GE

სასკოლო ფორმა თუ უფასო კვების პროგრამა? – რომელი და რატომ (არ) არის პრიორიტეტული მასწავლებლებისთვის

15 სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში სწავლის დაწყება მოსწავლეებს არაერთი ვალდებულებისა და შეზღუდვის პირობებში მოუწევთ. მაგალითად – საგაკვეთილო პროცესში არამიზნობრივად ვეღარ გამოიყენებენ მობილურ ტელეფონებს [და სხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებს], 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით კი სასკოლო ფორმა უნდა ატარონ.

ეს სიახლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ინერგება, თუმცა ამავე რეფორმით გათვალისწინებული არ არის სასკოლო საზოგადოებისთვის ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიც უფასო სასკოლო კვებაა. საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები ამ პროგრამის ამოქმედებას წლებია, ელოდებიან.

მართალია, ამ საკითხზე საუბარი არაერთხელ გააქტიურდა, არაერთი დაპირებაც გაიცა, თუმცა ქართველ მოსწავლეს სკოლაში საკვებით უფასოდ სახელმწიფო ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, არც კონტურები ჩანს საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.

სხვადასხვა დროს, EDU.ARIS.GE-მ ამ საკითხზე არაერთი მოსაზრება მოისმინა, მათ შორის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ისე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლების. მაღალი თანამდებობის პირებმა ვერაფრით დაგვაიმედეს, თუმცა გვითხრეს, რომ თავადაც ემხრობიან, სკოლებში უფასო კვების პროგრამა მოქმედებდეს. ამავე საკითხზე პოზიცია ჩვენთან არაერთ მშობელსაც გამოუხატავს. ამჯერად კი გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით სასკოლო საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც წესით, მოსწავლეთა უფასო კვებით უზრუნველყოფა პრიორიტეტული უნდა იყოს.

ჩვენი შეკითხვები პედაგოგებთან ასე ჟღერდა – „თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია – მოსწავლე გაკვეთილზე არ იჯდეს მშიერი, თუ ფორმით იჯდეს? რეფორმის ფარგლებში რა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული, სასკოლო ფორმების შემოღება თუ უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედება?“.

ზოგმა კითხვის ფორმულირება დაიწუნა და განაცხადა, რომ ეს არ იყო „ლამაზი შედარება“, ზოგმა კი ორაზროვანი პასუხი გაგვცა. მაგალითად, პაპუნა გაბისონიამ, ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელმა თბილისის 64-ე საჯარო სკოლიდან გვითხრა, რომ „უფასო არ ნიშნავს ხარისხიანს“, ამიტომ უმჯობესია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფუნქციონირებდეს კვების ობიექტები, სადაც საკვების ღირებულება ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება:

„ასე დავსვამდი საკითხს – არის კი მსოფლიოს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში უფასო კვება სკოლებში? ეს გარკვეულწილად მენეჯმენტთან, კომერციასთანაც არის მიბმული. მე უფრო სხვაგვარად ვხედავ ამ საკითხს – უნდა იყოს გამართული სასადილოები სკოლებში, სადაც საკვები იქნება ხელმისაწვდომ ფასებში და არა საბაზრო სტანდარტებით. ასეთ შემთხვევაში, საკვების ხარისხთან დაკავშირებით კონკურენციაც იქნებოდა. საბჭოთა კავშირის დროს, კომუნისტურ საზოგადოებაშიც არ იყო უფასო კვება. მიუხედავად ამ იდეების ავტორების მიმართ ჩემი პატივისცემისა, ამ საკითხში პოპულიზმის ელემენტებსაც ვხედავ. არ გამოდის ასე, თან უფასო ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიანს. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, უფასო უხარისხოსთან ასოცირდება. სჯობს, ზომიერი და მისაღები ფასები იყოს“.

პედაგოგის თქმით, დღეს სკოლებში არსებობს კვების ობიექტები, სადაც „დანაყრება შესაძლებელია“. აქედან გამომდინარე, ჩვენი რესპონდენტი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მშიერი ბავშვი არ უნახავს:

„პრაქტიკიდან გამომდინარე, მე მშიერი ბავშვი არ მინახავს. საგაკვეთილო პროცესზე, შესაძლოა, მეც მომშივდეს, მაგრამ ზოგადად, მშიერი და შიმშილისგან რომ ცუდად არის ბავშვი, ასეთი რამ არ მინახავს. სკოლებში არის კვების ობიექტები და დანაყრება მეტწილად შესაძლებელია. თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად კალორიულია საკვები, ეს სხვა საკითხია…

„ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში“ – უახლესი კვლევის შედეგებს UNICEF აქვეყნებს

წარმოვიდგინოთ, რომ უფასო კვების შემთხვევაში მოიგო ტენდერი ვიღაცამ და აკეთებს ცუდ საკვებს, მაგრამ ვეღარ იშორებ სკოლიდან. რომ მოხდეს რაღაც შემთხვევა? მე ამ კუთხით ვუყურებ ამას. კვება უფასო უნდა იყოს სოციალურად ხელმოკლე ოჯახებისთვის – თუმცა, არ უნდა გამოჩნდეს, რომ ეს ბავშვები უფასოდ იღებენ საკვებს. მხოლოდ სახელმწიფო ამას ვერ გადაწყვეტს, აქ ფსიქოლოგიური მომენტიც არის. ბავშვებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ძალიან რთული საკითხია“.

რაც შეეხება სასკოლო ფორმას, მასწავლებელი სიახლის დანერგვას ემხრობა და უფრო მეტიც, თუკი ფორმა პედაგოგებისთვისაც იქნებოდა, თავად სიამოვნებით ჩაიცვამდა.

„ფორმას ერთმნიშვნელოვნად ვემხრობი, თუმცა მაქვს კითხვებიც – რამდენად მისაღები იქნება ერთი კომპანია ან ზუსტად ერთნაირი ფორმები? შეიძლებოდა, სხვადასხვა ფერიც ყოფილიყო – ეს მრავალფეროვნებისთვის. მე თუ მკითხავთ, მასწავლებლებსაც გარკვეული სტანდარტი უნდა ჰქონდეთ. აქ არ მგონია, რომ ჩვენთვის ფორმა შემოიღონ, თუმცა პირადად მე, მოხარული ვიქნებოდი, უპრობლემოდ ჩავიცვამდი. ეს სამუშაო სივრცის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა“, – გვითხრა პაპუნა გაბისონიამ.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი ლუკა მაღრაძეა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. პედაგოგის თქმით, უფასო სასკოლო კვება მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხი კომპლექსური და აქედან გამომდინარე, რთულია:

„რა თქმა უნდა, პრიორიტეტია, რომ მოსწავლე გაკვეთილზე არ იყოს მშიერი, მაგრამ ყველა სკოლის ასე ერთიან ბაზაში მოქცევა და კვებაზე კონტროლი, ცოტა არი იყოს, რთულია. ვიცი, რომ მუშაობენ ამ საკითხზე და იმედი მაქვს, რომ შემდგომ წლებში იქნება კიდეც. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს [სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით], ვემხრობი. აუცილებელია, რომ მოსწავლე გარკვეულ ფარგლებში ჩაჯდეს და აქედან გამომდინარე, ფორმების შემოღებაც აუცილებელი იყო. უფრო ადრეც იყო მსგავსი გადაწყვეტილება მისაღები, რადგან ამ მხრივ საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მოსწავლე გარეგნულად მოსწავლეს უნდა ჰგავდეს, ისევე, როგორც ჩემი აზრით, მასწავლებელიც რაღაც პატარა ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მე მეცვა ფორმა, რაც საკმაოდ მოსახერხებელი იყო“.

სკოლაში უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა რთულად წარმოუდგენია ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის მე-2 და სოფელ სავანეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილს. როგორც მასწავლებელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „სხვა პრიორიტეტებია, უფასო კვებამდე ძალიან ბევრი გვაკლია“.

„თითქოს, არ არის ლამაზი შედარება. მე ვიტყოდი, რომ ასე უცებ უფასო კვება ცოტა ძნელია… ბავშვები ყიდულობენ რაც უნდათ ე.წ. ბუფეტებში. პრობლემა დგას მე-6-მე-7 გაკვეთილებზე. თუკი იქნება უფასო კვება, ამას რა სჯობს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ცოტა რთული წარმოსადგენია. ჩვენი ბავშვების დონეც ისეთი არ არის – ყოველი გაკვეთილის ბოლოს იქ იქნებიან, გააცდენენ გაკვეთილებს და დააგვიანებენ – გააჩნია, რა ფორმით იქნება ეს პროგრამა შემოთავაზებული.

რაც შეეხება ფორმას, მივესალმები. მართალია, ბავშვების ცოტა შეზღუდვა, როცა აქამდე თავისუფლად იყვნენ, რთულია, მაგრამ მივესალმები. ფორმა თავმდაბლობის გამომხატველია, როგორც სკოლის მოსწავლის. ეტაპობრივად თუ დაემატება სხვა კლასებიც, კარგი იქნება, ოღონდ ეს არ უნდა შეეხოს მოსწავლეთა შინაგან სივრცეს. ეს უფრო საერთო დინამიკის გამომხატველია, რომ აი, როგორც სკოლის მოსწავლის სახე“, – გვითხრა პედაგოგმა.

ასევე იხილეთ:

„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია

„საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო სკოლაში კვება უფასო“; „უფასო კვება ძალიან რთული საკითხია“ – განათლების სამინისტროსა და კომიტეტის პოზიციები

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური