SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) ინტერნაციონალიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა – ქართული ფილოლოგიის პროგრამის ორი სტუდენტი, სალომე შენგელია და ლუდმილა გელაძე, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა.
უნივერსიტეტის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მაგისტრანტები ერთ სემესტრს სრულად ნეაპოლის ორენტალეს უნივერსიტეტში (Università degli Studi di Napoli “L’Orientale”), პროგრამასთან თავსებად კურსებს გაივლიან და სწავლის დასრულების შემდეგ მათი კრედიტების აღიარება მოხდება. მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტები სამაგისტრო საფეხურს მშობლიურ უნივერსიტეტში დაასრულებენ.
საერთაშორისო აკადემიური მობილობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ განსხვავებულ საგანმანათლებლო გარემოს, მიიღონ ახალი აკადემიური გამოცდილება და გააფართოონ საკუთარი პროფესიული და ინტელექტუალური ხედვა. უცხოურ უნივერსიტეტში სწავლა ხელს უწყობს დამოუკიდებელი მუშაობის, ინტერკულტურული კომუნიკაციისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის უნარების განვითარებას.
„ეს პრეცედენტი ნათლად ადასტურებს, რომ საერთაშორისო აკადემიური გაცვლითი პროგრამები უკვე ხელმისაწვდომი რეალობაა ჩვენი სტუდენტებისთვის. აღნიშნული მობილობა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტებისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სწავლის შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობისთვის.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სემესტრს იტალიაში“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-მ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი იტალიური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს უმასპინძლა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი