მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი მასწავლებლის მსოფლიო დღეს გაიმართება
დღეს, 5 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ გაიმართება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი. ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოებს ლიბერთი ბანკი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:
- ელისო აბრამიშვილი – ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
- ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
- ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დაჩი ნანობაშვილი – თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი;
- მანანა კაპეტივაძე – ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;
ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
- თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები by ამბები ზოგადი განათლებიდან
- ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები by მასმედია