პედაგოგთა პროფკავშირი საერთო განცხადებას უერთდება – „ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა“
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) უერთდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ დღეს, 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას და ხელს აწერს შემდეგზე:
“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული ქართველი ხალხის ურყევი ნება. ხელისუფლება და საზოგადოების თითოეული წევრი ვალდებულია და სასიცოცხლოდ აუცილებელია ორიენტირებული იყოს მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაზე ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის მიზნით.
სხვადასხვა მიმართულებით აქამდე არსებული ქვეყნის ყოველი პროგრესი უკავშირდება სწორედ ევროინტეგრაციის პროცესს და თითოეული გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ ევროპული სტანდარტების დანერგვით, საზოგადოების ფართო ჩართულობით. სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება, ისევე როგორც მათ მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე.
მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ევროინტეგრაციის გზით არის შესაძლებელი მივაღწიოთ საზოგადოების კეთილდღეობას, სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, ღირსეულ დასაქმებას და ზოგადად, ადამიანის უფლებათა განუხრელ დაცვასა და პატივისცემას.
კატეგორიულად ვგმობთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის აშკარა გადამეტებას, რაც გამოიხატა მედიის წარმომადგენლებისა და პროტესტის მონაწილეთა მიმართ უფლებების დარღვევაში, მათ შორის, ფიზიკურ ძალადობაში. მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თითოეული მოძალადის და ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობაში მიცემა.
ასევე, აუცილებელია მოხდეს სამართალდამცველებზე ძალადობისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენცია პროტესტში ჩართულ პირთა მხრიდან.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ პირს, ვისი შრომითი უფლებაც შეილახება გამოხატვის თავისუფლებისა თუ სხვა კანონიერი უფლების რეალიზების გამო.
ხელმომწერი პროფესიული კავშირები:
- საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი
- მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი
- რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი
- აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანება
- მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირი
- ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი
- კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირი
- მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირი
- მეზღვაურთა პროფესიული კავშირი
- მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირი
- მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირი
- ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი
- საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი
- ხელოვნების, მასმედიის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირი.
- საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)
ასევე იხილეთ:
- „სკოლაში საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის ღრმად შესწავლაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“ by მასმედია
- მათემატიკის სპეციალისტი: „2025 წლის აბიტურიენტთა საგამოცდო პროგრამაში ამოღებულია 3 საკითხი – სამი მთავარი თემა“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტროს 4-წლიანი ხედვა და დაგეგმილი ცვლილებები – რა თქვა პარლამენტში ალექსანდრე წულაძემ (ვიდეო) by ARIS.GE-განათლება