GE

„მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან“ – რას ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ითხოვს, რომ არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მასწავლებლებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესაძლებლობა მიეცეთ და რამდენიმე ასეული მასწავლებლის მიმართ დისკრიმინაცია თავიდან იქნას აცილებული.

როგორც სახალხო დამცველის მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებულ, გიორგი ამილახვარის უწყებისადმი გაგზავნილ წინადადებაშია აღნიშნული, განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებს, რის შედეგადაც, არაქართულენოვანი სკოლები/სექტორები კვლავ მთელი რიგი პრობლემებისა და სისტემური გამოწვევების წინაშე დგანან.

“განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ფარგლებში, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე. აღნიშნული კომპლექსურ ხასიათს ატარებს და არაერთი მიზეზითაა განპირობებული, მათ შორისაა: სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე, უფროსი თაობის მიერ ენის შესწავლის სირთულე და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მეთოდებისა და წამახალისებელი აქტივობების არასაკმარისობა, უფროსი თაობის ადამიანებში ქართული ენის შესწავლის ნაკლები მოტივაცია, სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების არასაკმარისი გეოგრაფიული არეალი და სხვ.

“გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებს პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა დაგვიანებით მიეცათ, რამაც ამ სკოლის/სექტორების მასწავლებლები, ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში ჩააყენა”, – წერს სახალხო დამცველი გიორგი ამილახვარის უწყებას.

სახალხო დამცველია აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენმა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებელთა კარიერული ზრდის მიმართულებით გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ზოგადი წინადადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2024 წლის 17 იანვარს მიმართა.

როგორც წერილიდან ირკვევა, სახალხო დამცველის აპარატს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461-მა მასწავლებელმა მიმართა, ისინი მიუთითებდნენ რომ განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ მთელ რიგ სისტემურ გამოწვევებს. განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე, რაც მათი პრაქტიკოსი მასწავლებლების კატეგორიიდან ამორიცხვას და მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევას გამოიწვევს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეთნიკურ უმცირესობათა განათლების პოლიტიკის ერთიანობის და თანმიმდევრულობის მიზნით, აუცილებელია სახელმწიფომ ამ მიმართულებით ეტაპობრივად მოქმედებები გაატაროს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებს:

  • სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენის მიზნით და მათზე საპასუხოდ, განიხილოს პროფესიული განვითარების სქემა და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, დაგეგმოს აქტივობები, რომლებიც დროულად და ეფექტიანად უზრუნველყოფს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლებისთვის სტატუსების ცვლის შესაძლებლობას;
  • სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, გააფართოოს პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში და დანერგოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფროსი თაობის საჭიროებებზე მორგებული სწავლების კომპონენტები.

იხილეთ სრული წერილი:

ზოგადი წინადადება დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური