სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი)
თბილისის და რეგიონების საჯარო თუ კერძო სკოლებში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ან სრულად არის ჩაშლილი.
დღეს, 3 დეკემბერს, დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების ნაწილმა საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და პროტესტი საკუთარი სკოლის ეზოში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოხატა. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს უერთდებიან და თავიანთ ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ.
მოსწავლეებს უერთდებიან მშობლები და მასწავლებლების ნაწილიც.
EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ პროტესტს დღეიდან უერთდება თბილისის 175, 174, 161, 171, 181, 192 და 21 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი.
მოსწავლეების ნაწილმა საგაკვეთილო პროცესი დატოვა რუსთავის 21, 22 და 24-ე (გიმნაზია) საჯარო სკოლაშიც.
“მოსწავლეებს, ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, ეს არის განათლების უფლება და აი, ამაზე უარის თქმა, ეს არის ჩვენგან ყველაზე დიდი ხარისხის ბოიკოტის გამოცხადება. რადგან ჩვენს მთავრობაში პრეზიდენტად მოდის გაუნათლებელი, ჩვენ ვერ აღვიქვამთ რა არის განათლება, იმიტომ, რომ რა საჭიროა ეს განათლება, თუ მაინც გაუნათლებლები მოდიან პოლიტიკაში? განათლება აუცილებელი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. აი, ამაზე უარის თქმით ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს რეჟიმი… რაღაცები უკვე ამოიღეს, ჩვენი განათლება ნელ-ნელა სუსტდება და საერთოდ უკან, საბჭოთა კავშირისკენ მივდივართ. ჩვენ გვინდა ევროპა!”.
-“ჩვენი მომავალი არის ევროპაში, არ გვინდა რუსეთი!”.
-“მოსწავლეების ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია,ჩვენი ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ”!
-“აუცილებლად წავალთ ევროპაში, ახლა ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა”!
ასეთია სკოლის მოსწავლეთა განწყობა და სურვილები.
პროტესტს უერთდებიან რეგიონებშიც.
მოსწავლეები დღეს საპროტესტო მსვლელობებსა და გაფიცვას აწყობენ ზუგდიდშიც. საპროტესტო მსვლელობაში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
პროტესტს უერთდებიან ბათუმის მე-11 საჯარო სკოლისა და ასევე ქართულ ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეები.
ქუთაისში მშობლიურ სკოლასთან აქციას მართავს 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი. როგორც ისინი ამბობენ, სკოლის ადმინისტრაცია სხვა მოსწავლეებს საკლსო ოთახების დატოვების საშუალებას არ აძლევს, თუმცა ისინი მეგობრებს სკოლის ფანჯრებიდან უჭერენ მხარს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2 დეკემბერს ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რამდენ სკოლაშია პროტესტი ან პროტესტის გამო სასწავლო პროცესი ჩაშლილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა პროტესტი არ წყდება. გასული კვირიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საპროტესტო აქციებს უერთდებიან და გაფიცვებს აწყობენ სკოლები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც.
მოქალაქეების პროტესტი 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”.
ინფორმაცია განახლებადია…
ამავე თემაზე:
- რა წერია განათლებაზე კანონში, რომელიც 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და პედაგოგიური წრეების კრიტიკას იწვევს by ARIS.GE-განათლება
- სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა by ARIS.GE-განათლება
- პარლამენტის განათლების კომიტეტის 7 წევრის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება by ARIS.GE-განათლება