GE

„მასწავლებლის ძალა – როგორ ცვლის ერთი სიტყვა ბავშვის მომავალს“

ავტორი: თამარ მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

სკოლის საკლასო ოთახი ბევრისთვის ჩვეულებრივი სივრცეა: დაფა, მერხები, წიგნები, ბავშვები. მაგრამ სწორედ აქ, ამ ყოველდღიურ გარემოში, იმალება ძალა, რომელიც ბავშვების მომავალს პირდაპირ განსაზღვრავს, ეს არის მასწავლებლის სიტყვა და დამოკიდებულება. სიტყვებს, რომლებსაც ბავშვი ყოველდღე ისმენს, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ თვითდაჯერებულობაზე, მოტივაციასა და სიახლის მიღების სურვილზე.

მასწავლებლის სიტყვა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადმოცემა არ არის; ეს არის ემოციური გზავნილი, რომელიც ბავშვის გონებასა და გულში ილექება. ზოგჯერ ერთი ნათქვამი ფრაზა – „შენ ამას შეძლებ“, „მე მჯერა შენი“, ან პირიქით, „შენ ვერასოდეს გახდები წარმატებული“ – შეიძლება იქცეს მთელი ცხოვრების მანძილზე გზის მიმართულებად. სამოტივაციო სიტყვები ბავშვს აძლევს ენერგიას, შრომის სურვილსა და საკუთარი თავის რწმენის. საპირისპიროდ, დამამცირებელი ან უარყოფითი სიტყვები ხშირად ზრდის შფოთვას, უკმაყოფილებას საკუთარ ძალებში და ხელს უშლის პიროვნულ განვითარებას.

სიტყვა როგორც მზის სხივი

ბავშვი პატარა ყვავილს ჰგავს. ის მუდამ მზისკენ იწევს, რადგან სწორედ სითბო და სინათლე აძლევს სიცოცხლეს. მასწავლებლის სიტყვა კი მზის სხივია. როცა ის სიყვარულით ელაპარაკება, ბავშვი თითქოს სითბოში ეფლობა, უფრო თავდაჯერებული ხდება და გაბედულად იწყებს ცდას, სწავლას, კითხვას. თითოეული კეთილი სიტყვა, როგორც მზის ახალი სხივი, ბავშვში ზრდის ნდობას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

უხილავი კვალი

ბავშვმა შეიძლება მალე დაივიწყოს, რა გაკვეთილი ჩატარდა კონკრეტულ დღეს, მაგრამ არასოდეს დაივიწყებს, როგორ აგრძნობინა მასწავლებელმა თავი. სწორედ ეს „უხილავი კვალი“ – ემოციური გამოცდილება – არის ის, რაც მომავალში განსაზღვრავს მის ურთიერთობას არა მხოლოდ სწავლასთან, არამედ ცხოვრების მიმართ.

პატარა სიტყვა – დიდი შედეგი

წარმოიდგინეთ ორი სცენა:

  • მასწავლებელი, რომელიც ბავშვს ამხნევებს: „შენ ძალიან კარგად წარმოადგინე შენი აზრი, მომავალში შეგიძლია შესანიშნავი მწერალი გახდე“.
  • მასწავლებელი, რომელიც ბავშვზე ბრაზით ამბობს: „შენ ყოველთვის უყურადღებოდ ხარ, ვერასოდეს ისწავლი წესიერად“.

ეს ორი მაგალითი ნაკლად წარმოაჩენს რამდენად დიდია სიტყვების ძალა ბავშვის ცხოვრებაში. პირველი მაგალითი — მასწავლებლის სითბო, ორმხრივი პატივისცემა და დამაჯერებელი სიტყვები — აღვივებს ინტერესს, ნდობას საკუთარ შესაძლებლობებში და მოტივაციას ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად. როდესაც ბავშვი იგრძნობს, რომ მისი აზრები ღირებულია, რომ მას შეუძლია წლების შემდეგ დიდი მიზნების მიღწევა, იგი იწყებს აქტიურად მონაწილეობის მიღებას, უშიშრად სწავლას და შემოქმედებით გამოთქმას. ასეთ სიტყვებს ბავშვის პიროვნებაში შეიძლება უწოდო „აღმაფრენა“ — ისინი უნარებსა და მიზნებზე ფოკუსირებას აძლიერებენ და ახდენენ ბავშვის შინაგანი განვითარების სტიმულირებას.

მეორე მაგალითი კი აჩვენებს, როგორ შეიძლება უარყოფითი კომენტარი ბავშვის განვითარებას უშლიდეს ხელს. სიტყვები, რომლებიც ხაზს უსვამს სუსტი მხარეებს და არასრულყოფილებას, ხშირად რჩება ბავშვის გულში როგორც ტვირთი. იწვევს შეცდომის დაშვების შიშს, მცირედ ნდობას საკუთარ შესაძლებლობები მიმართ და დაბრკოლებას ახალი ცოდნის მიღებისა და თვითგამოხატვის გზაზე. ასეთი სიტყვები ხშირად არ ქრება მარტივად — ის რჩება ცხოვრების ტრამვად. ამგვარად, მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეული მოსწავლის მიმართ. გიზიარებთ რამოდენიმე რჩევას უკეთესი მომავლის შესაქმნელად:

რჩევები მასწავლებლებს – როგორ გახდეს სიტყვა მოტივაცია

  • ყურადღება მიაქციეთ ტონს. ისევე როგორც სიტყვას, ტონსაც აქვს ძალა. მშვიდი და სითბოთი სავსე ხმა უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე მკაცრი შენიშვნა;
  • აღნიშნეთ მცდელობა, არა მხოლოდ შედეგი. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ძალისხმევა ფასდება: „მიხარია, რომ ძალიან ეცადე, შედეგიც მალე გამოჩნდება“;
  • გამოიყენეთ ფრაზები, რომლებიც ზრდის რწმენას. „შენ უკვე წინ წახვედი“, „შენს იდეას დიდი მნიშვნელობა აქვს“, „მჯერა შენი“;
  • კრიტიკა მიუთითეთ ქცევაზე, არა პიროვნებაზე. თქვით: „ამჯერად დავალება არასრულად გაქვს შესრულებული, თუმცა მჯერა შემდეგ ჯერზე უფრო გულისყურით იმუშავებ“;
  • გამოავლინეთ ემპათია. ჰკითხეთ ბავშვს: „რა იყო ყველაზე რთული ამ დავალებაში?“ „მესმის გერთულა, მარტივი არ არის, მაგრამ სცადე თავიდან, გამოგივა“ – ეს აჩვენებს, რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვანია;
  • გაამხნევეთ საჯაროდ, გააკრიტიკეთ პირადად. ბავშვის ღირსება ასე დაცული იქნება და თქვენ მიმართ ნდობას გაუჩენთ;
  • მიზნები დაუსახეთ პატარა ნაბიჯებად. უთხარით: „დღეს უკვე ერთი ამოცანა წარმატებით ამოხსენი, ხვალ ორიც გამოგივა“;
  • გახსოვდეთ „ოქროს წესი“ – 5 დადებითი vs. 1 შენიშვნა. ყოველი კრიტიკული სიტყვა უნდა დაბალანსდეს მინიმუმ ხუთი მხარდამჭერი ფრაზით.

ამგვარად, მასწავლებლის ძალა არ გამოიხატება ხმამაღალ ტონში და არც მკაცრ მითითებებში. მისი ყველაზე დიდი ძალაა, რომ შეუძლია ერთი სიტყვით შეცვალოს ბავშვის სულიერი მიმართულება. როგორც პატარა ნაპერწკალი აბედნიერებს ბნელ ოთახს, ასევე ერთი სიტყვა იწვევს ბავშვის თვალებში ნათებას, რომელიც მომავალში შეიძლება დიდ წარმატებად გადაიქცეს. სწორედ ამიტომ, თითოეული მასწავლებლის სიტყვა უნდა იყოს სიყვარულითა და რწმენით აღსავსე – რადგან ამ სიტყვებს შეუძლიათ შექმნან და შეცვალონ მომავალი. მასწავლებლის სიტყვა – პატარა ნაპერწკალი დიდი ცვლილებებისთვის.

ასევე იხილეთ:

რა უნდა შეცვალოს ძველი თაობის პედაგოგმა, რომ სკოლაში ახალი თაობის გამოწვევებს უპასუხოს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური