მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტების 6%-მდე არ გამოცხადდა – რას ამბობენ გამოცდიდან გამოსულები ტესტისა და საკითხების შესახებ
2020 წლის აბიტურიენტები დღეს გამოცდას მათემატიკაში აბარებენ. მათემატიკის გამოცდაზე წელს 12 660 -ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი გამოცდას მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს ერთ სესიად ჩააბარებენ.
როგორც გამოცდების ცენტრში აცხადებენ, დარეგისტრირებულებიდან ტესტირებაზე 94%-ზე მეტი გამოცხადდა და დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
როგორც ცნობილია, წელს მათემატიკაში ბარიერი დაწეულია. რადგან 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ტარდება, აბიტურიენტებმა გამოცდასთან დაკავშირებული რიგი ტექნიკური თუ შინაარსობრივი ცვლილებები უნდა გაითვალისწინონ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ აბიტურიენტებს (გარდა ჯანდაცვისა და სახელვნებო/სპორტული პროგრამებით დაინტერესებული აპლიკანტებისა) 2020 წლისთვის 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება უწევთ, დადგინდა, რომ მათემატიკის მინიმალური ზღვარი დაიწევს და ის მაქსიმალური ქულის 20% იქნება, 25%-ის ნაცვლად.
დღეს გამოცდიდან გამოსულებს საკითხების გახსენება უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ზოგიერთი აბიტურიენტი გამოცდის დაწყებიდან მალევე გამოვიდა და ისიც თქვა, რომ თუ არ იცი ვერც დაწერ და იქ ყოფნას აზრი არ აქვს. “სულ სინუსები, კოსინუსები და მართკუთხა საკითხებზე იყო შეკითხვები. რავი, საშინელებები იყო. ძაან გამირთულდა. არ ვიცი სხვებს გაუადვილდათ თუ მარტო ჩემთვის გაჭირდა, მაგრამ კოშმარი იყო”, – გვითხრა ერთ-ერთმა გამოსულმა.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მათემატიკას წელს უფრო გართულებულს ელოდა, თუმცა გაუადვილდათ და კარგ შედეგსაც ელიან.
ესტატე ორბელაშვილი: „შემოსახაზი საკითხები გამიმარტივდა, “სემიჩკასავით” იყო, უცებ დავწერე. სამაგიეროდ ამოცანები საკმაოდ რთული მოვიდა. ძირითადად საკოორდინატო სიბრტყეზე იყო ყველაფერი ასაგები და ფესვები. იყო საკითხები სინუსებსა და კოსინუსებზეც. ამოცანები საკმაოდ გამირთულდა. ორი ვერც დავწერე. სიჩქარეებსა და ვექტორებზეც შემხვდა საკითხები.
ყველაფერი პროგრამული იყო, მაგრამ შემხვდა რაღაცები, რაც ვერ გავიხსენე. წინა წლების ტესტებს ვერ შევადარებ, რადგან მასე არ მოვმზადებულვარ, არ გამიკეთებია. მეთორმეტე კლასის მასალაც შედიოდა, დახურულ კითხვებში შემხვდა.
ძალიან მომეწონა შიგნით გარემო. მე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და დამკვირვებლები ყველანაირად ყურადღებას მაქცევდნენ. დიდ ხანს ჯდომა არ შემიძლია და ხშირად ვდგებოდი და ამაშიც ხელი შემიწყვეს, ძალიან მადლობელი ვარ. ჩაბარებას ვაპირებ იურიდიულზე, ან ეკონომიკურზე და ვნახოთ რა ქულებს ავიღებ. მაღალი ქულის იმედი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ სასურველ შედეგს მაინც მივაღწევ“.
კეკელია თამარი 147-ე საჯარო სკოლის ცენტრი: არ იყო ძალიან რთული, არითმეტიკული პროგრესია, სინუსი, კოსუნუსი, ამოცანებიც იყო, მაგალითად სამკუთხედის კუთხეებთან დაკავშირებით, წილადებზეც იყო კითხვები. სულ იყო 40 საკითხი, აქედან 30-ს ჰქონდა სავარაუდო პასუხები, დანარჩენი 10 იყო ამოცანები, 3 და 4-ქულიანები ცოტა რთული იყო. წელიწადნახევარი ვემზადებოდი მათემატიკაში, ვერ ვიტყვი, რომ ჯამში რთული გამოცდა იყო, შესაბამისობაში იყო იმ ყველაფერთან, რა კრიტერიუმებსაც აბიტურიენტი უნდა აკმაყოფილებდეს.
აბიტურიენტი 177-ე სკოლაში არსებული საგამოცდო ცენტრიდან: წილადები იყო, ტრადიციულად. ასევე, კოსინუსები და ტანგესები. საშუალო სირთულის იყო. წინა წლების მასალებისგან განსხვავებული საკითხები იყო, თუმცა კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ რა. უბრალოდ, რაღაცები განსხვავდებოდა, თუმცა არაპროგრამული არ იყო. ილიაში ვაბარებ, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და იმედია ნორმალურ ქულას ავიღებ.
გიორგი 147-ე სკოლაში განთავსებული ცენტრიდან: ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა, 30 კითხვა იყო, ყველა დავწერე და ძირითადად სულ ამოცანები და ამოსახსნელები იყო. მე არ ვემზადებოდი, სკოლაში რა ცოდნაც მივიღე ამით გამოვედი გამოცდაზე და ყველაფერი ნაცნობი იყო, ყველა საკითხი მქონდა გავლილი სკოლაში. სამკუთხედებზე, მარტივ კუთხეებზე, წილადებზეც იყო ამოცანები, ცოტა-ცოტა ყველაფერი იყო. წელს მათემატიკა წამყვანი საგანი რადგან გახდა, მე, მაგალითად უფრო გართულებულს ველოდებოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ინგლისურის გამოცდა დამრჩა და მართლა ბედნიერი ვიქნები ის დღეც რომ დამთავრდება.
აბიტურიენტი 175-ე სკოლაში არსებული საგამოცდო ცენტრიდან: მათემატიკა ისეთი საგანია, რომ თუ კარგად სწავლობ ამ გამოცდით 12 ქულაზე მეტიც უნდა აიღო და 15-ზეც, ამიტომ მინიმალურ ქულას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთქულიანი ამოცანები იყო, უფრო მეტი განტოლებები, ამოცანებს რაც შეეხება, მახსოვს კოსინუსზე იყო და ბოლო ამოცანა ალგებრული იყო ასევე. გეომეტრიიდანაც იყო და პერიმეტრებზე ძირითადად. ვფიქრობ არ იყო რთული გამოცდა და არც არაპროგრამული ყოფილა რამე. უნარებს არ ვაბარებ, არ ამირჩევია ისეთი პროგრამები რომელიც ამ საგანს ითხოვდა.
,,სამედიცინოზე ვაბარებ და ჯამში 6 საგანი გამომდის, იმიტომ რომ მათემატიკის გარდა ქიმია-ბიოლოგიაც არჩეული მაქვს. რაც შეეხება დღევანდელ გამოცდას, ძირითადად ლოგარითმები და პერიმეტრები იყო ამოცანებში. მთლიანად სასკოლო პროგრამა. ზღვარი რომ დაწიეს, რა თქმა უნდა, ეს უფრო ბევრ ბავშვს მისცემს ჩაბარების შანსს, მით უმეტეს ვისაც მათემატიკა რამეს უწყვეტს და მეტს არ აბარებს არჩევით საგანს”.
აბიტურიენტი 177-ე სკოლაში არსებული საგამოცდო ცენტრიდან: “ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ადვილი იყო და მარტივად ამოვხსენი. არაპროგრამული არაფერი იყი, მაგრამ მაინც. წინა წლების ტესტებთან შედარებით გარკვეული განსხვავებები იყო. 4-ქულიანები საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ძალიან ბევრი საკითხი იყო კოსინუსებსა და სინუსებზე. შედარებით მარტივად წილადებს გავართვი თავი. ძალიან დიდი ქულის იმედი არ მაქვს, მაგრამ ბარიერს თავისუფლად გადავლახავ. კარგია, რომ ბარიერი დაწიეს. ნეტავ რაც შეიძლება კიდევ დაწიონ, რომ ყველამ ჩააბაროს და გული არავის დაწყდეს. ”
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება