GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეული ახალი შედეგების მოლოდინში

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. კოალიციის ,,განათლება ყველასათვის – საქართველოს“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაფუძნებული კონკურსი წელს უკვე მეორედ ჩატარდა. საუკეთესო ათეულში არიან: ელისო აბრამიშვილი, ქალაქ საჩხერის ილია ჭავჭავაძის N2 საჯარო სკოლა, ნინო გურეშიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა, ნადია დაბრუნდაშვილი, ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა, მანანა კაპეტივაძე,ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლა, ლელა კოტორაშვილი, თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა, ჯაბა ლაბაძე,ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლა, დაჩი  ნანობაშვილი, თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა ,,ჰამილტონი“, თემურ სუყაშვილი, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა, ნაზი ჩოფიკაშვილი, დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი; ნინო ჭიჭინაძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლა;

„ეს კონკურსი უკვე მეორედ ტარდება, ჩვენც გარკვეული გამოცდილება შევიძინეთ ამ მიმართებით. სიახლე იყო, რომ წელს სკოლებსაც შეეძლოთ წარმოედგინათ კანდიდატები. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ სკოლებმა ამ მხრივ ძალიან იაქტიურეს, ძირითადად ისევ მონაწილეებმა წარმოადგენს განაცხადები. განაცხადებით თვალნათლივ გამოჩნდა სერიოზული წინსვლა დასაბუთების თვალსაზრისით. სრულყოფილი დასაბუთებები მივიღეთ და შესაბამისად, ადვილი არ იყო ათეულის შერჩევა. გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით მივიღეთ. ჩვენი აზრით, ღირსეული ათეული შევარჩიეთ. კომისიის ყველა წევრი აქტიურად და ენთუზიაზმით არის ჩართული. მინდა, თქვენი სივრციდანაც მადლობა მოვახსენო თითოეულს, რადგან ურთულეს მოვალეობას მაღალპროფესიულ დონეზე ართმევენ თავს, თან  სრულიად უანგაროდ აკეთებენ ამ საქმეს“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GEსთან საუბარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.

სექტემბერში მასწავლებელთა საუკეთესო ხუთეული დასახელდება.  5 ოქტომბერს –მასწავლებლის საერთაშორისო დღეს კი,  ცნობილი გახდება ქვეყნის საუკეთესო მასწავლებელი. მანამდე, იქნება გასაუბრებები ათეულის წევრებთან, მოეწყობა ვიზიტები სკოლებში.

„სიახლეა, რომ ათეულის წევრებიც დაჯილდოვდებიან, გვექნება სხვა სურპრიზებიც, რომელსაც  დაჯილდოვების პროცესისთვის შემოვინახავთ. კონკურსის პირობებშიც გვქონდა ერთი სიახლე, მონაწილეებმა წარმოადგინეს ვიდეორგოლები, რომელშიც  წარმოაჩინეს თავიანთ მოტივაცია, რატომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა, რატომ მიაჩნიათ, რომ აქვთ გამარჯვების შანსი. ეს ვიდეოსიუჟეტები ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდა და დაგვეხმარა არჩევანის გაკეთებაში. ბევრი მასწავლებელი შარშან ამ სიახლეს ცოტა შორიდან უყურებდა, შედეგების მიხედვით, პედაგოგები დარწმუნდნენ, რომ კონკურსი ტარდება ღიად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, ამიტომ გაიზარდა ნდობა მის მიმართ“, – აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

EDU.ARIS.GE-ის  კითხვაზე, შერჩევის კრიტერიუმებში იყო თუ არა გათვალისწინებული მასწავლებელთა შედეგები სქემაში?  გიორგი მაჩაბელმა განმარტა: „რა თქმა უნდა, პროფესიული განვითარების კომპონენტი კრიტერიუმებში არის და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.  ამ ეტაპზე კონკრეტულად სქემაში მიღწეულ შედეგებზე  ყურადღება არ გამახვილებულა, მაგრამ შემდგომ ეტაპებზე ამას გავითვალისწინებთ. შარშან გამოვთიშეთ სქემის კომპონენტი, რომ ხელისშემშლელად არ ქცეულიყო. ახლა უკვე მოგვეცემა საშუალება თვალი მივადევნოთ კონკურსანტის წინსვლის დინამიკას სქემაში.“

EDU.ARIS.GE ათეულის სამ წევრს დაუკავშირდა და კონკურსთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა:

,,პროფესიით იურისტი ვარ,  მოხდა ისე, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში დავიწყე მუშაობა მასწავლებლად და ამ პროფესიაში ჩემი ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე.

გულახდილად გეტყვით, შარშანაც ვიღებდი კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ ვერ მოვხვდი ათეულში, სამაგიეროდ, ერთგვარი სტიმული გამიჩნდა და გასული წელი ჩემს რამდენიმეწლიან გამოცდილებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა, ვზრუნავთ სკოლასა და თემში   ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, ვიყავი უცხოეთში კოლეგების გამოცდილების გასაზიარებლად, მოკლედ, ნაყოფიერი წელი იყო… გაკვეთილზე ვიყავი, როცა  კოლეგებმა გამაგებინეს ჩემი ათეულში მოხვედრის ამბავი.

ეს ჩემთვის დიდი სიხარული და აღიარებაა…“ – თემურ სუყაშვილი,  ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.

„ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, განათლებაში გაჩერება, სტაგნაცია არ არსებობს. ან წინ მიდიხარ, ან –უკან, გაჩერება უკან სვლას ნიშნავს. ფიზიკა და მათემატიკა არ არის ადვილი საგნები. ძალიან რომ გამიჭირდა მასალის მოსწავლეებამდე მიტანა, დავიწყე მეთოდებისა და ხერხების ძიება, რომ უკეთესად გამეგებინებინა.

მივხვდი, რომ მასალის, ფორმულის  დაზეპირება არაფერს იძლეოდა, არც დაძალება იძლეოდა რამეს. ახალ თაობას ცოტა უჭირს წარმოსახვითი აზროვნება, მათ იმდენი ინფორმაცია ეძლევათ მზა ფორმით, რომ წარმოსახვაში გავარჯიშებულები არ არიან. ამიტომ თუ თვალით არ დაანახე, განსაკუთრებულად უჭირთ გეომეტრიის, ფიზიკის სწავლა. სკოლამ ხელი შემიწყო, შევქმენით ელექტრონული ლაბორატორია, რეალური ლაბორატორია, დავუკავშირდით პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ ფიზიკის კათედრას… მერე, გადავწყვიტე არაფორმალური განათლების ცენტრის შექმნა ყაზბეგში, რადგანაც ტურისტული ნაკადების გააქტიურებამ ხევში განათლებისადმი ინტერესი შეანელა.

დიდ-პატარა შემოსავლის ძიებაზე გადაერთო. ამიტომ ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია „ხევის მომავალი“. სიმართლე გითხრათ, კონკურსში მონაწილეობაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ, ჩემი ახალი გამოცდილება, ახალი ურთიერთობები, ცნობადობის გაზრდა ამ საქმეშიც დამეხმაროს. შარშანდელი ათეულის წევრმა, ჩემმა სენაკელმა კოლეგამ ტოლია კილასონიამ შემაგულიანა მონაწილეობაზე და  ჩემი ათეულში მოხვედრაც პირველად მისგან გავიგე, როცა მოსალოცად დამირეკა.  ძალიან გამიხარდა! ეს ჩემთვის დიდი აღიარებაა,“ – ნაზი ჩოფიკაშილი, დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი.

„ამ კონკურსში მონაწილეობისათვის ჩემი მოტივატორი გახდა ნათია ფურცელაძე, რომელმაც ხარაგაულში საინფორმაციო შეხვედრაზე დამარწმუნა, რომ კონკურსში მონაწილეობაც კი,  დიდ გამოცდილებას მომცემდა და განვითარებაში ხელს შემიწყობდა. საერთოდ მიყვარს გამოწვევები,  სტიმულს მმატებს, თვითშეფასებაც მიმაღლდება. სკოლის დირექტორმა, კოლეგებმა, თემმა  ყველამ ისე შემაგულიანა, რომ გადავწყვიტე კონკურსსი ჩართვა. ჩვენი პატარა სკოლა სწორედ იმით აღწევს წარმატებებს, რომ ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ.

ათეულში მოხვედრას არ ველოდი. ვიცოდი, რომ ბევრი ღირსეული მასწავლებელი მონაწილეობდა კონკურსში.  30 წელზე მეტია სკოლაში ვარ, სტუდენტმა დავიწყე მასწავლებლობა. ჩემმა წარმატებამ ყველაზე მეტად ჩემი სკოლა  გაახარა, იცით რა ემოციებით შემხვდნენ? მოსწავლეებიც კი, ხომ პატარები არიან, მაგრამ როგორ გამოხატავდნენ…

მიხარია, რომ ურთიერთობა მექნება ამ ათეულის, წინა ათეულის წევრებთან და ეს წაადგება ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებას“, –  ნინო გურეშიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

ათეულის წევრები ერთსულოვნად ამბობენ, რომ ეს შედეგი მათთვის უკვე წარმატებაა, მაგრამ ყველა მოუთმენლად ელოდება კონკურსის შემდგომ შედეგებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური