მასწავლებლის მთლიანი სამუშაო დატვირთვის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
მასწავლებლის მთლიანი სამუშაო დატვირთვის მიხედვით, კვლევის სხვა მონაწილეებთან შედარებით, საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, (25 საათი), ხოლო იაპონიას – ყველაზე მაღალი (56 საათი).
ამის შესახებ საუბარია TALIS -ის ბოლო კვლევაში, რომლის ქართული ვერსიაც ახლა გასაჯაროვდა. (TALIS – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და სასკოლო გარემოს შესწავლაზე).
მრავალი სხვა პროფესიისაგან განსხვავებით, მასწავლებლობა ისეთი საქმიანობაა, რომელიც არასდროს სრულდება. უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის წარმართვის გარდა, მასწავლებელს უწევს მრავალი სხვადასხვა სახის დამატებითი სამუშაოს გაწევა, რასაც იგი სკოლაშივე ან მის გარეთ ახორციელებს. TALIS-ის კვლევის ფარგლებში შეგროვდა სხვადასხვა სახის მონაცემი მასწავლებელთა სამუშაო დატვირთვის შესახებ. მასწავლებლებისათვის დასმული კითხვების ნაწილი ეხებოდა იმას, თუ საშუალოდ რამდენი საათი დახარჯეს მათ სწავლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის აქტივობაში.
საქართველოდან კვლევაში მონაწილეთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საშუალოდ ყველაზე მეტ დროს მასწავლებლები ხარჯავენ სწავლებაზე. დანარჩენი საქმიანობებიდან ყველაზე მეტი დრო იხარჯება გაკვეთილის დაგეგმვასა და მის მომზადებაში. მასწავლებლები ძალზე ცოტა დროს უთმობენ მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობაში ჩართვას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მასწავლებლის მთლიანი სამუშაო დრო მკვეთრად ჩამოუვარდება TALIS-ის საშუალო მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მასწავლებლები ნაკლებ დროს უთმობენ გაკვეთილის დაგეგმვასა და მომზადებას, ასევე მოსწავლეთა შეფასებას.
თუმცა, სწავლებაზე დახარჯული დროის მიხედვით საქართველო ბოლოდან მე-13 ადგილზეა და ამ მაჩვენებლით უსწრებს ბევრ ქვეყანას, რომლებსაც ჩამოუვარდება მთლიანი სამუშაო დატვირთვის მიხედვით.
საინტერესოა, რომ გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში 2013 წელთან შედარებით, სწავლებაზე დახარჯული საშუალო დრო 16-დან 18.3 საათამდე გაიზარდა, მაგრამ გაკვეთილის დაგეგმვასა და მომზადებაზე დახარჯული დრო 7.8-დან 5.3 საათამდე შემცირდა. ასევე ზოგად ადმინისტრაციულ სამუშაოზე დახარჯული საშუალო დრო შემცირდა 2.7 -დან 1.6 საათამდე.
საკლასო დროის დაახლოებით 8%-ს მასწავლებელი უთმობს კლასში წესრიგის შენარჩუნებას. ეს საკმაოდ მცირე დროა კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით (ბოლოდან მე-2). TALIS-ის შესაბამისი საშუალო მონაცემი 13.2%-ს უდრის. ყველაზე მეტ დროს კლასში წესრიგის შენარჩუნებაზე ხარჯავენ საუდის არაბეთის მასწავლებლები. ასევე საკმაოდ მაღალია დისციპლინაზე დახარჯული დროის წილი ფინეთში (13.6%).
2018 წელს TALIS-ის კვლევაში მონაწილეობდა 48 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული.
საქართველოდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო საშუალო საფეხურის 3101 მასწავლებელმა და 192 სკოლის დირექტორმა. კვლევის მიმდინარეობის დროს ასევე გამოიკითხა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში ჩართული სკოლების 1923 მასწავლებელი და136 სკოლის დირექტორი.
საქართველოში კვლევას უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიკის ჯგუფი.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება