GE

„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება ხდება“ – როგორია ათეულის წევრების ემოციები

2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსზე ათი საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა, წინ კიდევ კონკურსის ორი ეტაპია. ხუთეულის წარდგენა საზოგადოებისთვის და წლის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოება საზეიმო ცერემონიაზე, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

ათეულში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა კონკურსის მონაწილეებისთვის, ვინაიდან, ისინი პირველ რიგში, ხდებიან „ათეულის კლუბის” წევრები და ამავე დროს მათ სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ განათლების კოალიციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტსა თუ ინიციატივაში.

EDU.ARIS.GE დაუკავშირდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულ კონკურსანტებს და მათი ემოციების, საქმიანობის, გამოცდილების გაზიარება სთხოვა. ჩვენ ასევე ვკითხეთ მათ, რას ფიქრობდნენ, რის მიხედვით აირჩიეს ჟიურის წევრებმა, როგორც საუკეთესო მასწავლებლები.

სალომე გოჩოლეიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი:

„ეს იყო უზარმაზარი სიხარული. დიდი პატივია ჩემთვის ათეულის წევრობა, არაჩვეულებრივ მასწავლებლებთან ერთად. ეს სიხარული იყო შეუფასებელი. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს, სიხარულისგან ფრთები შემესხა. უფრო დიდი სტიმული მომეცა, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელო სამომავლოდ.

აპლიკაციის შევსებისას ჯერ მე გავიაზრე, რატომ ვარ საუკეთესო მასწავლებელი, რომ შემდეგ ეს სხვისთვის მიმეწოდებინა. ვფიქრობ, ჟიურის წევრებმა იმიტომ ამარჩიეს, რომ მე მხოლოდ მასწავლებლის სტანდარტზე არ ვარ ორიენტირებული. ვფიქრობ, „ზედმეტად“ გაწეული შრომა დამიფასდა, რაც გულისხმობს: არაფორმალური კუთხით ჩემს საქმიანობას, სხვადასხვა პროექტის, მოსწავლეებთან დამატებით მუშაობას.

რამდენიმე პროექტი მაქვს, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანს გამოვყოფ. ეს არის „ლიდერ გოგონათა კლუბი“, რომელიც გოგონების უფლებებზე არის ორიენტირებული. ამ კლუბში უკვე რამდენიმე ნაკადი გვყავდა. როგორც მაღალი კლასის მოსწავლეები, ასევე კურსდამთავრებულებიც გვიერთდებიან და შედეგები არის მნიშვნელოვანი. უკვე თავად არიან ინიციატორები და ცდილობენ, განახორციელონ პროექტები. უფრო და უფრო აქვთ სურვილი, ქართულ უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში განაგრძონ სწავლა. ამჟღავნებენ სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილს და ცდილობენ, დაეუფლონ სახელმწიფო ენას.

რაც შეეხება მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს, ძალიან პრესტიჟული ჯილდოა. მისი წყალობით მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება პროფესიონალი მასწავლებლების მოძიება და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. ეს ძალიან წაადგება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის და მხარდაჭერის საქმეს. საზოგადოებაში აღიარება უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს პედაგოგებს. გარდა ამისა, „მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ ათეულის გამოვლენით უკვე დააწესა ერთგვარი თამასა, რაც ნიშნავს საუკეთესო მასწავლებელს და ეს სასიკეთოდ წაადგება განათლების ხარისხის აწევას. სამუშაო ორიენტირი უკვე გაუჩნდათ მასწავლებლებს, თუ როგორი შეიძლება იყოს საუკეთესო მასწავლებელი“.

ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

„მოულოდნელი იყო „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში მოხვედრა. ამავე დროს – უდიდესი ბედნიერება. ვერც წარმოვიდგენდი ჩემს თავს ამ რიგებში.

მე ვცხოვრობ ეკომიგრანტების რეგიონში. ჩემს ბავშვებს უწევთ იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც სხვა რელიგიაა. ძალიან ბევრ შრომას ვდებ, რომ მოსწავლეებმა თავი დაიმკვიდრონ ამ საზოგადოებაში. ჩვენ ირგვლივ არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს და ვცდილობ, არაქართველი და ქართველი მოსწავლეების ინტეგრაციას, ჩართულობას ერთობლივ პროექტებში. ასეთ დროს ენასაც კარგად სწავლობენ და ტოლერანტობასაც ეჩვევიან. 20 წელია ჩვენ აქ ვართ, მიზნად დავისახეთ ახალგაზრდების დაახლოება. სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ. მაგრამ ურთიერთობა უწევთ ერთმანეთთან, ოლიმპიადებზე ერთად დადიან, ცხოვრებაშიც მოუწევთ ურთიერთობა, რომ გაიზრდებიან.

ჩვენ რომ აქ ჩამოვედით, გაგვიჭირდა. ახალგაზრდებმა უნდა შეძლონ და გადალახონ ეს ბარიერები. გავხსენი სოციალური საწარმო. საგანმანათლებლო ცენტრი. დაფინანსება მივიღე და ბიბლიოთეკა გავხსენი. არ იყო ქართული წიგნები, რომ ბავშვებს ლიტერატურა ეკითხათ. ეს ბიბლიოთეკა 7 სოფელს ემსახურება და პროექტებსაც ამ სოფლებში ვახორციელებ.

ამ ჯილდომ მასწავლებლის პროფესია დააფასა და წარმატებული გახადა. ჩემი მოსწავლეების თვალთახედვიდან გეტყვით, რომ ადრე თუ ამბობდნენ, რომ მასწავლებლობა არ უნდოდათ, ახლა უკვე ძალიან ბევრი მიდის ამ პროფესიაში და ძალიან ბევრი მოსწავლე მეყოლება მომავალი მასწავლებელი“.

სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

„როცა ვიღაც აფასებს შენს შრომას ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც 2017 წელს განათლების კოალიციამ წამოიწყო ეს პროექტი, მაშინ არ მიფიქრია, რომ მეც შეიძლებოდა მოვხვედრილიყავი საუკეთესო მასწავლებლების ათეულში.

რომ გავიგეთ, უნდა გამოცხადებულიყო კონკურსის გამარჯვებულები, ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები წავედით მდინარეზე. მათ ჰქონდათ სურვილი რომ ერთად მოგვესმინა გამარჯვებულების დასახელება. თან სწავლის დასრულებას აღვნიშნავდით ღია სივრცეში. მთელ კლასთან ერთად ვიყავი. ორმაგად დიდი სიხარული იყო, როცა მათ ემოციებს ვუყურებდი. ბავშვებს რომ ასე უხაროდათ, ეს იყო განსაკუთრებული ემოციები ჩემთვის. საერთო ზეიმი გამოვიდა.

შარშანაც როდესაც ჩვენი სკოლის მასწავლებელი გავიდა ათეულში, იქაც ბავშვებთან ერთად ვუსმინეთ გამოცხადებას. ჩვენი სკოლის მასწავლებელი იყო მიხეილ ცქვიტაია ათეულში. ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, ბავშვებთან ერთად მოსმენა ათეულის წევრების გამოცხადების. შარშან სკოლაში შეკრების უფლება გვქონდა, წელს მდინარეზე წავედით.უფრო სხვანაირი იყო ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ემოციებია, როდესაც ამას ისინი ხედავენ, ვისი გულისთვისაც შრომობ და ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. ამიტომ ორმაგად ბედნიერი და დაუვიწყარი დღე იყო.

საკლუბო მუშაობის სისტემა გვაქვს სკოლაში. ძალიან დიდ დროს ვუთმობ კლუბებში მუშაობას, არდადეგებზე, გაკვეთილების შემდეგ, შაბათ-კვირას. ახლა ონლაინ სწავლებაზე რომ გადავიდა საგანმანათლებლო სისტემა, ონლაინშიც გადავინაცვლეთ კლუბებიანად. სამოქალაქო კლუბი, ეკო კლუბი, ლიტერატურული კლუბი, – წლებია არსებობს. „ვეფხისტყაოსნის“ ამბები ცალკე გვაქვს.

განსაკუთრებულად გვიყვარს ყველას კინოკლუბის ამბები. კინოჩვენებები გვაქვს ხოლმე, ფესტივალებზეც დავდივართ. ჩვენც ვმასპინძლობთ „სინედოკის“ რეგიონულ ფესტივალს. მასტერკლასებს ვესწრებით, ვმართავთ ღია და დახურულ კინოჩვენებებს. თვითონ ბავშვებიც ცდილობენ, შესაძლებლობების ფარგლებში, პატარა ფილმები გადაიღონ. საზაფხულო სკოლა გვაქვს, წლებია. შარშან ორკვირიანი კინოსკოლა გვქონდა. განათლების სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტი იყო და ორი მისიონერი გვსტუმრობდა. ისეთი საინტერესო ორკვირიანი კინოზაფხული გამოგვივიდა, რომ ვაპირებთ, ამ ზაფხულსაც ონლაინ რეჟიმში ჩავატაროთ მსგავსი ჩვენებები. სასიხარულოა, რომ მეზობელი მუნიციპალიტეტის ბავშვებიც გვიერთდებიან. „კინოკლუბი“ და „ლიტერატურული ოდა“, – ეს კლუბები ბევრ ბავშვს აერთიანებს.

შენობა არ გვაქვს საკუთარი, ძველი საბავშო ბაღის შენობას ვართ შეკედლებულები. ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე მეტი ბავშვი გვყავს მგონი მთელს მუნიციპალიტეტში ჩვენს სკოლაში და მე მგონია, რომ მასწავლებლების ასეთი მუშაობის შედეგია ეს.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესია უფრო და უფრო პრესტიჟულდება, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაინც არ მიდის ამ პროფესიაში იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა, ამიტომ ვფიქრობ, ეს ჯილდო დამატებით მოტივატორია იმისთვის, რომ მეტი ახალი კადრი მივიდეს სკოლაში“.

ნათია დავითაია – სენაკის მუნიციპალიტეტის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლაგიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი

„დირექტორმა წარმადგინა მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე და მისი ხათრით დავთანხმდი ამ ყველაფერზე. დიდი იმედი არ მქონდა. ყველამ ერთად ვუყურეთ ამ გამოცხადებას და მართლაც დაუვიწყარი იყო ეს ემოციები, რომელიც ჩემი სახელის გამოცხადება მოჰყვა.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, როდესაც რაღაცას განვიხილავთ, თუ მაძლევს თემა საშუალებას თავად თემის პერსონაჟებს დავუკავშირდე, ეს განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ბავშვებში, რადგან უშუალოდ მონაწილე ადამიანს ესაუბრება. ის გიყვება დეტალურად, თუ რა მოხდა იმ მომენტში. თუ ძველი ამბებია, მაქსიმალურად ვცდილობთ, ადგილზე მივიდეთ და იქ გავეცნოთ, ვნახოთ ეს ისტორიული ძეგლები. ამით ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ ბავშვები.

შინდისის ბრძოლაში გადარჩენილ მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა. მამა იოსებთან, რომელიც კაპელანია და კიდევ ორ გადარჩენილთან. თვითონ მათ მოუთხრეს ის ამბები, რომელიც შინდისთან მოხდა.

სენაკის ბატალიონი იყო მაშინ შინდისში წასული და მამა იოსები იყო კაპელანი ამ ბატალიონში, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. თქვენ იცით, რომ მთელი ბატალიონი დაიღუპა იქ. რამდენიმე ადამიანი გადაურჩა სიკვდილს და იქ იყო მამა იოსები. ის დღემდე სამხედრო ბაზის მოძღვარია. სასწაული იყო მისი მოსმენა, როდესაც დეტალები გვიამბო, თუ რა მოხდა იქ. ბავშვებს მართლა არასოდეს დაავიწყდებათ.

ჩამოვიყვანეთ ასევე ფერეიდნელი ქართველები და ვუმასპინძლეთ სამეგრელოში. ერთია, როდესაც ასწავლი, რომ ქართველები გადაასახლა შაჰ-აბასმა საქართველოდან და მეორეა, თუ რას განიცდიან ისინი. ამას რომ შენი ყურით მოისმენ და შენი თვალით იხილავ, მართლაც დაუვიწყარია. როდესაც ვხედავ, როგორ მოსწონთ ასეთი გაკვეთილები ბავშვებს, უფრო ვცდილობ მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებას. მე თვითონაც არ მეზარება მოვემზადო, რაღაცები მოვიფიქრო ბავშვებისთვის, რადგან ვხედავ, რომ ეს მათთვის ნაყოფიერია.

ჩვენს სკოლას სახელი აქვს მართლმადიდებლური, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, ვიურთიერთოთ სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. მე და ციცინო გობაძე მეგობრები ვართ. შარშან ერთად ვიყავით პროექტით „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ესტონეთში. მან დამპატიჟა წალკაში. მე მქონდა თემა, მუსულმანები და ეკომიგრანტები. ისინი თვითონ აჭარელი ეკომიგრანტები არიან წალკაში. ვეწვიეთ წალკას. მთელი სოფელი მუსულმანურია. ვეწვიეთ მეჩეთს და ორი დღე გავატარეთ იქ. დეტალებში შევისწავლეთ მუსულმანთა ტრადიციები, წეს-ჩვეულებები. იქიდან გამოვიარეთ ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაში, დუხობორების სოფელში. წინასწარ დავურეკეთ და დაგვხვდა რამდენიმე დუხაბორი და მოგვიყვნენ თავიანთი ტრადიციების შესახებ.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება ხდება. როდესაც განათლების სამინისტრო, მაღალი დონის ექსპერტები აღიარებენ შენს საქმიანობას, ამაზე დიდი სტიმული მასწავლებლისთვის რა უნდა იყოს, მოსწავლეების სიყვარულთან ერთად.

ათეულის წევრობა მნიშვნელოვანი იმიტომაცაა, რომ ბევრი მასწავლებლის საქმიანობას ეცნობი. თუ ათეულშია, ე.ი. რაღაცას კარგს აკეთებს. განვითარების კუთხით და მეორეს მხრივ, აღიარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია”.

ივანე დიდებელიორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლაახალი თაობისინგლისური ენის მასწავლებელი:

„მოგეხსენებათ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის გამოვლენამდე, კონკურსანტი რამდენიმე ეტაპს გადის, რომელიც საკმაო დროს საჭიროებს. აპლიკაციის შევსებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მომივიდა ოფიციალური წერილი, სადაც მილოცავდნენ და მატყობინებდნენ, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად რამდენიმე დაგეგმილი აქტივობისთვის წარმატებით უნდა გამერთვა თავი.

იშვიათად თუ მახსენდება ასეთი დაძაბული 7-8 კვირა, მანამ, სანამ ათეულის შესახებ კომპეტენტური წევრებისგან დაკომპლექტებული ოცკაციანი ჟიური გადაწყვეტილებას მიიღებდა.

და, აი, დადგა ნანატრი 15 ივნისიც. დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იყო ჩემთვის. საათნახევრიან ეთერს თავიდან ბოლომდე ვუყურე და როდესაც დადგა წევრების გამოცხადების ჯერი, ძალიან აღელვებული ვიყავი. საკუთარი სახელის და გვარის გამოცხადების შემდეგ, ბევრი აღარაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ მივიღე უამრავი კეთილი მოლოცვა.

საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ, რომ ხარ წლის საუკეთესო ათეულის წევრი. ყველა ღირსეულ პედაგოგს ვუსურვებ, გამოეცადოს იგი.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ჩემი, როგორც მასწავლებლის, დებიუტი შედგა 2012 წელს, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში, სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანას საბაზო სკოლაში კარიერისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგი.

გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი თავდაპირველი მოტივაცია არ უკავშირდებოდა განსაკუთრებულ სურვილს, მესწავლებინა სკოლაში. თუმცა პროფესიამ სწავლების საწყის ეტაპზევე მომხიბლა და მალევე გავაცნობირე, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდი.

არასოდეს მქონია ამბიცია, ვყოფილიყავი საუკეთესო ჩემს კოლეგებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩემს საქმეს ღირსეულად ვემსახურები და მთავარიც სწორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, ვფიქრობ, რომ უწყვეტი პროფესიული განვითარების მიღებით წინ და სწორ გზაზე მივდივარ.

ბევრ განსხვავებულ სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილების შედარება მასწავლებლის პროფესიასთან, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით რთული და ამავდროულად საინტერესოა. საინტერესოსთან ერთად, სახალისოც, რადგან, როდესაც თავს აღმოაჩენ იქ, სადაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს და გიხარია, ნამდვილად იქნები ბედნიერი. ბედნიერება კი წარმატების საწინდარია.

სასიამოვნო განცდაა, როდესაც გულწრფელად ზრუნავ მომავალი თაობის აღსაზრდელების განვითარებაზე, ცოდნის გადაცემაზე, ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე … ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, რომ შენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი თავის მიზანს აღწევს.

დასასრულს, გავიმეორებ – ათი წლის წინ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ამ სფეროსთან რაიმე შეხება მექნებოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ასობით მოსწავლის მასწავლებელი გავხდებოდი და მათ გულწრფელ სიყვარულს მოვიპოვებდი. ახლა რომ მკითხონ, თუ სად ვხედავ ჩემს თავს მომავალი ათი წლის განმავლობაში, ზუსტი პასუხი, ალბათ არ მექნება, თუმცა, ვიცი, რომ იმ საქმის გარეშე, რომელსაც ახლა ვემსახურები, ძალიან გამიჭირდებოდა არსებობა.

ყოველთვის ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი ჩემ მიერვე შექმნილი სასწავლო რესურსით გავამრავალფეროვნო. ამისთვის ნამდვილად არ ვიშურებ ენერგიას. თითოეული რესურსი თავისი შინაარსისა და მიზნის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან, მოიცავს განსხვავებულს სასწავლო უნარს, ასევე ორიენტირებულია შესასწავლი მასალის მარტივად, სახალისოდ და საინტერესოდ ათვისებაზე, აჯამებს განვლილ ცოდნას, ინტეგრირებულია სხვადასხვა საგანთან, ამაღლებს სასწავლო მოტივაციას და ა.შ. სასწავლო პროცესში აქტიურად დანერგილი არასტანდარტული ტექნიკის გამოყენებით, თითოეული გაკვეთილი უფრო მეტად სახალისო და საინტერესო ხდება მოსწავლისთვის.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური