GE

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

2019 წლის ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა გამოცდაზე მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა – აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა. მათ პირველ ჯერზე ზაფხულში ორგანიზებული გამოცდები ჩააბარეს. მათ, ვინც უკმაყოფილოა წინა გამოცდის შედეგებით და ასევე მათ, ვისაც ახლა სურს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება, შესაძლებლობა ეძლევათ ნოემბერში დაგეგმილ გამოცდებზე დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს დასრულდა ნოემბერში დაგეგმილი გამოცდებისთვის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის. რეგისტრაცია მიმდინარეობდა მხოლოდ ელექტრონულად და გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 26 600-ზე მეტი აპლიკანტი.

ვის ჰქონდა გამოცდაზე გასვლის უფლება:

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები (ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური