GE

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდა

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული და ერთი მილიონი დოლარის მფლობელი კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი დუბაიში, საზეიმო დასკვნით ღონისძიებაზე რამდენიმე წუთის წინ მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი – ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება.

პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს.

პიტერმა სკოლაში შექმნა სამეცნიერო კლუბები, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.

საქართველო ლადო აფხაზავას გულშემატკივრობდა, რომელიც გლობალური ჯილდოს ათეულში მოხვდა.

აი რა თქვა ლადომ  გლობალური ჯილდოს მფლობელის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე: “მეგობრებო, აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის, ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია”.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან მოქმედებს. კამპანიის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, საუკეთესოს გამოვლენა და აღიარებაა. გამაჯვებულმა საჩუქრად 1 მილიონი დოლარი მიიღო.  პრიზის მოსაპოვებლად, რომელიც მილიონ დოლარს შეადგენს, სხვადასხვა ქვეყნიდან მსოფლიოს ათი საუკეთესო პედაგოგი იბრძოდა. ისინი სპეციალურმა ჟიურიმ 40 000 მონაწილე პედაგოგს შორის შეარჩია და მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც. 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 23 მაირტს დაიწყო.

ცერემონიალის პირველ დღეს პედაგოგებმა სხვადასხვა ფორუმებში მიიღეს მონაწილეობა, ერთმანეთს სწავლების ორიგინალური მეთოდები გააცნეს, ისაუბრეს საკუთარ ცხოვრებასა და სამსახურზე, ისინი იმ საკითხებსაც შეეხნენ, რამაც ამ პროფესიისკენ უბიძგა. საკუთარ გამოსვლაში აფხაზავამ სკოლის პერიოდის შიშები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ამ რეალობის შეცვლა გახდა: “მასწავლებელი იმიტომაც გავხდი, რომ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში იყო ძალიან ბევრი შიში. ამ შიშში ვიზრდებოდით. მეშინოდა დირექტორის, კლასის ხელმძღვანელის, მშობლის. თმები პირდაპირ საკლასო ოთახში შემჭრეს. ცეკვის მასწავლებელი მეუბნებოდა – გაიზარდე, სკოლის მასწავლებელი მეუბნებოდა – შეიჭერი. ჩვენ არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. მაშინ მე-8 კლასში ვიყავი და, ალბათ , მასწავლებელი უნდა შემძულებოდა, მაგრამ მიზნად დავისახე, გავმხდარიყავი მასწავლებელი და არსებული რეალობა შემეცვალა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ნაწილობრივ ეს ყველაფერი შევცვალე“, – თქვა აფხაზავამ.

ლადო აფხაზავა 2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს.

სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას. მუდამ ცდილობს მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს მისი გაკვეთილი. ამისათვის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს და მოსწავლეებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გარემოში გაკვეთილების ჩატარებას. მისი ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას სწამს, რომ მასწავლებელს ყველა მოსწავლის დაინტერესება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ლადო ბევრს აკეთებს არამხოლოდ საკუთარი მოსწავლეებისთვის, არამედ მთლიანად სკოლისათვის. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. იგი ასევე ცდილობს გაზარდოს მშობელთა და თემის ჩართულობაც და ამ მიმართულებითაც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. არაერთმა მის მიერ ინიცირებულმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს „ეთნო რძლები“ საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად.

2017 წელს ლადო აფხაზავამ პირველმა მოიპოვა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო.

“ვლადიმერი ასწავლის საქართველოს ღარიბ რეგიონში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი მოსწავლეების მშობლების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნებშია წასული სამუშაოდ, რათა დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს ფინანსურად. ბავშვები ხშირად საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში და ყოფილა შემთხვევები, როცა სასწრაფოს გამოძახება დასჭირვებიათ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსწავლეებს ზოგჯერ უწევთ სწავლის შეწყვეტა იმისათვის, რომ თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ.

ამ რეგიონში ბავშვებს ბევრი პრობლემა აქვთ და ვლადიმერის მისიაა როგორც ბავშვების დახმარება, ისე ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მან გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც მოიპოვა”, – ასე წარადგენენ დაჯილდოების ორგანიზატორები ქართველ მასწავლებელს.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური