მასწავლებლის სახლი გარე დაკვირვების გაუქმებას გეგმავს
2020-2021 სასწავლო წელს პედაგოგთა საქმიანობის შეფასებისთვის და სტატუსის ამაღლებისთვის განკუთვნილი გარე დაკვირვება არსებული წესით გაგრძელდება, თუმცა სამომავლოდ მასწავლებლის სახლი მიდგომის შეცვლას გეგმავს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, სკოლებში შეიქმნება ხარისხის მართვის ჯგუფები, რომლებიც მასწავლებელთა შეფასებას განახორციელებენ.
„ჩვენ აღარ გვინდა მასწავლებლის ძველი სქემით გათვალისწინებული გარე დაკვირვება და ეს საბუთომანია. გვინდა სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით და არა დასჯის, ან გამოჭერის ფორმატით მასწავლებელთან ერთად, კოლეგიალურად დაესწრება მის გაკვეთილს და შეფასებას რუბრიკების მიხედვით. მაგალითად კრიტიკულ აზროვნებას, რამდენად აკავშირებს ძველ და ახალ მასალას ერთმანეთთან, რამდენად ეხმიანება პედაგოგი მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, რამდენად აქვს დისციპლინა კლასში, რამდენად სწორად ანაწილებს დროს. ოღონდ, ეს რუბრიკები არ უნდა იყოს სკოლის მიერ თავზე მოხვეული, მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორი გაკვეთილი ჩაატაროს სკოლაში და შემდეგ ეს ხარისხის მართვის ჯგუფმა უნდა შეაფასოს, არა გამოჭერის მიზნით. მასწავლებლის სახლი არ უნდა მოვიდეს და დაგსაჯოთ იმისთვის, რომ მაგალითად არ გაქვთ გაკვეთილის გეგმა. მე არ მაინტერესებს მაგალითად “ვეფხისტაყოსანს”, თქვენ დაუთმეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 4 საათი, თუ 6 საათი, მე მაინტერესებს, მე, როგორც მოსწავლეს, გამააზრებინეთ თუ არა ეს დიადი ნაწარმოები, ესაა მთავარი“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ეთერში.
მისივე თქმით, მასწავლებლის შეფასება ყოველწლიურად მიღწეული შედეგებით უნდა მოხდეს.
„მასწავლებელს სტატუსი ერთხელ რომ მიენიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველ წელს, მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით, ხოლო შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რამდენი ათოსანი მოსწავლე ეყოლება კლასში“, – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.
მასწავლებლის სახლის დირექტორს სკოლებში ხარისხის ჯგუფების შექმნის ვადებზე არ უსაუბრია. მიმდინარე სასწავლო წელს გარე დაკვირვების პროცესი არსებული წესის მიხედვით გამოცხადდა და რეგისტრაციაც დასრულებულია.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება