„მასწავლებელს სამუშაოდ ეთვლება სახლში გაკვეთილის მოსამზადებლად მუშაობის პერიოდიც“ – ქართველი პედაგოგი დანიური განათლების სისტემაზე
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი ჯაბა ლაბაძე საქართველოში განათლების პოლიტიკის ფორმირების, ადვოკატირებისა და სკოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სასწავლო წლის დასაწყისში დანიაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ორგანიზატორი იყო საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი (სმპთპ) და დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL).
დანიაში საქართველოს ექვსი სხვადასხვა საგნის პედაგოგი განათლების ექსპერტ გია ნოზაძესთან და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტ მარიკა ალუღიშვილთან ერთად გაემგზავრა. ვიზიტის დროს ძირითადად უწევდათ დანიური სკოლის უმაღლესი საფეხურზე, გიმნაზიებში (სადაც სწავლობდნენ მხოლოდ X-XI-XII კლასის მოსწავლეები, I-IX კლასის მოსწავლეები კი ცალკე სწავლობენ) გაკვეთილებზე დასწრება, გარდა ამისა შეხვდნენ GL-ის ხელმძღვანელობას და GL-ისა და სპმთპ-ის პროექტში მონაწილე დანიელ ექსპერტ-მასწავლებლებს.
როგორია დანიური განათლების სიტემა, რა აქტივობებს და მეთოდებს იყენებენ სასწავლო პროცესში დანიელი პედაგოგები და რამ მოხიბლა ყველაზე მეტად სასწავლო პროცესზე დაკვირვების დროს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ჯაბა ლაბაძე უყვება.
-თქვენ აღნიშნეთ, რომ გიმნაზიებში იმყოფებოდით, სადაც მაღალკლასელები სწავლობენ და ცალკეა ასევე სკოლები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსი დაყოფა როგორ მოქმედებს სწავლის პროცესზე?
-დიახ, დანიის სხვადასხვა რეგიონის და დედაქალაქის რამდენიმე გიმნაზიაში მოგვიწია გაკვეთილებზე დასწრებამ. გიმნაზიებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ X-XI-XII კლასის მოსწავლეები სწავლობენ. მსგავსმა დაყოფამ ჩვენი ყურადღება მიიქცია და დავრწმუნდით, რომ ეს კარგი პრაქტიკაა. ჯერ ერთი, ეს არის სრულიად ახალი ეტაპი დანიელი ახალგაზრდის ცხოვრებაში. IX კლასის დასრულების შემდეგ დანიელი მოსწავლეების ნახევარი წყვეტს სწავლას, ნახევარი სწავლას აგრძელებს, მეორე ნახევარი კი პროფესიულ სასწავლებლებში გადადის. სწავლის გაგრძელება ნიშნავს, რომ მოსწავლე უნდა მოემზადოს უმაღლესი განათლების მისაღებად. გიმნაზია კი მთლიანად გადართულია სწორედ მოსწავლეების მიზნების შესრულებაზე, მათი ძალისხმევა მხოლოდ აღნიშნულ საკითხს უკავშირდება. ჩემი აზრით, აღნიშნული სისტემა არის მეტად მოქნილი და ბავშვზე ორიენტირებული.
-როგორი იყო საგაკვეთილო პროცესი, რით იყო გამორჩეული? რა შეიძლება ვისწავლოთ დანიური მხარისგან ამ მიმართულებით?
-პირველი გიმნაზია, რომელსაც ვესტუმრეთ იყო კოპენჰაგენში „ობნეს“ გიმნაზია. სკოლაში შესვლისთანავე თვალში გვხვდება წარწერა „YOU AND ME ARE WE“. აქ უკვე ყველაფერი ცხადია, ხვდები რა ფენომენთან გაქვს საქმე და იცი, სადაც შედიხარ. შედიხარ დარბაზში და ნელსონ მანდელას სიტყვებია: „ყოველივე გეჩვენება შეუძლებელი, სანამ მას არ შეასრულებ“. დავესწარით ქიმიის გაკვეთილს: არაჩვეულებრივი აღჭურვილობა, წინა დღეს კარგად მომზადებული მასწავლებელი და მოტივირებული ბავშვები. აქვე მინდა გავიხსენო, რომ მასწავლებელს სამუშაოდ ეთვლება სახლში გაკვეთილის მოსამზადებლად მუშაობის პერიოდიც. იდეალური დისციპლინა, სწავლისადმი მოტივირებული მოსწავლეები და სასიამოვნო გარემო.
გაკვეთილის შემდეგ სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი გვთავაზობს ვისაუბროთ დანიური განათლების სისტემაზე, გვიხსნის, რომ არ აქვთ წიგნები, არ აქვთ ჟურნალები, აძლევენ საშინაო დავალებას, მაგრამ არ ცდილობენ მოსწავლეების გადატვირთვას. გაკვეთილების ხანგრძლივობა 90 წუთი, სამუშაო საათები მასწავლებლებისთვის 8:00-დან 15:00- მდე, სამშაბათს და ხუთშაბათს კი 15:00-დან 16:30-მდე მოსწავლეთა კონსულტირება საშინაო დავალების მომზადების საქმეში. ამ სკოლაში ისწავლება რელიგიებიც: ქრისტიანობა და ისლამი სავალდებულოა, ხოლო მესამეს თავად ირჩევს მოსწავლე. ისტორიის სწავლება ასეთია: 3 კურსი დანიის ისტორია, ორი კურსი მსოფლიოს ისტორია და ერთი კურსი ე. წ. „მესამე სამყაროს“ ქვეყნების ისტორია. ისტორიის სწავლება გიმნაზიაში სამივე წელი სავალდებულოა. დიდი ყურადღება ექცევა წყაროებს და მათ ანალიზს. საგაკვეთილო პროცესი მთლიანად მოსწავლეზე ორიენტირებულია.
-სწავლების რა მეთოდებს და აქტივობებს იყენებენ საგაკვეთილო პროცესში?
-სწავლების მეთოდები საკმაოდ საინტერესო და აქტივობები საკმაოდ სახალისო და რაც მთავარია, ზოგად მიზანზე ორიენტირებული იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემთხვევების შესწავლა. მოსწავლეები სწავლობდნენ ფეიკ-ნიუსების მაგალითზე, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის მონაწილეობის და სხვა მსგავს საკითხებს. ასევე აღსანიშნავი იყო წერითი მუშაობის მეთოდი. დიდ ყურადღებას აქცევენ კრიტიკულ აზროვნებას. მეტად საინტერესო იყო ესეს წერის შესასწავლი აქტივობა ე. წ. ფლუმის მეთოდი, ძალიან მარტივად და სახალისოდ ბავშვი სწავლობს ესეს წერას თავისით, ყოველგვარი ზედმეტი წესების დაზეპირება-დაზუთხვის გარეშე. დანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩემს მოსწავლეებთან გამოვცადე რამდენიმე აქტივობა. შედეგი მეტად სასიამოვნო და იმედისმომცემი იყო.
-რა ტიპის შეფასების სისტემა აქვთ დანიაში? რა არის მისი დადებითი და უარყოფითი (თუ აქვს) თვისებები?
-დანიაში არსებობს როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე შეფასება მხოლოდ განმავითრებელია, ნიშანი იწერება წელიწადში 3-ჯერ მხოლოდ ტრიმესტრის ბოლოს. უმაღლესი შეფასებაა 12 (შესანიშნავი), შემდეგ – 10 (ძალიან კარგი), 7 (კარგი), 4 (დამაკმაყოფილებელი), 2 (საკმარისი), 0 (არადამაკმაყოფილებელი) და -3 (სუსტი და არასაკმარისი შესრულება).
ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგისათვის, მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასება. ვფიქრობ, ნიშნები არ უნდა არსებობდეს და მოხარული ვიქნები, თუკი ქართული განათლების სისტემაც მსგავს შეფასებაზე გადავა. მსგავსი შეფასების საფუძველზე მოსწავლე (და ხშირად მშობელიც) არ იქნება ნიშანზე ორიენტირებული და ჩვენც, პედაგოგებს უფრო მეტად შეგვეძლება განათლების მიზნებისაკენ დაუბრკოლებლად სვლა.
-თუ შეადარებდით ქართული და დანიური განათლების სისტემას? რა აქვთ კარგი საქართველოსგან განსხვავებით?
-დანიური განათლების სისტემა სიტყვითაც და საქმითაც მთლიანად ბავშვზეა ორიენტირებული. ძალიან ბევრი კარგის დანახვა შეიძლება დანიურ სისტემაში. დავიწყოთ იქიდან, რომ სკოლის გარემო რადიკალურად განსხვავდება ქართული სკოლის გარემოსაგან. უზარმაზარი საკლასო ოთახები, ბოლომდე აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. კლასებს შორის ღია თავისუფალი სივრცეები, რომლებსაც იყენებენ ჯგუფური სამუშაოების დროს. ქართული სკოლების უმეტესობაში კი საკლასო ოთახების „სტანდარტული“ განლაგებაა.
შედარებისთვის საკმარისია, ალბათ, თუ როგორ ხდება ჯგუფური სამუშაოს შესრულება დანიაში და საქართველოში. დანიაში მასწავლებელი საჭირო ინსტრუქციების მიცემის შემდეგ აღებს საკლასო ოთახის კარს და თავისივე სურვილით დაჯგუფებულ მოსწავლეებს უშვებს ფოიეში (ზოგს შეუძლია კლასშიც დარჩეს), მოსწავლეები მიჰყვებიან ინსტრუქციებს, მასწავლებელი ყველა ჯგუფთან მიდის და რეკომენდაციებს აძლევს. საქართველოს საკლასო ოთახებში კი ეს როგორ მიმდინარეობს უბრალოდ არ დავწერ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჯგუფური მუშაობის დროს კლასიდან გასვლა ჩვენს რეალობაში, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
-შეგვიძლია თუ არა ჩვენ გადმოვიღოთ დანიური განათლების მოდელი? ან რა შეგვიძლია გავითვალსწინოთ მათი სისტემიდან?
-დიახ, შეგვიძლია, თან ბევრი რამის. ჩვენი დანიაში ვიზიტიც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას ეხებოდა. დანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ექვსი სემინარი უნდა გაიმართოს (მარტში უკვე მესამე სემინარი გაიმართება) დანიელი პედაგოგების დახმარებით. ისინი დახმარებას უწევენ ქართველ პედაგოგებს ისეთ საკითხებში როგორიცაა: ,,წერითი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება“, ,,განმავითარებელი შეფასებები და უკუკავშირის კულტურა“, „საკლასო მენეჯმენტი“, „21-ე საუკუნის უნარჩვევები“, „დიფერენცირებული სწავლება“ და „გაკვეთილის დაგეგმვა“. თავის მხრივ, მათ სემინარებს 25 სკოლის 2-2 პედაგოგი ესწრება, რომლებსაც ევალებათ მსგავსი შეხვედრების ჩატარება საკუთარ კოლეგებთან. შეხვედრები იმართება სმპთპ-ის წყნეთის ბაზაზე. ასევე კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ და ქართველ მოსწავლეებს წიგნების ნაცვლად კომპიუტერებში ჩატვირთული მასალით ვასწავლით.
-რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა გაუმჯობესდეს?
-საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად ფართო გაგებით საჭიროა მენტალობის შეცვლა პედაგოგებში, მოსწავლეებში და მშობლებში. უფრო თუ ჩავუღრმავდებით საჭიროა გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რესურსების ხელმისაწვდომობა და სხვა.
-საზღვარგარეთ გასვლა, სხვა განათლების სისტემების ნახვა და მათზე დაკვირვება რას აძლევს პედაგოგს?
-აქ ძალიან მოკლე პასუხს გაგცემთ: ყველა პედაგოგმა უნდა ნახოს დანიური განათლების სისტემა და ადგილზე გაეცნოს მას!
მოამზადა ცისანა შერგილაშვილი
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება