GE

მასწავლებლის სახლის შენობაში სუს-ის სასწავლო ცენტრი განთავსდება – ვინ იქნება რექტორი

მასწავლებლის სახლის ყოფილ შენობაში, რომელიც გლდანში შსს აკადემიასთან მდებარეობს, ახლო მომავალში უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი განთავსდება. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, დაწესებულების ხელმძღვანელის პოსტს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაკიძე დაიკავებს.

მასწავლებლის სახლის შენობა სუს-ს გადაეცა

აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სასწავლო ცენტრის გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. დაამტებითი დეტალების გასარკვევად, ჩვენ გიორგი ვაშაკიძეს ტელეფონის პირად ნომერზე დავუკავშირდით, თუმცა გაირკვა, რომ მას ტელეფონი შეცვლილი აქვს.

„ის ფართი გადმოეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მასწავლებლის სახლს გადაეცა ალტერნატიული ფართი ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე. მასწავლებლის სახლის ყოფილ შენობაში ჯერ სასწავლო ცენტრი არ გადასულა, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამებზე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოძიებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზედა ა.შ. ჯერ ჯერობით მომზადების პროცესია. სავარაუდოდ სექტემბრიდან მოხდება დაწესებულების გახსნა“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პროფესიული მომზადების კურსებს აქამდე შსს აკადემიაში გადიოდნენ, თუმცა 2019 წელს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის ინიციატივით, კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ კადრების გადამზადებას, თავად უსაფრთხოების სტრუქტურა განახორციელებს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები დეპუტატები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და ლევან გოგიჩაიშვილი იყვნენ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან ცენტრის დაარსებისთვის ერთჯერადი თანხის გამოყოფა არ იქნება აუცილებელი, რადგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უკვე არსებობს. ავტორების განმარტებით სასწავლო ცენტრის ყოველწლიური ფუნქციონირებისთვის 235 000 ლარი იქნება საჭირო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურული ერთეულის სპეციალური მომზადების ცენტრის ფუნქციონირებისთვის 2019-2022 წლებში ყოველწლიურად გათვალისწინებულია 190 000 ლარი. ცენტრი 22 სხვადასხვა კურსის ფარგლებში ყოველწლიურად ამზადებს 280-300 მოსამსახურეს (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 630 ლარი). საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცენტრის შესაქმნელად ერთჯერადი ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, ვინაიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად საჭირო იქნება 235 000 ლარი, რომელიც დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში 20 01 პროგრამული კოდიდან. საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022 წლებში) იგეგმება უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო კურსების დამატება და ცენტრის მიერ ყოველწლიურად 400 მოსამსახურის გადამზადება (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 588 ლარი)“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დებულება 2019 წლის 25 ნოემბერში დამტკიცდა, უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში კი აღნიშნულია, რომ ზოგიერთ თანამდებობაზე კანდიდატი უწყების სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალურ კურსს გაივლის.

„სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ სამსახურის სასწავლო ცენტრში გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სამსახურის სასწავლო ცენტრში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით“, – ვკითხულობთ კანონში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური