GE

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა 108 ქვეყნიდან 45-ე ადგილი დაიკავა – მედალოსნების სია

2024 წლის 22 ივლისს გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში, მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა. საქართველოს გუნდმა წელს 45-ე ადგილი დაიკავა და, შარშანდელთან (38-ე ადგილი) შედარებით, გაუარესებული შედეგი აჩვენა.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2024) სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მათემატიკური შეჯიბრია.

წელს 1-ელ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების გუნდია, რომელმაც ბოლო 5 წლის ლიდერს, ჩინეთის გუნდს გადაუსწრო, ჩინეთის გუნდი წელს მე-2 ადგილზეა. მესამე ადგილი კი სამხრეთ კორეის გუნდს ერგო, მეოთხე ადგილზეა ინდოეთის გუნდი. გასული წლებისგან განსხვავებით, მოულოდნელად, მე-5 ადგილზე გავიდნენ ახალგაზრდები ბელორუსიიდან. სომხეთმა 38-ე, ხოლო აზერბაიჯანის გუნდმა 75-ე ადგილი დაიკავა.

გაერთიანებულ სამეფოში გამართულ 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში (IMO 2024), წელს 108 ქვეყნის 609 მოსწავლე მონაწილეობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და დამატებითი ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ირჩევს.

წელს საქართველოს ნაკრების მედალოსნები ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლისა და ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 3 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს:

დავით კლდიაშვილი (199-ე სკოლა) – ოქროს მედალი (30 ქულა);
რატი რატიანი (42-ე სკოლა) – ბრინჯაოს მედალი (21 ქულა);
გიორგი კეკენაძე (199-ე სკოლა) – ბრინჯაოს მედალი (19 ქულა);
მირზა შანიძე (199-ე სკოლა) – ბრინჯაოს მედალი (16 ქულა);
ლუკა წულაია (199-ე სკოლა) – საპატიო სიგელი (15 ქულა).

გუნდის ლიდერი – გიორგი ჭელიძე, თანალიდერი – გივი ნადიბაიძე.

ოლიმპიადის წესების თანახმად, ერთ მონაწილეს მაქსიმუმ 42 ქულის მოპოვება შეუძლია.

ვულოცავთ მონაწილეებს, სკოლებსა და გულშემატკივრებს!

2025 წელს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ავსტრალიაში გაიმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური