GE

მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დეტალები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელიც მასწავლებელთა მომზადების ერთწლიან პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს ორი სასარგებლო საქმის ერთდროულად გაკეთების საშუალებას აძლევს – ამ პროგრამაზე მოხვედრით ისინი არა მხოლოდ სასწავლო პროცესის წარმართვას შეისწავლიან, არამედ ინგლისური ენის ცოდნის დონესაც აიმაღლებენ, ვინაიდან სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ამ პროგრამის გავლის შემდეგ პედაგოგობის მსურველი სხვებთან შედარებით ბევრად კონკურენტუნარიანი გახდება, რადგან მათზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა ინგლისურენოვანი სკოლებიდან იქნება.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე EDU.ARIS.GE-ს პროგრამის შესახებ დაწვრილებით ესაუბრა:

ნიკოლოზ ფარჯანაძე: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღნიშნულ პროგრამაზე სწავლება ინგლისურ ენაზეა. ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროგრამა უნიკალურია, რადგან სხვაგან მსგავსი რამ არ ხდება.

მოგესხენებათ, შავი ზღვის უნივერსიტეტი საერთაშორისოა, შესაბამისად, ამ პროგრამაზე სტუდენტების მიღება უცხოეთიდანაც შეიძლება. თუმცა, ჩვენი უპირველესი მიზანია საქართველოს მოვემსახუროთ და აქ მოქმედი მასწავლებლების ინტერესები გავითვალისწინოთ.

-რამდენ მიმართულებზე აცხადებთ მიღებას ამ პროგრამის ფარგლებში?

ნ.ფ: ორ მიმართულებაზე –  ინგლისური ენისა და მათემატიკის მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამები გვაქვს. მათემატიკის მასწავლებელთათვისაც სწავლების ენა ინგლისურია, რადგან ჩვენ ინგლისურენოვან სკოლებთან ურთიერთობის პრაქტიკა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ დაინტერესებულ პირებს საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ.

ინგლისური ენის პროგრამა ჩვენთან უკვე დიდი ხანია დანერგილია, თუმცა იგი საბაკალავრო პროგრამასთან იყო ინტეგრირებული. დამოუკიდებლადაც არსებობდა აკრედიტებული პროგრამა, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალში  აკრედიტაცია თავიდან გავიარეთ და პროგრამა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვაახლეთ.

თავიდან ბოლომდე განვაახლეთ ბიბლიოთეკაც, რათა მომავალ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენთან ჩააბარებენ, თანამედროვე ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა.  მზად ვართ იმისთვის, რომ სწავლება მაღალ დონეზე განვახორციელოთ.

-რას სახის იქნება შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდა?

ნ.ფ: ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა. ვეთანხმებით ინსტრუქციას იმის შესახებ, რომ მიღების კრიტერიუმები მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ამიტომ, გადავწყვიტეთ წერილობითი გამოცდა ჩავატაროთ. აპლიკანტებს  ერთგვარი ესეს დაწერა მოუწევთ, სადაც უნდა დააკონკრეტონ თუ რა არის მათი მოტივაცია, რატომ უნდათ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რას ნიშნავს მათთვის მასწავლებლის პროფესია, როგორ ხედავენ საკუთარ თავს ამ პროფესიაში, როგორ წარმოუდგენიათ კარიერული წინსვლა და ა.შ.

ამ კომპონენტებით შევაფასებთ იმას, თუ რამდენად მიზანდასახულია კანდიდატი. წერილობითი ფორმა კი იმიტომ შევარჩიეთ, რომ მაღალი კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, გვექნება დოკუმენტური მასალა, რაც კანდიდატებს დაეხმარებათ დაინახონ თუ რატომ შეირჩა კონკრეტული კანდიდატი და რითი აჯობა მან მეორეს. შეფასების კრიტერიუმებსაც დეტალურად გამოვაქვეყნებთ 27 სექტემბრიდან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. იქვე გამოქვეყნდება გამოცდის თარიღიც და საჭირო საბუთების ჩამონათვალიც.

-როგორი იქნება პროგრამის სტრუქტურა?

ნ.ფ: მოგეხსენებათ, ეს პროგრამა 60 კრედიტიანია. ამ ერთი წლის განმავლობაში კანდიდატები 12 სასწავლო კურსს გაივლიან. ანუ, თითოეული კურსი 5 კრედიტიანია. თითო სემესტრში მათ 6 სასწავლო კურსის გავლა მოუწევთ.

-რას გვეტყვით სასკოლო პრაქტიკაზე?

ნ.ფ: სასკოლო პრაქტიკა აპლიკანტებს პირველ სემესტრშიც ექნებათ და მეორეშიც. თუმცა, პირველ სემესტრში იგი უფრო პასიური იქნება – ძირითადად სხვა მასწავლებლების გაკვეთილებს ესწრებიან და აკვირდებიან. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ხელმძღვანელის მეთვალყურეობითა და ინსტრუქციით მიმდინარეობს.

მეორე სემესტრში კი აქტიური პრაქტიკაა. ახლა უკვე თავად კანდიდატებს მოუწევთ გაკვეთილების ჩატარება, თუმცა, ისევ პრაქტიკის ხელმძღვანელის უშუალო ინსტრუქციით. აღსანიშნავია, რომ  პრაქტიკა მხოლოდ ამ ორი კომპონენტით არ შემოიფარგლება. თითქმის ყველა სასწავლო კურსში გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაო, რათა მასწავლებლებმა მაქსიმალური გამოცდილება მიიღონ და ცოდნა შეიძინონ.

ჩვენს კურსებს კიდევ ის სფეციფიკა ახასიათებს, რომ ინგლისური ენის მასწავლებლის მოსამზადებელ მოდელში ინტეგრირებული გვაქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცდისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. დამწყები მასწავლებლისათვის ეს გამოცდა  ძალიან კარგია. მისი მომზდების პროცესში ისინი იღებენ როგორც ლინგვისტურ, ისე სასწავლო პროცესისა და გაკვეთილის დაგეგმვის შესახებ ცოდნას. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კომპონენტი საბაკალავრო პროგრამაზე უკვე დანერგილი გვაქვს.

-როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს აპლიკანტებისათვის დამაბრკოლებელი ბარიერი ხომ არ იქნება და ეს ჩაბარების მსურველთა რაოდენობას ხომ არ შეამცირებს?

ნ.ფ: ჩვენ აქცენტს გარკვეულ ნიშაზე ვაკეთებთ. საქართველოში ბევრი სკოლაა ისეთი, სადაც სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდანარეობს. მათ ინტერესებსაც ვითვალისწინებთ, მასწავლებლების ინტერესებსაც და ვფიქრობთ ამ სასწავლო კურსების გავლა დაეხმარებათ, როგორც საგნობრივი და მეთოდური, ისე ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაში. ვფიქრობთ, ინგლისური სკოლებიდან მათ მიმართ დიდი დაინტერესება იქნება.

გარდა ამისა, საერთაშორისო უნივერსიტეტი ვართ და კავშირი სახვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს, სტუდენტებს უცხო ქვეყნებიდანაც ვიზიდავთ. ვფიქრობთ, საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ის, რომ რეგიონის წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრი გახდეს. ამ საქმეში მოკრძალებულ წვლილს თუ შევიტანთ, კარგი იქნება. შეიძლება, ზოგიერთი აპლიკანტი ინგლისურის სათანადო დონეზე არცოდნის გამო ჩვენს პროგრამაში ვერ მოხვდეს, მაგრამ მათ სხვა უნივერსიტეტებსაც შეუძლიათ მიმართონ.

ინგლისური ენის მასწავლებლებს რაც შეეხებათ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისურად სწავლა უფრო ეფექტური იქნება და ამით ცოდნას მეტად აიმაღლებენ. მეტიც, კარგი იქნება თუ ყველანაირ კურსს ინგლისურ ენაზე გაივლიან. მე პირადადაც ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ, ჩემი კარიერა ასე დავიწყე და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დამეხმარა ის კურსები, სადაც სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

-ვინ იქნებიან პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მათ გადაამზადებენ?

ნ.ფ: პროგრამაში ჩართული თითოეული ლექტორი ჩვენი უნივერსიტეტის მუდმივი აკადემიური პერსონალია. ზოგიერთი მათგანი პროფესორია, ზოგიერთი კი – ასოცირებული პროფესორი. ძალიან გამოცდილი კადრები არიან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური