„ვუსმენთ მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“
„განათლების რეფორმა ინვესტიციაა საქართველოს მომავალში“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ 1 სექტემბერს აღნიშნა, ცვლილებებს, რომლებსაც განათლების სისტემური რეფორმა ითვალისწინებს, „მუდმივი დაკვირვება და რეაგირება სჭირდება“.
„დღეს ჩვენი გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას – განათლების სისტემური რეფორმა, რომლის მიზანი უფრო ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემის შექმნაა. ეს არ არის უბრალო ადმინისტრაციული ცვლილება. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობისა და ქვეყნის წინაშე.
კარგად მომზადებული პროფესიონალების აღზრდა ის ფუნდამენტია, რაზეც სახელმწიფო დგას. სწორედ ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და პროფესიონალთა ჩართულობით ვუდგებით ამ რეფორმას. გვესმის, რისი შეცვლაა გადაუდებელი და რისი – არა. თუ არ ვიცით, რა უნდა დარჩეს უცვლელი, დავკარგავთ საყრდენს და ინდივიდუალობას. თუ არ გავითვალისწინეთ, რა საჭიროებს ცვლილებას, დავკარგავთ განვითარების პერსპექტივას…
ამ მასშტაბის ცვლილება მხოლოდ ახალი წესების შემოღებას არ გულისხმობს. მას პროცესში მუდმივი დაკვირვება და საჭიროებისამებრ, რეაგირება სჭირდება, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება: რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ხარისხიანი განათლება“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში ე.წ. მეორადი ჩარიცხვების შესაძლებლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას „მთლიანად ახალგაზრდებზე ორიენტირებული“ უწოდა.
„ვუსმენთ მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და ვმოქმედებთ მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გამონაკლისის დაშვება არ არის სისუსტე. ეს ჩვენი გუნდის სიძლიერის მტკიცებულებაა იმ ხალხის წინაშე, ვინც გვენდობა.
ამავე ხედვას ეფუძნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული თითოეული სტუდენტის სწავლის სრული სახელმწიფო დაფინანსება. ჩვენი მიზანია, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ხარისხიანი განათლება და საკუთარი ცოდნა და პროფესიული წარმატება ქვეყნის წინსვლას მოახმაროს – სწორედ ამიტომ, ეს რეფორმა ინვესტიციაა საქართველოს მომავალში“, – აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ასევე იხილეთ:
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე