არ ჩაიცვამს: სკოლაში არ შეუშვებენ? სკოლიდან გარიცხავენ? როგორ უნდა აიძულო მოსწავლე, გააკეთოს რაღაც, რასაც ეწინააღმდეგება და აპროტესტებს, როცა ეს არანაირად არ უშლის ხელს არც მის და არც სხვის სასწავლო პროცესს? საბჭოთა კავშირში ხომ არ ვართ, უბაფთობის გამო თმები დაგვაწიწკნონ? ასე მგონია, საბოლოოდ ჩაილურის წყალს დალევს ეს ინიციატივა და წყალში იქნება გადასაყრელი ამდენი ტანსაცმელი.
მეორე ვარიანტია, ისე მკაცრად მოითხოვონ ფორმების ტარება და ისე დააშინონ მოსწავლეები, ვერავინ გაბედოს შეწინააღმდეგება. მაგრამ, რა ვიცი, ეჭვი მეპარება, რომ მთლად ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსოთ.
– თქვენ თუ ატარებდით ფორმას და რა განცდას იწვევდა ეს ვალდებულება თქვენში?
კი, როგორც საბჭოთა კავშირში დაბადებულ-გაზრდილი ბავშვი, მეც ვატარებდი ფორმას პირველი კლასიდან მეცხრე-მეათე კლასამდე.
გოგონების საბჭოთა ფორმას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა: საგაზაფხულო-საშემოდგომო (თეთრი პერანგი ოქროსფერი ღილებით და ლურჯი ქვედაბოლო) და საზამთრო (ყავისფერი შალის კაბა ყოველდღიური შავი ან საპარადო თეთრი წინსაფრით). მახსოვს, თეთრი პერანგი და ლურჯი სინთეტიკური ბოლოკაბა მოუხერხებლად მეჩვენებოდა, შავი წინსაფარი ყავისფერ კაბაზე ძალიან ულაზათო იყო, თეთრი წინსაფარი კი მალე ისვრებოდა.
სულ მინდოდა, რომ ჩემს ფორმას მეტი ლაზათი ჰქონოდა. ერთ წელსაც შევაკერინე გულისპირზე თეთრხაზებიანი კაბა და ფურჩალებიანი წინსაფარი, რათა ოდნავ განსხვავებული, უფრო ლამაზი ყოფილიყო. ფაბრიკაში შეკერილს სჯობდა, მაგრამ დიდად არაფერი ეშველა – მაინც რევოლუციამდელი მოსამსახურის ფორმას ჰგავდა.
– განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ესკიზები რამდენად მისაღებია? თავდაპირველად გვითხრეს, რომ საჯარო დისკუსიით გადაწყდებოდა ფორმის სტილი, შემდეგ კი სამინისტრომ თავისი გემოვნებით შექმნა…
– თვალი მოვკარი ერთი-ორგან, დიდად არც დავკვირვებივარ. მთელი საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ერთნაირი ტანსაცმლის სავალდებულო ტარება ჩემთვის იმდენად მიუღებელი იდეაა, გუჩისა და შანელის სახლს რომ შეუკვეთონ დიზაინი, მაინც არ მომეწონება.
– რამდენად გამართლებული ხარჯია ფინანსური თვალსაზრისით სასკოლო ფორმების შეკერვა სამინისტროსგან? მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, საფასური, გამონაკლისების გარდა, მოსწავლის მშობლებმა უნდა გადაიხადონ.
– თუკი მშობლებმა უნდა გადაიხადონ ფორმის საფასური, ხარჯი დიდი არაფერი იქნება, მაგრამ დაგეგმვა, ორგანიზება და გარკვეული რესურსები მაინც დასჭირდება. ეს ყველაფერი ნამდვილადაა რესურსების ფლანგვა, თუ რომელიმე სამკერვალო საამქროს ან ატელიეს გამდიდრებას არ ემსახურება.
– და ბოლოს, დაგვისახელეთ სამი ფორმებზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემა ზოგად განათლებაში, რომელიც ფორმებზე ბევრად პრიორიტეტული უნდა იყოს სამინისტროსთვის.
– განათლების სამინისტროსთვის, განათლებითა და შვილების მომავლით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის სამი საკითხი უნდა იყოს ყველაზე პრიორიტეტული:
1. დირექტორებისა და მასწავლებლების კვალიფიკაცია.
2. სკოლების ინფრასტრუქტურა.
3. რეალობასთან მისადაგებული, ადეკვატური ეროვნული სასწავლო გეგმა.
ამავე თემაზე:
თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო სასკოლო ფორმებს დაასუბსიდირებს – რას ამბობს განათლების სამინისტრო
განათლების მინისტრის მოადგილე მოსწავლის სასკოლო ფორმის სავარაუდო ფასს გვისახელებს
-
ისევ იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ, განათლების სფეროს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სამუშაო შეითავსონ – ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო: „სახელმძღვანელოების წერა-დამტკიცება დაწყებულია, საგნობრივი სტანდარტები დამტკიცების ეტაპზეა“
by ARIS.GE-განათლება
-
სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის შესახებ – გაიწერა, რა პრინციპით უნდა ააგონ პროგრამები უნივერსიტეტებმა
by ARIS.GE-განათლება
