მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი პოლიტიკა ქვეყანაში არ არსებობს – სახალხო დამცველის ანგარიში
სახალხო დამცველმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ბავშვთა უფლებების მდგომარეობის გარდა, ამ კუთხით მასწავლებელთა განათლებაზეც არის საუბარი. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არასათანადო ყურადღებას უთმობს პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხების და მისი საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ ცოდნის მიწოდებას.
საქსტატის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოში 67 ათასი პედაგოგი მუშაობდა. სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული მონაცემების თანახმად, ადამიანის უფლებებზე სხვადასხვა ტრენინგი და ვორკშოფი მხოლოდ 623-მა პედაგოგმა გაიარა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ადამიანის უფლებების საბაზისო ცოდნის მოთხოვნის თაობაზე 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაცია არ შესრულებულა.
„2018 წელს, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის ძირითად უფლებებში პედაგოგთათვის განკუთვნილი ონლაინ ტრენინგ-კურსის მოდულები შეიმუშავა და ცენტრს მიაწოდა. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2016-2019 წლების სტრატეგიის ანალიზი არ მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებისა და მათი საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ ცოდნის მიწოდება სტრატეგიული პრიორიტეტია. ამასთან, ცენტრს, ამ ეტაპზე, არც მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ-პოლიტიკის დოკუმენტი აქვს შემუშავებული, რაც ართულებს განათლების სისტემაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას. 2019 წელს, ცენტრის აქტივობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლის 453 პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი – „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ თაობაზე, ხოლო აქტივობათა დანარჩენი ნაწილი ძირითადად ვორკშოფების სახით იყო წარმოდგენილი, რომელშიც ჯამურად მხოლოდ 170 პედაგოგი მონაწილეობდა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ომბუდსმენი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:
შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით.
შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ-პოლიტიკის დოკუმენტი მასწავლებლებისთვის და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის
ხელი შეეწყოს საგნის, „სახელმწიფო და სამართალი“, ეფექტიანად დანერგვას სასკოლო სივრცეში და განიხილოს ამ საგნის სახელმძღვანელოების შესარჩევად გრიფირების გამოცხადების შესაძლებლობა.
რეკომენდაციების ადრესატად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიცაა დასახელებული. რეკომენდაცია კი ასე გამოიყურება:
შემუშავდეს სტრატეგია/სამოქმედო გეგმა საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, ასევე, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოსავლენად.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება