GE

მასწავლებლები დანაშაულის პრევენციის შესახებ სპეციალურ კურსს გაივლიან – დეტალები

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები დანაშაულის პრევენციის კურსს გაივლიან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მასშტაბის ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის.

“მისი მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი – იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

“გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება სააგენტოსთან კოორდინაციით არასრულწლოვნების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება”, – განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა:

– არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება;
– ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
– არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები;
– სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში;
– პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები მასწავლებლებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას;
– აზარტულ თამაშებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება;
– ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა მოზარდებში;
– ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა.

გაეცანით ვიდეორგოლს კურსის შესახებ

დანაშაულის პრევენციის კურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური