მასწავლებელთა რაოდენობა 14 043 ინდივიდით შემცირდა 2006 წლიდან დღემდე – ანგარიში
რა უნდა ვიცოდეთ მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში – ამ სახელწოდებით ანალიტიკური საინფორმაციო ბიულეტინი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა მოამზადა, სადაც განხილულია მასწავლებლის მახასიათებლები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში. კერძოდ, მასწავლებელი ასაკობრივ და სქესობრივ ჭრილში. ასევე, განხილულია მასწავლებელთა კადრების ცვლილების პერსპექტივები და განათლების პროგრამების მახასიათებლები.
დოკუმენტის თანახმად, მასწავლებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ თბილისში მოღვაწეობს- 12 382. მასწავლებელთა შედარებით ნაკლები რაოდენობაა რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა – მთიანეთსა და გურიაში.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2006 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა რაოდენობა 14 043 ინდივიდით შემცირდა და ყველაზე მაღალი შემცირება 2016-2017 წლებიდან დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, სადაც მასწავლებელთა რაოდენობა 22,7 % -ით შემცირდა. ყველაზე ნაკლებად კი თბილისში, სადაც მასწავლებლების რაოდენობა შემცირდა 5.7%-ით. აქვე ვხდვდებით დამაზუსტებელ ჩანაწერს, მასწავლებელთა რაოდენობა უფრო მეტად შემცირდა რუსულენოვან (20.7%-ით), აზერბაიჯანულენოვან (16.9%-ით) და სომხურენოვან სკოლებში (14.2%-ით, ვიდრე ქართულენოვან (11.2%) სკოლებში.
სკოლის სავალდებულო საგნებს შორის, რომლებსაც უფრო მეტი მამაკაცი მასწავლებელი ასწავლის, ყველაზე მაღალია წილი საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის უსაფრთხოებაში (54.7%), სპორტში (50,1%), სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში (29.8%), ჭადრაკსა და საქართველოს ისტორიაში (24.5%), სამოქალაქო განათლებასა და ისტორიაში (22.5%).
თბილისში მამაკაცი მასწავლებლების წილი ყველაზე დაბალია (7.4%), ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და
ზემო სვანეთში კი – ყველაზე მაღალი (+ 18%). ქალი პედაგოგები პროფესიული განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგანან, ვიდრე მამაკაცი მასწავლებლები. 10%-ით უფრო ხშირია (70.9%) უფროსის სტატუსის და თითქმის 11%-ით ხშირად – წამყვანის სტატუსის (11.1%) ქალი მასწავლებლები.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2016-2017 წლებიდან 2022-2023 აკადემიურ წლებამდე, მასწავლებლების ასაკი მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, მკვეთრად არის შემცირებული 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა და ხვედრითი წილიც. თუკი 2016-2017 აკადემიურ წელს 40 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა 15 277 იყო, უკანასკნელი აკადემიური წლისთვის მათი რიცხვი მხოლოდ 11 616 გახდა. 2016 წლიდან 2023 წლამდე მცირედით გაზრდილია 60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა, თუმცა, წლების მიხედვით, დინამიკა მკვეთრად ცვალებადია. მკვეთრი შემცირება 2018-2020 წლებში (5900 მასწავლებლით ნაკლები) დაფიქსირდა, თუმცა აღმავალია რაოდენობა 2020 წლიდან დღემდე.
მასწავლებელთა საშუალო ასაკი გაზრდილია 2016-2017 წლებთან შედარებით. დღევანდელი
მდგომარებით მასწავლებელთა საშუალო ასაკი 49,97 წელს შეადგენს. მასწავლებელთა ასაკი ყველაზე მაღალია გურიაში (53.04), ხოლო ყველაზე დაბალი – სამცხეჯავახეთის რეგიონში (46.9).
ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი აქვთ ფიზიკის მასწავლებლებს (55.6), მაღალია აგრეთვე მეორე
უცხო ენის (54.2), რუსულისა (55.3) და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენისა და
ლიტერატურის (53.9), ქიმიის (53.8), გეოგრაფიის (52.5) ბიოლოგიის (52) და მათემატიკის (52.5)
მასწავლებელთა საშუალო ასაკი, ხოლო ყველაზე დაბალია ინგლისური ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელთა საშუალო ასაკი (42.0).
რეგიონების მიხედვით მონაცემები მასწავლებლების შესახებ, რომლებმაც საპენსიო ჯილდოს
პროგრამით ისარგებლეს, მკაფიოდ განსხვავებულია და აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი წილი
პედაგოგებისა, როლებმაც სისტემა დატოვეს, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და
გურიაშია. მეორე მხრივ, გურიაში მასწავლებლების ასაკი ყველაზე მაღალია. 60 წელს ზევით ასაკის მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნები (ფიზიკა 38%, ქიმია 33%; ბიოლოგია 28,4%, აგრეთვე მათემატიკა 29%-ი).
ორმოცდაათ წლამდე მასწავლებელთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია ინგლისური ენის
მასწავლებლებში. (ინგლისური ენის მასწავლებელთა 82,4% 50 წლამდე ასაკისაა).
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მათემატიკის მიმართულება იკვეთება, როგორც 50 წელს
ზევით მასწავლებელთა მაღალი ხვედრითი წილის მქონე მიმართულება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა განათლების პროგრამები უმეტესად ამზადებს ინგლისური ენის მომავალ მასწავლებლებს (საერთო რაოდენობის 29% და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს (საერთო რაოდენობის 20,5%). ამ დროს, როცა მოქმედი ინგლისური ენის მასწავლებელთა საშუალო ასაკი 42 (>41.9) წელია, ხოლო 50 წელს ზევით მასწავლებელთა რაოდენობა სულ 924. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სადაც ყველაზე მაღალია მასწავლებელთა ასაკი (ფიზიკა 55,6 წელი, ქიმია, 53,8 წელი), მხოლოდ მიზერული რაოდენობის მომავალი მასწავლებელი მზადდება მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე. 2016-2021 წლებში მასწავლებელთა განათლების 60 კრედიტიანი პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობა, მაგალითად, ფიზიკაში 26-ს, ხოლო ქიმიაში კი 34-ს შეადგენდა.
ანალიტიკური ბიულეტენი მასწავლებლების შესახებ საქართველოს სკოლებში
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება